საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-346(2კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ი...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ი...-მა“ 2017 წლის 20 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების (საჩივარი №...) ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შპს „ი...-ის“ საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი №...); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №40375 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „ი...-ის“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად, კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 6276 ლარის ოდენობით, ხოლო მათმა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 685264.82 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად, საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 22%-ით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა სასასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გამოყვანისა და დანაკლისის საბაზრო ფასის განსაზღვრისის შედეგად. ამდენად, 2015 წლის 16 დეკემბერს შპს „ი...-ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №..., №... ოქმები და საგადასახადო კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების მიხედვით, გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა საჯარიმო სანქცია, სულ 71664.48 ლარის ოდენობით.
კასატორების მითითებით, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შპს „ი...-მა“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა საჩივარი და 2016 წლის 11 აპრილის №9647 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის №9647 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2015 წლის 1 დეკემბერს შედგენილ №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2016 წლის 21 ივლისის №20955 ბრძანება, რომლის თანახმად, გამოვლინდა დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საბაზრო ღირებულებით 3971 ლარის ოდენობით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი გამოვლინდა, საბაზრო ღირებულებით 680 473.31 ლარის ოდენობით. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმა - 3138 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 1152.50 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ შეადგინა 1985.50 ლარი, ხოლო №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმა - 68526.48 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 479.15 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ შეადგინა 68047.33 ლარი.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2016 წლის 22 ივლისის №070–15 და №070-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. №070-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გამოცემულია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის ნაწილში, გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დარჩა - იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნულს არ დაეთანხმა გადამხდელი და ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა.
კასატორები არ ეთანხმებიან ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ ვერც სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ვერც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საჩივრის განხილვისას საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა შპს „ი...-ის“ საჩივრის განხილვა. კასატორების მითითებით, გადამხდელის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება ვერ განხორციელდა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, გადამხდელის ობიექტში სმფ-ების შეძენა რეალიზაციის სახეობრივი აღრიცხვის არარსებობის გამო. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მონაცემებისა და დაშვებების საფუძველზე, დადგენილ იქნა სააღრიცხვო ნაშთი თანხობრივად და არა სახეობრივად, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის სახეობრივი გაშიფვრა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატების მისადაგება კონკრეტულ სახეობაზე. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ორგანოსათვის მიწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, რაც საფუძვლად დაედო დაკისრებული ჯარიმის კორექტირებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, როგორც აღურიცხველი, ასევე, დანაკლისით გამოწვეული ჯარიმის შემცირებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დადასტურებული შედეგები გათვალისწინებულ იქნა 2016 წლის 22 ივლისის №70-15 და №70-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების გამოცემისას, ამასთან, გადამხდელის მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ უზრუნველყოფდა მონაცემთა შედარების გზით ფასნამატის ოდენობის შემცირებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა 2022 წლის 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე ზეპირი მოსმენით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და იმავე სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს „ი...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მითითებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. დასახელებული ნორმის მიხედვით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს საჩივრის განუხილველად დატოვებისას საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი იყოს. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია, რამდენად შეესაბამება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ივლისის №20955 ბრძანება შემოსავლების სამსახურის №9647 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას და რამდენად სწორად დატოვა შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი განუხილველი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ი...-ის“ მიმართ 2015 წლის 16 დეკემბერს შედგენილი №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ამავე სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 აპრილის №9647 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გამოვლენილი დანაკლისის ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ინვენტარიზაციის მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობის დაზუსტების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის დამატებით წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ), ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განეხორციელებინა საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო ამავე დეპარტამენტს განეხორციელებინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობისას, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმით დარიცხული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის №9647 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა 2015 წლის 16 დეკემბერს შედგენილ №... და №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2016 წლის 21 ივლისის №20955 ბრძანება, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ გადამხდელის დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საბაზრო ღირებულებით 3971 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი გამოვლინდა საბაზრო ღირებულებით 680473.31 ლარის ოდენობით. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად, №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმა - 3138 ლარი დაექვემდებარა შემცირებას 1152.50 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ შეადგინა 1985.50 ლარი, ხოლო №.... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმა - 68526.48 ლარი, დაექვემდებარა შემცირებას 479.15 ლარით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ შეადგინა 68047.33 ლარი. ზემოაღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა 2016 წლის 22 ივლისის №70-15 და №70-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. №70–16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გამოცემულია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის ნაწილში, მომჩივნის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში.
ასევე, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის №9647 ბრძანების დავალების შესაბამისად, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებით წარადგინა დოკუმენტები, მათ შორის, „ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ“ (2015 წლის 1 იანვრიდან 29 ოქტომბრამდე მიღებული და რეალიზებული მატერიალური ფასეულობების ფასნამატის ცხრილი), თუმცა, საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ...ის განყოფილების 2016 წლის 19 ივლისის №... მოხსენებითი ბარათით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ივლისის №20955 ბრძანებით, სადავოდ გამხდარი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №...) დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა მოსარჩელის მიერ, ადმინისტრაციული ორგანოს დავალების შესაბამისად, დამატებით წარდგენილი დოკუმენტის - (,,ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატის შესახებ“ (2015 წლის 1 იანვრიდან 29 ოქტომბრამდე მიღებული და რეალიზებული მატერიალური ფასეულობების ფასნამატის ცხრილის) გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ისე დატოვეს განუხილველად ადმინისტრაციული საჩივარი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევიათ საქმის გარემოებები. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა მოტივით არ იქნა შესწავლილი და მხედველობაში მიღებული გადასახადის გადამხდელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებით წარდგენილი დოკუმენტები და რატომ გამოირიცხა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა. საგადასახადო ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ, თუ რამდენად იყო შესაძლებელი აღნიშნული დოკუმენტების შინაარსს შეეცვალა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და გამოეწვია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დავების განხილვის საბჭომ ყოველგვარი დამატებითი არგუმენტაციის გარეშე გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოებისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრება და მიუთითა, რომ „გადამხდელის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება ფასნამატის კორექტირების მიზნით ვერ განხორციელდებოდა, რადგან გადასახადის გადამხდელის ობიექტში სმფ-ების შეძენა-რეალიზაციის სახეობრივი აღრიცხვის არარსებობის გამო, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მონაცემებისა და დაშვებების საფუძველზე, დადგენილ იქნა სააღრიცხვო ნაშთი თანხობრივად და არა სახეობრივად. შესაბამისად, ვერ მოხდება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის სახეობრივი გაშიფრვა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატების მიყენება კონკრეტულ სახეობაზე“. აღნიშნული მსჯელობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს აქტის დასაბუთებას, ვინაიდან იგი გულისხმობს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტული გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.
საკასაციო პალატა ინვენტარიზაციის შედეგად საშუალო ფასნამატის 22%-ით განსაზღვრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომლის არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), მათ შორის, იმ გარემოების არსებობისას, თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საკასაციო პალატას განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანოს უფლება - გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებულია საგადასახდო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციით/დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა და დასაბუთებული აქტის გამოცემა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევა, შეფასება და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) განხორციელება, საგადასახადო ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, კანონშესაბამისია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35067 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, ასევე მართებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა სწორად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას და შეფასებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე