Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-822(კ-22) 27 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ფ. ა. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ა. ნ-იმ 2019 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის №1000681002 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ. ა. ნ-იმ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებითთ ფ. ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ

საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ფ. ა. ნ-ის წარმომადგენელმა - ო. ს-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლებახოლო. კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით ფ. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს - ფ. ა. ნ-ის დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები). ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს ო. ს-ს(პ/ნ ...) საქმეში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 21 ივლისს ჩაბარდა მას პირადად.

2022 წლის 25 ივლისს ო. ს-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს Nბ-1220-22 განცხადებით მომართა და განმარტა, რომ იგი აღარ ახორციელებს ფ. ა. ნ-ის ინტერესების დაცვას, რადგან მასსა და კასატორს შორის დადებულ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა. ამასთან, მან განმარტა, რომ მისთვის უცნობია კასატორის საცხოვრებელი მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები.

ამის გათვალისწინებით, ხარვეზის დადგენის შესახებ 2022 წლის 18 ივლისის განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივრის ავტორის სასამართლოსათვის ცნობილ ორ მისამართზე, თუმცა კასატორისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც, საკასაციო პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2022 წლის 18 ივლისის განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის შესახებ განჩინების საჯარო გამოქვეყნებით, ფ. ა. ნ-ის ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2022 წლის 10 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 17 ოქტომბერს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა 2022 წლის 25 ოქტომბერს 24 საათზე. დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ფ. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე