საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-867(კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ ს...ი“ (შპს „ მ...“)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განნიების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „მ...ს“ წარმომადგენელმა 2018 წლის 4 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, №..., №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45664 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „მ...ს“ უფლებამონაცვლედ ჩაერთო სს „ს...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ (უფლებამონაცვლე სს „ს...ი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45664 გადაწყვეტილება და მოპასუხეს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევების (№..., №..., №..., №..., №..., №..., №... და №...), სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად, ანაზღაურება დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ა.ო-ე, ს.შ-ი, მ.ხ-ი, ფ.ო-ა, ნ.ბ-ი, ფ.ვ-ი, ა.მ-ა და დ.გ-ი შპს „მ...ში“ 2016 წლის აგვისტოს თვის საანგარიშგებო პერიოდში, კლინიკის მოსაზრებით, მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: ... „არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი“. წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის (სამედიცინო ფინანსური) მიხედვით (განსაზღვრული მტკიცებულებებით), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №ო25/ნ ბრძანების პირობების გათვალისწინებით, წარმოდგენილი შემთხვევები (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში) არ აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
კასატორი დამატებით მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განმარტავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის ტ1 ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. გარდა ამისა, ზემოთ მითითებული №36 დადგენილების მიხედვით, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში იგულისხმება გადაუდებელი (კრიტიკული) და სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენციების ტიპები. იმავე დადგენილების მე-17 მუხლის მიხედვითაც, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №ო25/ნ ბრძანების თანახმად (დანართი №ო2); 1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია არის სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად: ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი; ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი; 2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდეგ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია; 3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია არის ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე); 4. გეგმიური ინტერვენცია იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტების: ა.ო-ის, ს.შ-ის, მ.ხ-ის, ფ.ო-ას, ნ.ბ-ის, ფ.ვ-ის, ა.მ-ას, დ.გ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 9 დეკემბერს მიღებულ იქნა №04/89888 გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო ადმინისტრაციული წესით. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, სადავო სამართალურთიერთობა სასამართლომ განიხილა შპს „მ...ს“ სარჩელის საფუძველზე. საქმეში დაცულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 9 დეკემბრის №04/89888 გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის №2577/02 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ ზოგადი მითითება დიაგნოზის ამბულატორიულად მართვის შესახებ WHOS-ის რეკომენდაციაზე, არ წარმოადგენდა სადავო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს №04/45664 გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ კვლავ უარი ეთქვა 2017 წლის 29 დეკემბრის №2577/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული სწორედ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გ.ხ-სთვის, ა.ო-ისთვის, ს.შ-ისთვის, მ.ხ-ისთვის, ფ.ო-ასთვის, ნ.ბ-ისთვის, ფ.ვ-ისთვის, ა.მ-ასა და დ.გ-ისთვის მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. აღნიშნული პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმისას ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ მოცემული სამედიცინო შემთხვევები, ჩარევა და დაზუსტება შეტყობინების დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში არ იყო, ხოლო ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ გადასცემს ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელს. სადავო შემთხვევაში კი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოებისას გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ პაციენტები მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით - K52.9 - არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სამედიცინო მომსახურების გაწევა ა.ო-ის, ს.შ-ის, მ.ხ-ის, ფ.ო-ას, ნ.ბ-ის, ფ.ვ-ის, ა.მ-ასა და დ.გ-ის მიმართ, მოპასუხის მხრიდან კი არ ყოფილა დასაბუთებული და დადასტურებული შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ყოველ სადავო შემთხვევაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ასახავს პაციენტის მდგომარეობას, მის დიაგნოზსა და საჭირო მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთი გადაწყვეტილებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით კი მოპასუხის მითითებები ბუნდოვანია და არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით - საჭირო კვალიფიკაციის სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ სადავო შემთხვევის შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოტანილი დასკვნებით.
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევები (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში) არ აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე პაციენტთა ასაკზე, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ სტაციონარში მიმართვამდე ისინი ამბულატორიულად იმართებოდნენ და გაუმჯობესების არარსებობის გამო, მიმართეს შპს „მ...ს“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას (რომელიც, თავისი მხრივ, ეფუძნება ექიმ-სპეციალისტთა დასკვნებს) მასზედ, რომ პაციენტებისათვის გადაუდებელ სტაციონირებაზე უარის თქმა, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2021 წლის 21 ოქტომბერს №27985 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე