საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-516(კ-22) 20 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით რ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ვ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებით რ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ.ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც, მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 6 000 ლარს (დავის საგნის ღირებულების (376 325,29 ლარის) 5 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს (ფიზიკური პირისათვის) 6 000 ლარისა). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აგრეთვე არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს). ამავე განჩინებით რ. ვ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.
2022 წლის 23 მაისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ხოლო აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 10 (ათი) დღით.
2022 წლის 3 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება კასატორისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით რ. ვ-ის წარმომადგენლის - ზ. გ-ას განცხადება კასატორისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 6 ივლისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება კასატორისთვის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის საფუძველზე, ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით რ. ვ-ის წარმომადგენლის - ზ. გ-ას განცხადება, კასატორისთვის ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელა 10 (ათი) დღით, რ. ვ-ს დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ამასთანავე, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის დედნის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ ზ. გ-ას, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა ძალაში მყოფი, განუსაზღვრელი ვადით მოქმედი, 2021 წლის 14 სექტემბრის N... მინდობილობით (ტ.7,ს.ფ. 257-258). გზავნილი ზ. გ-ას პირადად ჩაბარდა 2022 წლის 21 ივლისს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 22 ივლისს. დადგენილ 10-დღიან ვადაში კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გოჩა აბუსერიძე