საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-832(2კ-22) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ღ-ი
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ღ-მა 2018 წლის 13 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოპასუხეებად დაასახელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა. მოსარჩელემ აღნიშნული სარჩელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ... ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მ. ღ-ი მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდება დისციპლინური პასუხისმგებლობისგან, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გამო დაკავებული თანხის - 6000 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მ. ღ-ი 2016 წლის 10 ივნისიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგებელმა 2018 წლის 1 ივნისს მოხსენებითი ბარათით მიმართა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, სავარაუდო გადაცდომის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შპს „ფ...ისთვის“, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრებისას მ. ღ-მა დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ თავად გამოასწორა. ამასთან, გადაცდომა გამოიხატა დოკუმენტის შედგენისას ხელშეკრულების მუხლის არასწორად მითითებაში, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ... ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ღ-ის შუამდგომლობა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ... და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანებები; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ღ-ი მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდება დისციპლინური პასუხისმგებლობისგან; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას ასევე დაევალა მ. ღ-ის სასარგებლოდ მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ფარგლებში დაკავებული თანხის - 6000 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი - მ. ღ-ი ამავე გამგეობის 2016 წლის 10 ივნისის №103 ბრძანებით დაინიშნა გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით.
2. 2016 წლის 1 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობასა და შპს „ფ...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები; 2.4 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 351 762.56 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-9 პუნქტით რეგულირდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხები (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები). კერძოდ, 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაეხდა პირგასამტეხლო შემსყიდველისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით; 9.3 პუნქტის მიხედვით, წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომსახურების საბოლოო ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით; 9.4 პუნქტის შესაბამისად კი, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი დაჯარიმების დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ამასთან, მითითებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი ადგენდა, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული ჯარიმის ანაზღაურებამდე შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა ანგარიშსწორებაზე (თანხის ჩათვლაზე). ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება (თანხის ჩათვლა) განხორციელდებოდა მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე ჯარიმის გადახდის შემდეგ; 8.3 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენებოდა ნებისმიერი ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგებოდა „შემსყიდველს“ ან მესამე პირს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო, ასევე 9.4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სრული ოდენობით გადასახდელად.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგებელმა 2018 წლის 1 ივნისს მოხსენებითი ბარათით მიმართა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს და აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის 2016 წლის 16 დეკემბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „ფ...ს“ ეცნობა პირგასამტეხლოს - 15 488.59 ლარის დაკისრების შესახებ. მითითებული სანქცია მის მიერ არ იქნა გადახდილი, რის გამოც გამგეობის მიერ მზადდებოდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენად. აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას, გამოვლინდა ფაქტი, რომ პირგასამტეხლოს თანხის გამოთვლა 2016 წლის 16 დეკემბერს მოხდა არასწორად. კერძოდ, ხელშეკრულების 9.2 პუნქტის ნაცვლად, პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო 9.3 პუნქტის თანახმად, საერთო თანხიდან - 35 176.26 ლარიდან. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნა ბათილად, პირგასამტეხლოს გაანგარიშებისათვის არასწორი სამართლებრივი საფუძვლების მითითების გამო. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შპს „ფ...ს“ და ეთხოვა ეხელმძღვანელა №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოხსენებით ბარათში ასევე მიეთითა, რომ №... და №... წერილები მოამზადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის ...ი განყოფილების უფროსმა მ. ღ-მა. პირველი კორესპონდენციის შემთხვევაში, არასწორად იქნა გამოანგარიშებული პირგასამტელოს თანხის ოდენობა, ხოლო მეორე წერილი მომზადდა 17 თვის გასვლის შემდეგ. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული შეცდომა აღმოაჩინა თავად შემსრულებელმა და მანვე გამოასწორა №... ხელშეკრულების მოქმედების ვადებში, თუმცა დარღვევის სიმძიმიდან (თანხის ოდენობიდან) და დროის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ღ-ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №ბ... ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის - მ. ღ-ის მიმართ. ამავე ბრძანების თანახმად, დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს. აღნიშნული წარმოების შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 ივნისს შედგა დასკვნა, რომლის თანახმად, ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად, სამსახურმა დაადგინა მ. ღ-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და დაუდევარი დამოკიდებულება, რაც გამოიხატა შემდეგში: ა) მ. ღ-ის მიერ შპს „ფ...ის“ მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქცია მნიშვნელოვნად ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციაზე; ბ) მ. ღ-ის მიერ არ მოხდა სათანადო წესით (ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით) ინფორმაციის მიწოდება საფინანსო და საბიუჯეტო განყოფილებისათვის, რათა არ მომხდარიყო შპს „ფ...ის“ მხრიდან საჯარიმო სანქციის გადახდამდე მასთან ანგარიშსწორება, რამაც გამოიწვია ...ის რაიონის გამგეობისათვის ზიანის მიყენება; გ) მ. ღ-ის მიერ არ მოხდა კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი სს „სადაზღვევო კომპანია ა...ის“ 2016 წლის 1 ნოემბრის №... საბანკო გარანტიის გამოყენება დარიცხული საჯარიმო სანქციის უზრუნველსაყოფად, რამაც გამოიწვია ...ის გამგეობისთვის ზიანის მიყენება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობამ 2018 წლის 27 ივლისს მიიღო №ბ... ბრძანება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (...ი განყოფილების უფროსს) - მ. ღ-ს, დისციპლინური გადაცდომისთვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტის დაკავება 6 თვის ვადით. აღნიშნული ბრძანება ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე, 88-ე, 94-ე მუხლებზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 63-ე, მე-80 მუხლებზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებაზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 22 თებერვლიდან „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-20 დადგენილებით) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №12-47 დადგენილებაზე, ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაზე.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ შპს „ფ...მა“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 1 მარტის №... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა არაჯეროვნად, ვადის გადაცილებით, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა დასახელებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შინაარსთან, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი საბანკო გარანტია ნებისმიერი ზიანის ასანაზღაურებლად გამოიყენებოდა, რომელიც მიადგებოდა შემსყიდველს ან მესამე პირს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ. ღ-მა ჩაიდინა მსუბუქი სახის დისციპლინური გადაცდომა და მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ წარმოადგენდა ჩადენილი გადაცდომის პროპორციულ და თანაზომიერ სახდელს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მ. ღ-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობით და დაუდევარი დამოკიდებულებით ...ის რაიონის გამგეობას მიადგა მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა შპს „ფ...ისთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს არასწორ გაანგარიშებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში დაცულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ შეამცირა შპს „ფ...ისთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლო და მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2040 ლარის გადახდა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებში წარმოდგენილ მ. ღ-ის დახასიათებასა და მოხელის შეფასების ფორმას, რომელთა თანახმადაც, იგი ხასიათდებოდა დადებითად და „საუკეთესო“ შეფასებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლომ შეაფასა მ. ღ-ის მიერ განხორციელებული მოქმედებები, გაითვალისწინა დამდგარი ზიანი, რაც უშუალოდ მისი მოქმედებით მიადგა ან, შესაძლოა, მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს, მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომისადმი და ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით და არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც მ. ღ-ი მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდება დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე მათი თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტებმა თავის სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მ. ღ-მა 2022 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას მ. ღ-ის სასარგებლოდ დაევალა მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ფარგლებში დაკავებული თანხის - 6000 ლარის ანაზღაურება, რაც მ. ღ-ის მითითებით, წარმოადგენს მისივე თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ჯამს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, მ. ღ-ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ საკითხს. სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ მ. ღ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არა უკიდურესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის დაკავება 6 თვის ვადით.
კასატორების მითითებით, მართალია, დადგენილია, რომ შპს „ფ...ისთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრებისას, დოკუმენტის მომზადებაზე უფლებამოსილ პირს არ უნდა ეხელმძღვანელა ხელშეკრულების 9.2 პუნქტით, მაგრამ ვინაიდან ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული შეცდომის დაშვებას, გამგეობა მიიჩნევს, რომ ...ი განყოფილების უფროსი, რომელმაც შეადგინა შპს „ფ...ისთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების წერილი, ვალდებული იყო მოეხდინა საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ინფორმირება ხელშეკრულების 7.3. პუნქტის გამოყენების შესაძლებლობაზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 16 დეკემბრის წერილი ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ 2018 წლის 1 ივნისს, მანამდე კი ითვლებოდა ...ი ძალის მქონე დოკუმენტად. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, მითითებული წერილის ბათილად ცნობა, არა თუ ამსუბუქებს, არამედ ამძიმებს მ. ღ-ის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხზე, რომ შპს „ფ...მა“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 1 მარტის №... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა არაჯეროვნად, ვადის გადაცილებით, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო. კასატორების მოსაზრებით, შპს „ფ...ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო უნდა მომხდარიყო მოთხოვნის გარანტიით დაკმაყოფილება, რადგან სწორედ ვადაში სამუშაოს შესრულება წარმოადგენს მხარის ძირითად ვალდებულებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაა საბანკო გარანტია. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, გარანტია გამოიყენებოდა ნებისმიერი ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგებოდა შემსყიდველს ან მესამე პირს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
კასატორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ფ...ისთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა 2040 ლარამდე, წარმოადგენს მ. ღ-ის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგს, ვინაიდან მან ადმინისტრაციული წარმოების მასალები სასამართლოში არასრულად წარადგინა. სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტები, რომლებიც ადასტურებდა შპს „ფ...ის“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების მნიშვნელოვნად დარღვევის ფაქტს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა სააპელაციო წარმოების ეტაპზე და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გაიზარდა 4179.39 ლარამდე. სააპელაციო სასამარლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ...ის გამგეობის მიერ.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ღ-ისთვის დისციპლინური გადაცდომისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერება, დაკისრებული სახდელის ჩადენილ გადაცდომასთან პროპორციულობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მ. ღ-ი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2016 წლის 10 ივნისის №103 ბრძანებით დაინიშნა ამავე გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სამი თვის გამოსაცდელი ვადით.
2016 წლის 1 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობასა და შპს „ფ...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები; 2.4 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 351 762.56 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-9 პუნქტით რეგულირდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხები (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები), კერძოდ: 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში გადაეხდა პირგასამტეხლო შემსყიდველისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით; 9.3 პუნქტის მიხედვით, წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომსახურების საბოლოო ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით; 9.4 პუნქტის შესაბამისად კი, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი დაჯარიმების დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ამასთან, მითითებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი ადგენდა, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული ჯარიმის ანაზღაურებამდე შემსყიდველი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ანგარიშსწორებაზე (თანხის ჩათვლაზე). ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება (თანხის ჩათვლა) განხორციელდებოდა მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე ჯარიმის გადახდის შემდეგ; 8.3 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენებოდა ნებისმიერი ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგებოდა „შემსყიდველს“ ან მესამე პირს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო, გარანტია ასევე გამოიყენებოდა 9.4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სრული ოდენობით გადასახდელად.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „სადაზღვევო კომპანია ა...ის“ მიერ 2016 წლის 1 ნოემბერს გაცემული საბანკო გარანტია №..., რომლის თანახმად, გარანტს წარმოადგენდა სს „სადაზღვევო კომპანია ა...ი“, პრინციპალს - შპს „ფ...ი“, ხოლო ბენეფიციარს - ქალაქ თბილისის ...ის რაიონის გამგეობა. საბანკო გარანტიაში აღინიშნა, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გარანტი იღებდა ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, გადაეხადა ბენეფიციარისთვის თანხა 17 588.15 ლარის ფარგლებში, თუ პრინციპალი არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მითითებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №ბ... ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის ...ი განყოფილების უფროსის - მ. ღ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. ამავე ბრძანების თანახმად, დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა მერიის სისტემაში სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს. აღნიშნული წარმოების შედეგად, 2018 წლის 29 ივნისს იმავე სამსახურის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, სამსახურმა დაადგინა მ. ღ-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და დაუდევარი დამოკიდებულება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. მ. ღ-ის მიერ შპს „ფ...ის“ მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქცია მნიშვნელოვნად ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციაზე; 2. მ. ღ-ის მიერ არ მოხდა სათანადო წესით (ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით) ინფორმაციის მიწოდება საფინანსო და საბიუჯეტო განყოფილებისათვის, რათა არ მომხდარიყო შპს „ფ...ის“ მხრიდან საჯარიმო სანქციის გადახდამდე მასთან ანგარიშსწორება, რამაც გამოიწვია ...ის რაიონის გამგეობისათვის ზიანის მიყენება; 3. მ. ღ-ის მიერ არ მოხდა კონტრაქტორი კომპანიის - სს „სადაზღვევო კომპანია ა...ის“ მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 1 ნოემბრის №... საბანკო გარანტიის გამოყენება დარიცხული საჯარიმო სანქციის უზრუნველსაყოფად, რამაც გამოიწვია ...ის გამგეობისთვის ზიანის მიყენება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 27 ივლისს მიღებულ იქნა №ბ... ბრძანება, რომლის თანახმად, მ. ღ-ს, დისციპლინური გადაცდომისთვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის დაკავება 6 თვის ვადით. სახდელის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული ბრძანება ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. დასახელებული კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულება“. დასახელებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და გადაცდომების პრევენცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური წარმოების განხორციელება, ხოლო მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ადგენს სამსახურის უფლებამოსილებას დისციპლინური წარმოებისას მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა და შეადგინოს შესაბამისი დასკვნა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. საჯარო მოხელის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინურ გადაცდომას; 2. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დარღვევა წარმოადგენდა მსუბუქ თუ მძიმე გადაცდომას; 3. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დამდგარი ზიანი, რაც უშუალოდ მოხელის მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს; 4 მოსარჩელის სუბიექტურ დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომისადმი და ბრალეულობის ხარისხი; 5. ასევე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტირების სამსახურმა დაიწყო დისციპლინური წარმოება. მ. ღ-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 ივნისს მიღებული დასკვნა, რომელშიც მ. ღ-ის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომად მითითებულია მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და დაუდევარი დამოკიდებულება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოიხატა მ. ღ-ის მხრიდან შპს „ფ...ის“ მიმართ დაკისრებული საჯარიმო სანქციის არასწორად განსაზღვრაში. აღნიშნული საჯარიმო სანქცია მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციაზე; მის მიერ ასევე არ განხორციელდა სათანადო წესით (ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით) ინფორმაციის მიწოდება საფინანსო და საბიუჯეტო განყოფილებისათვის, რათა არ მომხდარიყო შპს „ფ...ის“ მხრიდან საჯარიმო სანქციის გადახდამდე მასთან ანგარიშსწორება, რამაც გამოიწვია ...ის რაიონის გამგეობისათვის ზიანის მიყენება; მ. ღ-ის მიერ არ მოხდა კონტრაქტორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი, სს „სადაზღვევო კომპანია ა...ის“ 2016 წლის 1 ნოემბრის №... საბანკო გარანტიის გამოყენება დარიცხული საჯარიმო სანქციის უზრუნველსაყოფად. მითითებულმა გარემოებამ გამოიწვია ...ის გამგეობისთვის ზიანის მიყენება.
საკასაციო სასამართლო, ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის კანონიერების შეფასებისას, მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება, ბ) საყვედური, გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით, დ) სამსახურიდან გათავისუფლება. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია მითითებული კანონის 97-ე მუხლით, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამრიგად, მოსარჩელისთვის თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის დაკავება 6 თვის ვადით, როგორც ერთ-ერთი მძიმე ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოქმედებით მატერიალური ზიანი მიადგა ...ის რაიონის გამგეობას, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოხელის გადაცდომა მსუბუქად მიიჩნიეს და მოსარჩელე საერთოდ გაათავისუფლეს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან. საკასაციო პალატა კი, მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან არც სრულად გათავისუფლებას იზიარებს და არც გამოყენებულ სახდელს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად არაპროპორციულია ჩადენილ გადაცდომასთან. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის/გადაცდომების სიმძიმესთან. ამრიგად, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების ფარგლებში, გამოკვლეული გარემოებები, შესაძლოა, უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნიდეს.
საკასაციო სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მ. ღ-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ... ბრძანება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანება, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს/თანამდებობის პირს წარმოეშვება საკითხის კიდევ უფრო სრულად და დეტალურად შესწავლის ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში ჯეროვნად არ შესრულებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ... ბრძანება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ოქტომბრის №492 ბრძანება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე