საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1027(კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ე...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მესამე პირი - შპს „ს...ა“ (შპს „მ...ის“ უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ე...-მა“ 2018 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ და შპს „ე...-ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ იმავე სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის №1008 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 აპრილის №1008 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა, იმაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული აქტი უკანონო იყო და ზიანს აყენებდა შპს „ე...-ის“ საქმიანობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო შპს „მ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს „ე...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 აპრილის №1008 განკარგულების მოქმედება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ე...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „ე...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მესამე პირის - შპს „მ...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს „ს...ა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...-მა“, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სახელმწიფო დაკვეთები წარმოადგენს. კომპანიას 2011 წლიდან დღემდე მიღებული აქვს 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 534 სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტი. აქედან მხოლოდ ერთი ხელშეკრულება არ არის შესრულებული.
კასატორის მითითებით, კომპანიას ჰყავს 200 თანამშრომელი. მისი შავ სიაში დარეგისტრირებით კი, იგი დაკარგავს მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოს და შემოსავალს, რის გამოც იძულებული გახდება შეამციროს კვალიფიციური თანამშრომლების რაოდენობა.
კასატორის მოსაზრებით, შესყიდვის ჩაშლის შედეგად შპს „მ...ისთვის“ მიყენებული ზიანი სასამართლომ შეაფასა მხოლოდ 2000 ლარით, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს მიყენებული ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტები. ის ფაქტი, რომ შპს „მ...ის“ სამართალმემკვიდრემ მაინც შეისყიდა მანქანა-დანადგარები, ქმნის ეჭვს, რომ საქონლის მიწოდების მომენტისთვის მოხსნილი იყო შესყიდვის საჭიროება, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა მხარემ, ხელშეკრულების მიმწოდებლის ბრალის საფუძვლით მოსაშლელად გამოიყენა. ამრიგად, ზიანი ფაქტობრივად არ დამდგარა და არც მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი არსებობდა. დასახელებულ გარემოებაზე მითითებით კი, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „ე...-ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „მ...მა“ 2017 წლის 14 ივნისს, ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისთვის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე...“. 2017 წლის 3 აგვისტოს შპს „მ...სა“ და შპს „ე...-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ე...-მა“ იკისრა ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიეწოდებინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - 2 ერთეული ხის ძირკვების დამქუცმაცებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (პუნქტი 2.1, პუნქტი 3.1). ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 139 000 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2017 წლის 30 დეკემბერი (პუნქტი 2.4, პუნქტი 15.1). დასახელებული ხელშეკრულების 16.6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (2 ერთეული ხის ძირკვების დამქუცმაცებლის) შესყიდვის სატენდერო განცხადება, სატენდერო დოკუმენტაცია და ამ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნიადაგის დამუშავების სიღრმე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 30 სანტიმეტრისა.
შპს „მ...ის“ დაკვეთით, 2017 წლის 28 დეკემბერს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ...ის“ მიერ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ელექტრონული ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ე...-ის“ მიერ შპს „მ...ისათვის“ მიწოდებული იტალიური კომპანია „A...-ის“ მიერ 2017 წელს წარმოებული, ტრაქტორზე დასაკიდი, ხის ძირკვების დასაქუცმაცებელი მანქანით (მოდელი ..., სერიული N ..., წონით 1200 კგ) ქვა-ღორღიანი ნიადაგის დამუშავების სიღრმე მერყეობდა 22-28 სმ-ის ფარგლებში, ხოლო ყამირ ნიადაგში დამუშავებისას - 20-23 სმ-ის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იტალიური კომპანია ,,A...-ის“ მიერ 2017 წელს წარმოებული ტრაქტორზე დასაკიდი, ხის ძირკვების დასაქუცმაცებელი მანქანა ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნას, რადგან ნიადაგის დამუშავების სიღრმე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 30 სმ.
შპს „მ...მა“ 2018 წლის 8 იანვარს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეტყობინებით მიმართა, რომლითაც აცნობა ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შპს „ე...-ის“ მიერ არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სააგენტომ, თავის მხრივ, შპს „მ...ის“ შეტყობინება გადაუგზავნა შპს „ე...-ს“ და მიუთითა, რომ შპს-სთან დაკავშირებით პოზიცია 5 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. პასუხად, შპს „ე...-ის“ 2018 წლის 11 და 15 იანვრის №346 და №449 წერილებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განემარტა, რომ შპს „ე...-მა“ შპს „მ...ს“ მიაწოდა საქონელი, რომლის მწარმოებელი ფირმა, მოდელი და ტექნიკური პარამეტრები სრულად შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ნიადაგის დამუშავების სიღრმესთან დაკავშირებით საქონლის მიმწოდებელმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მიწოდებული მოდელის საქონელი გათვლილი იყო ნიადაგის 30 სმ-ის დამუშავების სიღრმეზე. საქონლის ტესტირების შედეგად კი გაირკვა, რომ მიწოდებული საქონელი, რიგ შემთხვევებში ვერ აღწევდა 30 სმ-ის სიღრმემდე, ხოლო რიგ შემთხვევებში, აჭარბებდა 30 სმ-ის სიღრმეს, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებული იყო საქონლის ექსპლუატაციის პროცედურებზე.
საბოლოოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 5 აპრილის №1008 განკარგულებით, შპს „ე...“ დარეგისტრირდა შავ სიაში, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა 2017 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქონელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს „ე...-ის“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება წარმოადგენს, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან შეუსაბამობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობებზე“, რომლის მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/ მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამასთან, ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ამასთანავე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შპს „მ...ის“ მიერ წარდგენილი შეტყობინებითა და მასზე დართული დოკუმენტებით დადასტურდა შპს „ე...-ის“ მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების დარღვევა, კერძოდ, შპს „ე...-ის“ მიერ შეძენილი ტრაქტორზე დასაკიდი, ხის ძირკვების დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნას. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ...ის“ 2017 წლის 28 დეკემბერის №09/13 ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ე...-ის“ მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნას - „ნიადაგის დამუშავების სიღრმე არანაკლებ 30 სმ“. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე...-ის“ მიმართ 2017 წლის 12 დეკემბერს გამოყენებული იყო გაფრთხილება, რაც განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავდა იურიდიული პირის მიმართ განმეორებით გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტები აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს და არსებობდა შპს „ე...-ის“ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, რამდენადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ქმნიდა პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ განკარგულების გამოცემის კანონისმიერ საფუძველს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „ე...-“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. შპს „ნ...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 20 ოქტომბერს №1634721936 საგადახდო დავალებით შპს „ე...-ის“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე