საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1101(2კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (თავდაპირველი მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე. კ-მა 2016 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ, მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, განსახილველ საქმეში მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ასევე მოითხოვა „ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 31 იანვრის №54 დადგენილების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 მიმართვისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამასთან, მოპასუხის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალდებულება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადასაგზავნად შეადგინოს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონების ტექნიკური დოკუმენტაცია ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცვლილებას შეიტანს შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მახასიათებლებში და აღნიშნული ქმედების საფუძველზე ე. კ-ი შეძლებს კუთვნილი ფართის საჯარო რეესტრში თავის სახელზე რეგისტრაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 მიმართვა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე შენობის კორექტირებული მონაცემების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენა. ე. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორის - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგინდა ფაქტი, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე 24 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მათ შორის, 16 კვ.მ სამზარეულო და 6 კვ.მ სააბაზანო მოსარჩელის სახელზე თავდაპირველად დარეგისტრირდა ... სარეგისტრაციო ნომრით, რომლის ცვლილების შედეგად, აღნიშნულ უძრავ ქონებას მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. დღეის მდგომარეობით კი, აღნიშნულ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია როგორც სახელწიფოს, ისე 12 ფიზიკური პირისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრების უფლება.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან, 2005 წლის 16 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება ... საკადასტრო კოდით და არა ... საკადასტრო კოდით. ამასთან, სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ... საკადასტრო კოდით, მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში, ხოლო უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ... საკადასტრო კოდით, მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოზე ნათლად ჩანს მანძილი ამ ორ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართებს შორის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2007 წელს ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონება მთლიანად, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელიც დღემდე სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით. ქონებაზე რაიმე სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ განხორციელებულა, არ მომხდარა ფართის კორექტირება და ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, უძრავი ქონება ... საკადასტრო კოდით, ვერ იქნება მოსარჩელის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, კასატორი დასახელებულ გარემოებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაავალოს.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 მიმართვის საფუძველზე, რომლის გამოცემისას სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის დროისათვის არსებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. სამინისტრო აღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით და ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-15 მუხლით. კასატორის მოსაზრებით, დასახელებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების შესაბამისად, გასაჩივრებული მიმართვა ქმნიდა სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით, სხვა დოკუმენტების გარდა, წარდგენილი იყო ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 31 იანვრის №02.12.54 დადგენილებით დამტკიცებული, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 7 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის კორექტირებული გეგმა. ამავე გეგმით დადგენილ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის რაიონში, ...ის ქ. ...-ში განთავსებული ...ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რომლის ფართობი შეადგენს 485 კვ.მ-ს. ამრიგად, აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონისმიერი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, ...32/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლებების რეგისტრაციისა და და შემდეგ მესამე პირისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის კანონიერება, მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მოქმედ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების (შემდგომში – უფლებების) სახელმწიფო რეგისტრაცია ამ უფლებების აღიარებისა და დადასტურების მიზნით.დასახელებული საკანონმდებლო აქტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებით დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს სარეგისტრაციო სამსახურს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს წარმოადგენს ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო, ან ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი საბუთი არის კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასების საგანს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში წარმოადგენს - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. შესაბამისად, სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლში მითითებულია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, მათ შორის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ მონაცემებთან, მათ შორის, ამონაწერებთან, დაადგინოს სარეგისტრაციო ობიექტის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მონაცემების, მით უფრო აღრიცხულის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სადავო ფართზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე მის საფუძველზე საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია ცალსახად მიუთითებდა ... საკადასტრო კოდზე მოსარჩელის საკუთრებას. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სახეზეა რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობა, რაც არ შეესაბამება, როგორც სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე დღეის მდგომარეობით მოქმედეს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების ამ სახით დატოვება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვაზე უფლებამოსილ პირს, შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტულ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებად ვერ ჩაითვლება და არ უნდა აღირიცხოს ისეთი ნივთი, რომელსაც ჰყავს მესაკუთრე ან რომლის მიმართაც სხვა პირს გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი სამართლებრივი პრეტენზია. სწორედ ამიტომ, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მასვე ევალება, გამოიკვლიოს კონკრეტულ ფართზე არა მხოლოდ სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, არამედ - საკუთრების უფლების წარმომშობი საფუძვლის არსებობის საკითხიც, ვინაიდან ნივთზე საკუთრების უფლება თუ დარეგისტრირებული არ არის, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამავე უძრავ ნივთზე პირს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი არ გააჩნია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება. რეგისტრაციის შედეგად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 489.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1 და №2 შენობა-ნაგებობებზე, საერთო ფართით 715.92 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება. საკუთრების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 წერილი და ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 7 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის კორექტირებული გეგმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ...ის სარგებლობაში არსებული უძრავი სახელმწიფო ქონების დასარეგისტრირებლად მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებულ წითელ ხაზებსა და შენობის (ორსართულიანი, საერთო ძირითადი ფართობი 715.92 კვ.მ დამხმარე ფართობი - 65.07 კვ.მ პირველი სართულის საერთო შიდა ფართი კიბის გარდა - 306,19 კვ.მ, მეორე სართულის საერთო შიდა ფართი კიბის გარდა - 295.95 კვ.მ) ტექნიკურ-დოკუმენტაციური გამოკვლევა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №260 ბრძანებულების შესაბამისად. გადაგზავნილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარეობს ...ის შენობა-ნაგებობა - ...ი. ნაგებობის საერთო შიდა ფართობი მოიცავს ძირითად 715.92 კვ.მ და დამხმარე - 65.07 კვ.მ ფართებს, ხოლო შენობა-ნაგებობის საერთო ფართი მოიცავს ძირითად - 3078.46 კვ.მ და დამხმარე - 292.82 კვ.მ ფართებს. შენობა-ნაგებობა არის ორსართულიანი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 1993 წლის 31 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირკვევა, რომ ს. ვ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ...ის რაიონის №67 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი ...ის ქ. ...-ში მდებარე ოროთახიანი ბინა (საცხოვრებელი ფართი - 24 კვ.მ., დამხმარე სათავსოები: სამზარეულო - 16 კვ.მ, სააბაზანო-საპირფარეშო - 6 კვ.მ), რომელიც 2005 წლის 16 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ე. კ-მა. ხელშეკრულებაში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია „№...“, რომელიც საჯარო რეესტრში ე. კ-ის სახელზე დარეგისტრირდა.
საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალები ერთობლიობაში მოიცავს მონაცემებს ...ის ქ. ...-ში/...ის ...-ში მდებარე უძრავი ნივთების შესახებ და მასში განცალკევებულად დაცული არ არის მონაცემები ...ის ქ. ...-ში მდებარე ობიექტის თაობაზე. ამავეს ადასტურებს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში/ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე 24 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 16 კვ.მ სამზარეულო და 6 კვ.მ სააბაზანო-საპირფარეშო ე. კ-ის სახელზე რეგისტრირებულია ჯერ ..., ხოლო შემდგომ ... საკადასტრო კოდით.
საქმეში დაცული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2015 წლის 11 თებერვლის №06-45/150421197 მომართვით ირკვევა, რომ გამგეობის თანამშრომლები გამოცხადებული იყვნენ ადგილზე, ასევე მათ გამოკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა და დაადგინეს, რომ ს. ვ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ე. კ-ს გადაეცა ნოტარიუს ნ. ს...ის მიერ 1993 წლის 31 მარტს დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე და ამჟამად წარმოადგენს მის საკუთრებას, მდებარეობს ... საკადასტრო ერთეულზე, რის გამოც საჯარო სარეგისტრაციო მონაცემები №... და №... საჭიროებდა შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. საქმეში ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა (ტ. I, ს.ფ. 257; 309), რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე უძრავი ქონება არის სამსართულიანი შენობა, თუმცა სადავო მიმართვით აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა.
დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრება რეგისტრირებული იყო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისეთ პირობებში წარადგინა მიმართვა რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოში, რომ არ გაითვალისწინა ამავე მისამართზე უკვე პრივატიზებული ფართის არსებობა. ასევე გათვალისწინებული არ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა ...-ში მდებარე უძრავი ქონების რეალურად არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ შენობა-ნაგებობა ქუჩის მხრიდან არის ორსართულიანი, თუმცა ეზოს მხრიდან ე.წ. სარდაფ-სართულის გათვალისწინებით, წარმოადგენს სამსართულიან ობიექტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა დაევალოს სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში არსებული რეალური ფაქტობრივი მდგომარეობის გამორკვევა და ამ მონაცემების შესაბამისობით კორექტირებული მონაცემების ასახვა. სადავო საკითხის არსებითად სწორად გადაწყვეტისთვის ადგილზე დათვალიერებით, არსებული მტკიცებულებების შესწავლით, დაინტერესებული მხარის მოსმენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობის რეალიზების გზით უნდა დადგინდეს, ფაქტობრივად, რამდენად მდებარეობს მოსარჩელე ე. კ-ის მიერ შეძენილი ფართი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მისამართზე და ხომ არ მოიცავს სახელმწიფოს მიერ უკვე დარეგისტრირებული ფართი იმ პრივატიზებულ ქონებას, რომელიც ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაშია, რამეთუ რეგისტრირებული მონაცემები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ფაქტობრივად არსებულ რეალურ მონაცემებთან და საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები იყოს თანხვედრაში.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა რეგისტრაციამდე შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ მონაცემებთან, მათ შორის, ამონაწერებთან, დაედგინა სარეგისტრაციო ობიექტის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რამეთუ გადამოწმების ვალდებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობოდა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის იყო ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტების არსებობა ცალსახად მიუთითებდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკითხის დამატებით გამოკვლევის საჭიროებაზე, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია.
ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ ორგანოთა პოზიციას მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა განხორციელებული. კერძოდ, სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიმართვის მომზადებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ, რეგისტრაციის განხორციელებისას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, არ გაითვალისწინეს სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. აღნიშნული კი უკავშირდება, ერთი მხრივ, სხვისი საკუთრების უფლების ობიექტზე უსაფუძვლოდ და უკანონოდ ახალი რეგისტრაციის განხორციელების გამორიცხვას, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესების დაცვას, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ პირთა უფლებების უზრუნველყოფის ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავა მართებულად გადაწყდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №15/925 მიმართვა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა, სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, არსებული რეალური ფაქტობრივი მდგომარეობის გამორკვევა და ამ მონაცემების შესაბამისობით კორექტირებული მონაცემების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა, აღნიშნული გარემოების შესაბამისად, არსებობდა ზემოაღნიშნული მიმართვის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს. განსახილველი დავა წარმოადგენს სწორედ არაქონებრივ დავას სადავო აქტების რაოდენობის მიუხედავად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 27 იანვარს №1 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ე. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე