Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1142(კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...ა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განიჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ...ას“ წარმომადგენელმა 2021 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: „დ. ა-ისა და მ. ა. ო-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 აგვისტოს №04-13/3982 გადაწყვეტილების, „თ. კ-ისა და ლ. ნ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №10-08/3 და 2021 წლის 17 მარტის №10-08-427 გადაწყვეტილებების, „ვ. ო-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 13 ივლისის №04-13/3502 გადაწყვეტილების, „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 თებერვლის №10/597, 2021 წლის 26 თებერვლის №10/1595 და 2021 წლის 24 თებერვლის №10/1545 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის: დ. ა-ისთვის, მ. ა. ო-ისთვის, თ. კ-ისთვის, ლ. ნ-ისა და ვ. ო-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 10 აგვისტოს №04-13/3982, 2020 წლის 8 სექტემბრის №10-08/3, 2021 წლის 17 მარტის №10-08/427 და 2020 წლის 13 ივლისის №04-13/3502 გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 თებერვლის №10/597, 2021 წლის 26 თებერვლის №10/1595 და 2021 წლის 24 თებერვლის № 10/1545 გადაწყვეტილებები; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დ. ა-ისთვის, მ. ა. ო-ისთვის, თ. კ-ისთვის, ლ. ნ-ისა და ვ. ო-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, შპს „მ...ა“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთსა და იმავე პაციენტზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ერთდროულად წარმოადგენს ორ, აბსოლუტურად განსხვავებული სახის სამედიცინო მომსახურებას (ამბულატორიულ და სტაციონარულ). ასეთ მანკიერ მიდგომას არ მიმართავს არც ერთი სხვა მიმწოდებელი დაწესებულება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია მსგავსი დავების განხილვის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.

კასატორის მითითებით, დ. ა-ისა და მ. ა. ო-ის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ამ პაციენტების მიმართ ადგილი ჰქონდა ერთ უწყვეტ სამედიცინო შემთხვევას, რაც შპს „მ...ას“ ქმედების შედეგად ხელოვნურად იქნა დაყოფილი ცალ-ცალკე შემთხვევებად. აღნიშნულს ადასტურებს ერთი და იმავე პაციენტების მხრიდან ერთდღიან შუალედში სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისთვის, მათ შორის, იგივე - I დონის ტრავმატოლოგიური დახმარებისთვის.

რაც შეეხება პაციენტ თ. კ-ს, იგი მკურნალობდა შპს „მ...აში“ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2020 წლის მარტის საანგარიშგებო თვეში, დიაგნოზით - S06.9 ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და S01.1 ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა, თავსა და კისერზე კანის გაკერვა, ხოლო პაციენტ - ლ. ნ-ის დიაგნოზი იყო ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და S01.8 თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, თავზე და კისერზე კანის გაკერვა.კასატორს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

ვ. ო-ის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი 2020 წლის 4 თებერვლის 12:55 საათიდან იმავე წლის 9 თებერვლის 12:00 საათამდე მკურნალობდა შპს „მ...აში“. კლინიკის მიერ შემთხვევა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტებით - პროგრამული კოდებით: T9000005, G46.8 - თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, INT1 - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, R40.0 - სომნოლენცია (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით), I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება, დიაგნოზით: S42.2 - მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, S70.0 - მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით). შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევაში მართებულად არ ანაზღაურდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მიწოდებული კოდები.

ამასთანავე, კასატორი არამართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებას, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებითად განუხილველობის გამო მოხდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის შეფასება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: დ. ა-ის, მ. ა. ო-ის, თ. კ-ის, ლ. ნ-ისა და ვ. ო-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. პაციენტ - დ. ა-ისა და მ. ა. ო-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო პაციენტების - თ. კ-ისა და ლ. ნ-ის შემთხვევების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველი გახდა იმავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე არ დაეთანხმა შემთხვევების ნაწილობრივ კორექტირებას, ამიტომ ანაზღაურებაზე უარი ეთქვა სრულად. რაც შეეხება პაციენტ ვ. ო-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებას, მოპასუხემ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი განაცხადა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატის მითითებით, კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ორ შემთხვევაში სახეზე იყო ერთი უწყვეტი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევა, ვინაიდან სხვა ალტერნატიული კლინიკებისადმი მიმართვა ადასტურებდა იმას, რომ შპს „მ...აში“ ჩატარებულმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და საჭირო გახდა რეჰოსპიტალიზაცია, ერთ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური და არა თანმხლები დიაგნოზის კოდი, ხოლო დანარჩენ ორ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით ადგილი არ ჰქონდა გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებას, ვინაიდან I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ ითვალისწინებდა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ პაციენტ დ. ა-ს შპს „მ...აში“ მიყვანისას, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდისა და ბეჭის არეში. მას დაესვა დიაგნოზი - S22.3-/-ნეკნის მოტეხილობა, S42.1-/-ბეჭის მოტეხილობა. შესაბამისად, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, კერძოდ, გაეწია I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება. რაც შეეხება მ. ა. ო-ის სამედიცინო შემთხვევას, მას შპს „მ...აში“ მიყვანისას აღენიშნებოდა ტკივილი მარჯვენა თირკმლის საპროექციო არეში, დაესვა დიაგნოზი - თირკმლის, აბდომინური და ნაღველ-კენჭოვანი კოლიკა, რისთვისაც მიიღო სამედიცინო დახმარება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. ორივე სამედიცინო შემთხვევაში პაციენტთა კლინიკაში დაყოვნება განხორციელდა 24 საათზე ნაკლები დროით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც, თავის მხრივ, არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტების - დ. ა-ის და მ. ა. ო-ის მიმართ სახეზე იყო არაჯეროვანი მომსახურების გაწევა, რამაც გამოიწვია პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც ჩაუტარდათ ან საჭიროებდნენ სტაციონარიზაციას, მით უფრო, როდესაც ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, რაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების, ასევე დიაგნოზისა და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში კი ექიმის მიერ, შესაბამისად, დაწესებულების მხრიდან არასრულყოფილი მომსახურება დადასტურებული არ არის. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტებისა და ექსპერტის დასკვნის არარსებობის პირობებში, არ ქმნიდა მოპასუხის მიერ არაჯეროვანი მომსახურების თაობაზე გაკეთებული დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, რევიზია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პრეროგატივაა, რომელსაც ახორციელებს გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს სჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს შორის მკვეთრადაა გამიჯნული უფლებამოსილებათა ფარგლები. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია, გაწეული სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა თუ მიზანშეუწონლობის მიზეზით უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ პაციენტი ვ. ო-ი კლინიკაში მიყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ინსულტით. პაციენტს არსებული ჩივილებიდან გამომდინარე, ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, კერძოდ, პაციენტს გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დახმარება, დიაგნოზით - G46.8 – თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს და R40.0 - სომნოლენცია, ხოლო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოხდა I დონის ტრავმატოლოგიური დახმარების აღმოჩენა S42.2 - მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობისა და S70.0 - მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობის გამო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივე კომპონენტის - გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება, ვინაიდან ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაეწიოს პაციენტს, როდესაც არ დგება სტაციონარული მომსახურების ჩატარების აუცილებლობა, ხოლო, როდესაც შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პაციენტს ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში.

საკასაციო პალატა აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას, კასატორი კი ვერ ასაბუთებს ერთდროულად ორივე მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის, როგორც აღინიშნა, მითითებულია - მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება ამბულატორიულ დონეზე. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთის საჭიროება მოცემულ შემთხვევაში განაპირობა ცნობიერების დაქვეითებამ, სომნოლენციამ (ძილიანობამ) და სხვა გარემოებებმა. ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას (იხ. სუს 2020 წლის 7 დეკემბრის №ბს-727(2კ-19) განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას მასზედ, რომ, მართალია, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, მაგრამ უდავოა, რომ პაციენტ ვ. ო-ს, სხვადასხვა დიაგნოზებიდან გამომდინარე, დასჭირდა ორივე სახის სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, იგი მოთავსებული იყო სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ ამავდროულად ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი მისთვის საჭირო ამბულატორიული მომსახურებაც.

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დადგენილია, რომ პაციენტი თ. კ-ი მოსარჩელე კლინიკაში მიყვანილ იქნა ახლობლების მიერ მძიმე მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაცემის შედეგად, თავის რკინაზე დარტყმით. პაციენტს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში დაესვა დიაგნოზი - S06. - ინტრაკრანიალური ტრავმა, დაუზუსტებელი, რის გამოც ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, ხოლო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებიდან გამომდინარე დაუმუშავდა მარჯვენა ზემო ქუთუთოს არეში მიყენებული ჭრილობა (დიაგნოზი -S01.1 - ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა). რაც შეეხება პაციენტ ლ. ნ-ს, მას შპს „მ...აში“ მიყვანისას აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი თავის არეში, რაც გამოწვეული იყო ცხენიდან გადმოვარდნით. პაციენტს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ჩაუტარდა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა, დიაგნოზით - S06.9 - ინტრაკრანიალური ტრავმა, ხოლო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებიდან გამომდინარე, დაუმუშავდა, გაიკერა და შეიხვა შუბლის არეში არსებული დაჟეჟილი ჭრილობა (დიაგნოზი - S01.8 - თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა). ასევე დადგენილია, რომ პაციენტი - თ. კ-ი მოსარჩელე კლინიკაში მოთავსებული იყო 25.03.2020 წლის 23:10 საათიდან 26.03.2020 წლის 02:30 საათამდე, რის შემდეგაც, ავადმყოფის მწვავე მიმდინარეობის გათვალისწინებით, გადაყვანილ იქნა ქალაქ თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის გაგრძელების მიზნით, ხოლო პაციენტი ლ. ნ-ი კლინიკაში იმყოფებოდა 05.03.2020 წლის 10:00 საათიდან 05.03.2020 წლის 12:30 საათამდე, შემდგომ კი ასევე მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, კატასტროფის ბრიგადის თანხლებით გადავიდა ქალაქ თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პაციენტების შპს „მ...ას“ კლინიკაში დაყოვნება განხორციელდა 24 საათზე ნაკლები დროით, თუმცა უდავოა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო პაციენტთათვის მკურნალობის გაგრძელების მიზნით სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-6 მუხლი ითვალისწინებს სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას სხვადასხვა ვითარებაში, კერძოდ, კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას - გადაყვანის დღისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას მიიღებს ორივე დაწესებულება. დღის განმავლობაში გაწეული ღირებულების გადაანგარიშება მოხდება დაწესებულებაში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით; ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დონეების ცვლილების ან/და პაციენტის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას - დღის განმავლობაში მომსახურების მიღების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება პროგრამული შემთხვევის ფარგლებში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით; ასევე იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება დაწყებული სამედიცინო მომსახურების დასრულება, ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული ტარიფისა.

დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან პაციენტებს გაეწიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც ამბულატორიული მომსახურების, ასევე სტაციონარული მომსახურების კომპონენტებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებები, რომლებიც უდავოდ ესაჭიროებოდათ, მოპასუხის მიერ არ არსებობდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ებერვლის №36 დადგენილების კონკრეტული ნორმების დარღვევაზე. საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტება ან/და ექსპერტის დასკვნა, რომელიც მოპასუხის მიერ არაჯეროვანი მომსახურების თაობაზე გაკეთებული დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას შექმნიდა. ამრიგად, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მათ საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის: დ. ა-ისთვის, მ. ა. ო-ისათვის, თ. კ-ისთვის, ლ. ნ-ისათვის და ვ. ო-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალების საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2021 წლის 14 დეკემბერს №33807 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე