საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-438(2კ-22) 9 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ 2020 წლის 11 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ეის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. მ-ეის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმური წესით განსახლდა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.
1994 წელს მ. მ-ემ თვითნებურად მიატოვა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო.
2012 წლის 13 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, გორის რაიონის სოფელ ...ში (...ის დასახლება) მდებარე 75.00 კვ.მ ფართის მესაკუთრეს, 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ჯ. ზ-ი.
მ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ბინით უზრუნველყოფის მოთხოვნით.
2016 წლის 14 აპრილის N03-01/03/10952 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები. მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო, ბოლო ეტაპზე განიხილოს ოჯახის დახმარების შესაძლებლობა.
2016 წლის 14 აპრილის N03-01/03/10952 წერილი მ. მ-ემ 2016 წლის 11 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში .
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 6 ივნისის N05-01/06/15189 წერილით მ. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (თუმცა სიტყვიერად მითითებულია, რომ საჩივარი კმაყოფილდება ნაწილობრივ). ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მ. მ-ე და მისი ოჯახი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმური წესით განსახლდნენ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მათ 1994 წელს თვითნებურად მიატოვეს. ამდენად, დეპარტამენტი ვერ განიხილავდა იმ პირთა განცხადებებს, რომლებსაც სახელმწიფო ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
2017 წლის 29 სექტემბერს (სამინისტროში წარდგენილია 2017 წლის 2 ოქტომბერს) მ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, 1989 წელს დროებით გადაცემული ფართი (მდებარე: გორში, სოფელ ...ში, ...ის დასახლებაში) დღეის მდგომარეობით გასხვისებულია და აღრიცხულია ჯ. ზ-ის სახელზე. მ. მ-ემ მოითხოვა განცხადების განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2017 წლის 2 ოქტომბრის N48437/01 განცხადების პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-01/06/2407 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განიხილოს მისი განცხადება, ვინაიდან მასში მითითებული მოთხოვნა სამინისტროში განხილულ იქნა 2016 წელს და შედეგად, 2016 წლის 6 ივნისს გამოცემულ იქნა N05-01/15189 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულ პასუხზე 2017 წლის 17 ოქტომბერს მ. მ-ემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის N05-01/06/25259 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განიხილოს მისი განცხადება, ვინაიდან მასში მითითებული მოთხოვნა სამინისტროში განხილულ იქნა 2016 წელს და შედეგად, 2016 წლის 6 ივნისს გამოცემულ იქნა N05-01/15189 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის N3ბ/861-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-01/06/2407 და 2017 წლის 23 ოქტომბრის N05-01/06/25259 გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განიხილა მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადება, მასში ასახული გარემოების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის თაობაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილებით მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მეორე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მ. მ-ეის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, როგორც დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის ერთხელ უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) მეორე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებას, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით, ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილებით, მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება, მ. მ-ეისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის სხვა პირის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე, არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, როგორც ეკომიგრანტს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი სახელმწიფომ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა საცხოვრებელი სახლით. კერძოდ, სადავო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახი, საცხოვრებელი სახლით ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულად მიიჩნია. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან მ. მ-ეისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი 1994 წელს თვითნებურად იქნა მიტოვებული, არსებული მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ქონების სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი, არსებით გავლენას ვერ იქონიებდა მ. მ-ეის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესულ (საქმე №3ბ/861-18) გადაწყვეტილებზე, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განიხილოს მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის (საქმე Nბს-1262(კ-18)) განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და დაავალა მოპასუხეს მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ მ. მ-ეის მიერ სამინისტროში 2017 წლის 29 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაში, მ. მ-ემ კონკრეტულად მიუთითა, თუ ვისზეა რეგისტრირებული მისთვის გადაცემული ფართი და წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული კი წარმოადგენდა ისეთ ახალ გარემოებას, რაც საკითხის არსებითად განხილვის საფუძველი იყო“.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული გარემოება, რომლითაც მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილად. პალატის განმარტებით, აღნიშნული დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით და მოპასუხეს დაევალა, 2017 წლის 29 სექტემბერს მ. მ-ეის მიერ წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომლითაც ადასტურებდა 1989 წელს მათთვის დროებით გადაცემული ფართის გასხვისებას და ჯ. ზ-ის სახელზე აღრიცხვას) მიეჩნია, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და განმეორებით ემსჯელა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მ. მ-ეის, როგორც ეკომიგრანტის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობის საკითხი. მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზუსტად განსაზღვროს, ექვემდებარება თუ არ განხილვას ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, რომელიც ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილებით გადაეცა მოსარჩელის ოჯახს, სახელმწიფომ სხვა პირზე გაასხვისა. კერძოდ, 1989 წელს მ. მ-ეისა და მისი ოჯახისათვის დროებით გადაცემული ფართი (მდებარე: გორში, სოფელ ...ში, ...ის დასახლებაში), რომელიც მოსარჩელეს საჯარო რეესტრში არ ჰქონდა აღრიცხული საკუთრების უფლებით, სახელმწიფომ განკარგა სხვა პირზე - ჯ. ზ-იზე, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელისთვის მინიჭებული უფლების რეალიზებას და მ. მ-ეისათვის, როგორც ეკომიგრანტისთვის, 1989 წლის 30 მაისის №131/48 გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაცემულ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, მ. მ-ეისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის 1994 წელს თვითნებურად მიტოვების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან საცხოვრებელი ფართის თვითნებურად მიტოვების ფაქტი, მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მ. მ-ე და მისი ოჯახი აღნიშნულ უძრავი ქონებას საცხოვრებლად არ იყენებდა, არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის თვითნებურად მიტოვების შესახებ დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ არ არსებობს მ. მ-ეის დაკმაყოფილებულად მიჩნევის საფუძვლით, მისთვის და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესულ N3ბ/861-18 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ მართალია, მ. მ-ეს უკვე გადაცემული ჰქონდა ქონება გორში, სოფელ ...ში, როგორც ეკომიგრანტს, თუმცა ეს ქონება მას საჯარო რეესტრში არ ჰქონდა აღრიცხული საკუთრების უფლებით და აღნიშნულის სრული უფლება გააჩნდა, რამდენადაც, კანონმდებლობის თანახმად, უფლების დამდგენი დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს წარდგენილი სარეგისტრაციო სამსახურში, საკუთრების უფლების აღრიცხვის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ მ. მ-ეისათვის გადაცემული ქონება განკარგა სხვა პირზე, რაც გამორიცხავს მ. მ-ეის, როგორც ეკომიგრანტის დაკმაყოფილებულად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. ვერ დადასტურდა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტების კანონშესაბამისობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის - მ. მ-ეის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილებებით უკვე დადგენილია, რომ შეუძლებელია, მ. მ-ეის ოჯახი ჩაითვალოს დაკმაყოფილებულ ეკომიგრანტ ოჯახად. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი გარემოებების კვლევა აღარ არის საჭირო. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა ეხელმძღვანელათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. სააგენტოს პირდაპირ უნდა დავალებოდა მ. მ-ეის საცხოვრებლით დაკმაყოფილება. სააგენტო თავს არიდებს ეკომიგრანტი ოჯახის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დაინტერესებულ პირს დაუსრულებლად უწევს მასთან მიმართებაში მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და სადავო აქტით მიიჩნია, რომ მ. მ-ეის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება ახლადაღმოჩენილ გარემოებად. კასატორის განმარტებით, მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამართული სასამართლო პროცესების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმეზე არ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მბოჭავი, აღსრულებადი გადაწყვეტილების გამოტანა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, მ. მ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ დეტალურად შეისწავლა და გამოიკვლია სადავო საკითხი, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის განხილვისას შემოწმდა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის 1989 წელს დაკმაყოფილებას, 1994 წელს მოსარჩელის მიერ მისთვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ადგილის თვითნებურად მიტოვებას და სხვაგან გადასვლას. კასატორი თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილად შეფასებას, რაც გამორიცხავს ამ შეფასების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას. დადგენილია, რომ მ. მ-ეის ოჯახი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად მიჩნევის გამო, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმური წესით, განსახლდა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. ოჯახს იმავდროულად გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა ცხოვრებისათვის ნორმალურ პირობებში არსებულ სამოთახიან ბინას. ამდენად, სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - დააკმაყოფილა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი. იმ პერიოდისათვის არ არსებობდა საკუთრების ცნება. ამიტომ არ მოხდა მოსარჩელის სახელზე ბინის დარეგისტრირება. 1992 წლიდან კი, მოსარჩელეს უკვე თავისუფლად შეეძლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის N107 დადგენილების შესაბამისად. კასატორის განმარტებით, ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 1994 წელს მ. მ-ემ თვითნებურად მიატოვა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. დაახლოებით 1994 წელს, მისი მაზლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ...ში, მის მეზობლად მდებარე მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დასტურდება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის პირველი ივნისის N728-11 წერილით, რომლის თანახმად, მ. მ-ე 1994 წლის 26 იანვარს საცხოვრებლად გადავიდა გორის რაიონის სოფელ ...ში. გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მ. მ-ე, ეკუთვნის ნ. დ-ის. გარდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა, ოჯახს ამავე სოფელში სარგებლობაში აქვს სხვა მიწის ნაკვეთებიც, სადაც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. მოსარჩელისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის 1994 წელს თვითნებურად მიტოვების შემდეგ, აღნიშნული საცხოვრებელი ფართი დაიკავა სხვა ოჯახმა. ამასთან, სოფელ ...ში სხვა ეკომიგრანტი ოჯახებისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები, მათ გადაეცათ საკუთრებაში.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) მეორე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა მ. მ-ეის მოთხოვნა. სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმეორებით დადასტურდა, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. მ-ეის ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი, 1994 წელს მიტოვებულ იქნა თვითნებურად, რომელშიც მოგვიანებით განსახლდა სხვა ოჯახი. აღნიშნული ფაქტი მ. მ-ეის ოჯახისათვის ცნობილი იყო მაშინაც, როცა დევნილთა სამინისტროში განიხილებოდა 2016 წლის 11 მაისის N23463/01 ადმინისტრაციული საჩივარი. მ. მ-ეის ოჯახი 1994 წლიდან დღემდე შეუზღუდავად ცხოვრობს სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ 2016 წელს, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მ. მ-ეის განცხადების განხილვისას, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ისე განმცხადებლისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად მიატოვა 1994 წელს, 2012 წლის 25 აგვისტოს საკუთრებაში დაირეგისტრირა სხვა პირმა. შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო საქმის განხილვისას ვერ ჩათვლიდა მას, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემობას.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სასამართლოს მითითება, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და დადგენის თვალსაზრისით, არ გამომდინარეობს ფაქტობრივი მოცემულობიდან. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალება ვერ გახდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილების საშუალება. სახეზე არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. საქმეზე არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, როლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. მ-ეისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მისი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახის სათანადო სოციალურ უზრუნველყოფას - დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას (განსახლებას).
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით. აღნიშნული „პროცედურის“ მეორე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მითითებული მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ეის ოჯახი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულია. ამ მიზეზით, აღნიშნული ოჯახი, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმური წესით განსახლდა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.
მ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ბინით უზრუნველყოფა. აღნიშნული განცხადების პასუხად, 2016 წლის 14 აპრილის N03-01/03/10952 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები. მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა განაცხადი და მიიღო გადაწყვეტილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო, ბოლო ეტაპზე განიხილოს ოჯახის დახმარების შესაძლებლობა.
2016 წლის 14 აპრილის N03-01/03/10952 წერილზე მ. მ-ემ 2016 წლის 11 მაისს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 6 ივნისის N05-01/06/15189 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი და შესწავლილი მასალების გათვალისწინებით, დადგინდა მ. მ-ეისა და მისი ოჯახის, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულის, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმიური წესით განსახლების ფაქტი გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც მათ 1994 წელს თვითნებურად მიატოვეს. ამდენად, ვერ იქნებოდა განხილული იმ პირთა განცხადებები, რომლებსაც დაზარალების გამო, სახელმწიფო ან დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ადმინისტრაციული საჩივარი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
2017 წლის 29 სექტემბერს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, 1989 წელს დროებით გადაცემული ფართი (მდებარე: გორში, სოფელ ...ში, ...ის დასახლებაში) დღეის მდგომარეობით გასხვისებულია და აღრიცხულია ჯ. ზ-ის სახელზე. მ. მ-ემ მოითხოვა განცხადების განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2017 წლის 2 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-01/06/2407 წერილით მ. მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად განიხილოს მისი განცხადება, ვინაიდან მასში მითითებული მოთხოვნა სამინისტროში განხილულ იქნა 2016 წელს და შედეგად, 2016 წლის 6 ივნისს გამოცემულ იქნა N05-01/15189 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე შინაარსის წერილი გაეგზავნა მ. მ-ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის N05-01/06/25259 წერილით, 2017 წლის 17 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის N3ბ/861-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 ოქტომბრის N05-01/06/2407, 2017 წლის 23 ოქტომბრის N05-01/06/25259 გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოების ახლად აღმოჩენილად მიჩნევის საკითხის დასადგენად. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 10 თებერვალს განხორციელდა მ. მ-ეის ოჯახის მონიტორინგი, გორის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო 2020 წლის 19 თებერვალს სააგენტოში ჩატარდა ზეპირი მოსმენა.
ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებისას დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. მ-ე 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებით ითხოვდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, ახლადაღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით. ასეთ გარემოებად განმცხადებლის მხრიდან მიჩნეული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებდა მისი ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) სხვა პირის საკუთრებაში გადასვლას.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილებით მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მეორე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, მ. მ-ეის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ერთხელ უკვე დაკმაყოფილების გამო.
ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნით, წარმოების ფარგლებში განმეორებით დადასტურდა, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. მ-ეის ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი 1994 წელს მიტოვებულ იქნა თვითნებურად და ფართში მოგვიანებით განსახლდა სხვა ოჯახი. აღნიშნული ფაქტი მ. მ-ეის ოჯახისათვის ცნობილი იყო მაშინაც, როდესაც სამინისტროში განიხილებოდა მათი 2016 წლის 11 მაისის N23463/01 ადმინისტრაციული საჩივარი (შესაბამისი გარემოება დადასტურებულია ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის ამსახველი ზეპირი მოსმენის ოქმით). 1994 წლიდან დღემდე, მ. მ-ეის ცხრასულიანი ოჯახი შეუზღუდავად ცხოვრობს სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
სააგენტოს მოსაზრებით, 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული ფაქტი, სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი ფართის სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან 2016 წლის 11 მაისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მ. მ-ეისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის უკვე ცნობილი იყო სახლის თვითნებურად მიტოვებისა და მისი სხვის მფლობელობაში არსებობის ფაქტი. ამ სახლის სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი არსებით გავლენას ვერ მოახდენდა მ. მ-ეის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხზე, რამდენადაც, სამინისტროს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის ერთხელ უკვე დაკმაყოფილებას.
საქმეზე წარმოდგენილი 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, საპრივატიზებო საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ჯ. ზ-ის გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...).
2012 წლის 14 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ გორის რაიონის სოფელ ...ში (...ის დასახლება) მდებარე 75.00 კვ.მ ფართის მესაკუთრეს, 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ჯ. ზ-ი (ს/კ ...).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის N3ბ/861-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით დაევალა მ. მ-ეის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, თუმცა ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, მოპასუხემ ჩათვალა, რომ მ. მ-ეის 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადებაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს. შესაბამისად, მ. მ-ეის ოჯახს კვლავ უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით ერთხელ უკვე დაკმაყოფილების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაშვებულია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, თუ რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილს ან გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ეის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენით ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა რეალური შესაძლებლობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, არსებითად ემსჯელა დაინტერესებული პირის განცხადებაზე და მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის შედეგად, მიეღო ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ეის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირების მიზანს ემსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“. აღნიშნული „პროცედურა“, პირთა განსაკუთრებულ წრესთან მიმართებაში ადგენს სოციალური დაცვის გარანტიებს და დეტალურად განსაზღვრავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსახორციელებელ ქმედებათა ერთობლიობას, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ამასთანავე, „პროცედურა“ იმ შემთხვევაში გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადების განხილვის შესაძლებლობას, როდესაც შესაბამისი ოჯახები, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით („პროცედურის“ მეორე მუხლის მე-12 პუნქტი).
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული „პროცედურით“ განსაზღვრულ სუბიექტთა განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმების ქმედითობა, მათი სისრულეში მოყვანა უნდა პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებს. უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო კვლევის შედეგად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ წარსულში გამოცემული აქტის საფუძველზე, მოსარჩელე უკვე უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, წინააღმდეგობაში მოდის რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება, რომელიც ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 მაისის N131/48 გადაწყვეტილებით გადაეცა მოსარჩელის ოჯახს, სახელმწიფომ სხვა პირზე გაასხვისა. კერძოდ, 1989 წელს მ. მ-ეისა და მისი ოჯახისათვის დროებით გადაცემული ფართი (მდებარე: გორში, სოფელ ...ში, ...ის დასახლებაში), რომელიც მოსარჩელეს საჯარო რეესტრში არ ჰქონდა აღრიცხული საკუთრების უფლებით, 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...), საპრივატიზებო საფასურის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა ჯ. ზ-ის. 2012 წლის 14 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ გორის რაიონის სოფელ ...ში (...ის დასახლება) მდებარე 75.00 კვ.მ ფართის მესაკუთრეს, 2012 წლის 13 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ჯ. ზ-ი (ს/კ ...). სწორედ აღნიშნული ამონაწერი წარადგინა მ. მ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში 2017 წლის 29 სექტემბერს, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 1989 წელს მისი ოჯახისათვის დროებით გადაცემული ფართი, დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საგანს.
ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, ფაქტი უცვლელია - მოსარჩელე არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოსაგან, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სუბიექტი. სახელმწიფომ თავადვე გაასხვისა საცხოვრებელი, რომლის წარსულში მოსარჩელისათვის გადაცემასაც თვლის მისი ოჯახის უზრუნველყოფად. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოსაგან სოციალურად უზრუნველყოფილად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის კანონიერებას არ ადასტურებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. სათანადო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. მ-ეის ოჯახმა 1994 წელს თვითნებურად მიატოვა ზემოაღნიშნული ფართი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა მოსარჩელის მხრიდან პირველად დაფიქსირდა 2017 წლის 29 სექტემბერს, მხოლოდ ზეპირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი ფართის გასხვისების ფაქტი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ბევრად ადრე (სადავო საკითხის 2016 წელს გადაწყვეტის დროს), მოკლებულია საფუძველს. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ არსებობს მ. მ-ეის, როგორც ეკომიგრანტის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. ამასთანავე, „..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუს 19.10.2017წ. Nბს-329-327(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს: სახეზეა თუ არა შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. ამასთან, „..გარდა იმისა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის..“(სუს 2020 წლის 17 სექტემბრის Nბს-1198(კ-19) განჩინება) .
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დავის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო წესით სრულად შესაძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 თებერვლის N03/3280 გადაწყვეტილება;
6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. მ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე