საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-657(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 23 ივნისს ლ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-966/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ. ს-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-966/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-12, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა“ და 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) ადგენდა კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილი იყო შეფასების შესაბამისი ქულა. N6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო „დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე“. ამავე შინაარსისაა სადავო ბრძანების გამოცემის დროს უკვე ამოქმედებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი N7) „დ“ ქვეპუნქტი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. ს-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ოჯახს არც საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი - ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით. ამდენად, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახი სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. ამდენად, დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სხვის საკუთრებაში ქირით ცხოვრება და აღნიშნული, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის დევნილი ოჯახის უფლებას, სწორედ მოცემულ ეტაპზე განსახლდეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, კრიტერიუმების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრიდან 2016 წლის პირველი სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირ N...-ში, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო გ. ს-ას საკუთრებად, ხოლო 2016 წლის 27 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, 2016 წლის 23 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ლ. ც-ის საკუთრებად. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, ოჯახთან ერთად, ქირით ცხოვრობს 2012 წლიდან. უძრავი ქონება სახელმწიფოს შეტანილი ჰქონდა საპრივატიზაციო ნუსხაში და მოსარჩელემ იგი შეიძინა. მოგვიანებით, მოუწია აღნიშნული ბინის გასხვისება იმ პირზე, ვისი ვალიც ჰქონდა. ამჟამად, ახალი მესაკუთრის კეთილი ნებით, ცხოვრობს აღნიშნულ ფართში და იხდის ქირას. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ლ. ც-ისა და ლ. ს-ას შორის 2021 წლის 25 ივნისს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ქირავნობის საგნად განისაზღვრა თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონება. ქირა შეადგენს ყოველთვიურად 400 ლარს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება უძრავი ქონება. მოსარჩელე ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობს სხვის საცხოვრებელ ბინაში, ქირით. შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. მოპასუხემ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 ოქმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 4.5 ქულა, ხოლო ოროთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით მკაფიოდ განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რაც დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული „წესიდან“ გამომდინარე, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ს-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 8 ქულა, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკამაყოფილებაზე, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. საქმის მასალებით დგინდება, რომ სახლი, რომელშიც დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 1999 წლიდან იყო მოსარჩელის მეუღლის - გ. ს-ას საკუთრება, რაც 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრებულების საფუძველზე, გასხვისდა ლ. ც-იზე. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა თბილისში, ...ის მე-... მიკრო რაიონში, მე-15 კორპუსში მდებარე ბინა N70, რომელიც მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2000 წელს და 2010 წელს, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა ე. ჯ-აზე.
კასატორის განმარტებით, სააგენტო, როგორც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუსუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. ამასთან, მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ს-ას ოჯახს განსახლებაზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებლის პირობებში, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს მონიტორინგის მისამართზე მდებარე ბინით. უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მეუღლის საკუთრებას და გასხვისდა 2016 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა მოსარჩელე დღემდე მითითებულ სახლში აგრძელებს შეუზღუდავად ცხოვრებას. ამდენად, მოცემულ საქმეზე არ იკვეთება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს სადავო ბრძანება კანონიერი და დასაბუთებულია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით (საგულისხმოა, რომ ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას).
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
ლ. ს-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. განაცხადის დამუშავების შედეგად, მან მოიპოვა 8 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ლ. ს-ა - 2 ქულა, გ. ს-ა -2 ქულა; ომის ვეტერანი (გ. ს-ა) – 1,5 ქულა).
2020 წლის 11 დეკემბრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ლ. ს-ა 2012 წლიდან ოჯახით ცხოვრობს თბილისში, ...ის გამზირ N...-ში, ქირით (კერძო სახლი, 63 კვ.მ, ერთსართულიანი). ლ. ს-ას განმარტებით, აღნიშნული სახლი თავდაპირველად იყო მიტოვებული „ლიფტების შენობა“. ოჯახმა საკუთარი სახსრებით მიამატა შენობა და გაარემონტა. ქონება სახელმწიფომ შეიტანა საპრივატიზაციო ნუსხაში და მოსარჩელემ იგი შეიძინა. მოგვიანებით მოუწია ბინის გასხვისება იმ პირზე, ვისი ვალიც ჰქონდა. ახალი მესაკუთრის კეთილი ნებით, იგი ამჟამად ცხოვრობს აღნიშნულ ფართში და იხდის ქირას.
საჯარო რეესტრიდან 2016 წლის პირველი სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირ N...-ში, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო გ. ს-ას საკუთრებად, ხოლო 2016 წლის 27 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, 2016 წლის 23 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ლ. ც-ის საკუთრებად.
ლ. ც-ისა და ლ. ს-ას შორის 2021 წლის 25 ივნისს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ქირავნობის საგნად განისაზღვრა თბილისში, ...ის გამზირ N...-ში მდებარე უძრავი ქონება. ქირა შეადგენს ყოველთვიურად 400 ლარს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 ოქმით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, ლ. ს-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-966/ო სადავო ბრძანების გამოცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ს-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამასთანავე, ოჯახის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი (საჯარო რეესტრიდან 2016 წლის პირველი სექტემბრის ამონაწერის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირ N...-ში, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო გ. ს-ას საკუთრებად, ხოლო 2016 წლის 27 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, 2016 წლის 23 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ლ. ც-ის საკუთრებად). ამ პირობებში, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით, რაც წარმოადგენს კონკრეტული ქულით შეფასების საფუძველს, ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირით და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით.." (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო 2021 წლის 20 აპრილის N03-966/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ლ. ს-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე