საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-780(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ზ., დ., ა. კ-აები, ლ. ჩ-ა, მ. კ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 27 ოქტომბერს ზ. კ-ამ, დ. კ-ამ, ლ. ჩ-ამ, მ. კ-ამ და ა. კ-აამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს N03-912/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას, დ. კ-ას, ლ. ჩ-ას, მ. კ-ას და ა. კ-აას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს N03-912/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ. კ-ას, დ. კ-ას, ლ. ჩ-ას, მ. კ-ას და ა. კ-აას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე, მე-6 მუხლებზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არა აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც უკავშირდება მოსარჩელისა და მისი ოჯახის 1995 წლიდან მონიტორინგის მისამართზე ცხოვრებას და ამ მიზეზით, გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამორიცხვას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ქულების განსაზღვრის გზით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 9.5 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ამასთანავე, ქირით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავდა მოსარჩელეთა უფლებას, განსახლებულიყვნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საკითხის განხილვის ეტაპზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს წარდგენილი იყო 560 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3 და მეტი ქულა. კომისიის 2020 წლის 21 ივლისის N36 ოქმით დასტურდება, რომ 3 ქულა საკმარისი იყო განსახლების საკითხის განხილვისათვის, თუმცა საკმარისი ბინების არარსებობის გამო, ყველა განაცხადი ვერ დაკმაყოფილდებოდა, მიუხედავად საჭირო ქულების არსებობისა. ამ პირობებში, სააგენტომ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა დაკმაყოფილების საკითხიც იყო პრიორიტეტული. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა დააგროვეს 9.5 ქულა, 1995 წლიდან დღემდე თბილისში, ...ში, ...ის გამზირ N...-ში ცხოვრების გამო, მათი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა ქირავნობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. სააგენტოს სადავო აქტის გამოცემას აღნიშნული დოკუმენტი არ დადებია საფუძვლად. ამასთანავე, სასამართლო პროცესზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ჯ. კ-ეისათვის ქირის გადახდა, შესაბამისი ფორმით და ოდენობით. ბინის ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის სექტემბერში, რაც უცნაური და საეჭვოა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო იმ გარემოების დადგენისას, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაუდებელი განსახლება ესაჭიროება. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია (მხარე 1995 წლიდან მითითებულ ბინაში ცხოვრობს, დღემდე შეუზღუდავად ფლობს ბინას და ქირის თანხის გადახდის ფაქტსაც ვერ ადასტურებს) სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ამ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველად განაცხადი გააკეთა 2013 წლის 18 სექტემბერს.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების შედეგად, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე, წინასწარი შეფასებით ზ. კ-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 11,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში - 1,5 ქულა; შშმ პირები: ლ. ჩ-ა - 2 ქულა, ზ. კ-ა - 2 ქულა; ომის ვეტერანი (ზ. კ-ა) - 1,5 ქულა; ომში დაღუპული წევრი (გი. კ-ა) - 1,5 ქულა; ომში დაღუპული წევრი (გ. კ-ა) - 1,5 ქულა; ომში დაღუპული წევრი (კ. კ-ა) - 1,5 ქულა).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის N36 საოქმო გადაწყვეტილებით ზ. კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, 1995 წლიდან მონიტორინგის მისამართზე მდებარე ბინაში ცხოვრების გამო, საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 7 აგვისტოს გამოსცა N03-912/ო ბრძანება, ზ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 2 ივნისს შედგენილ იქნა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, ზ. კ-ას ოჯახი 15 წელია ქირით ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის გამზირ N...-ში მდებარე N27 ბინაში. ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: ზ. კ-ა, მისი მეუღლე - ლ. ჩ-ა, შვილი - დ. კ-ა, რძალი - მ. კ-ა, შვილიშვილი - ა. კ-აა. ამასთანავე, 2020 წლის 14 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, გასაუბრება შედგა თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე კორპუსის თავმჯდომარესთან - ვ. მ-ითან. მისი განმარტებით, 1995 წლიდან, ზ. კ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამავე კორპუსის 27-ე ბინაში. კორპუსის წინ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ზ. კ-ამ ააშენა ავტოფარეხი, რომელიც საჯარო რეესტრში ირიცხებოდა დ. კ-ას სახელზე. ვ. მ-იის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ზ. კ-ას მიერ დაქირავებული ბინის მეპატრონე მ. მ-ია. მ. მ-ის ოჯახის წევრია მ. ბ-ე, რომელზეც ფიქსირდებოდა მონიტორინგის მისამართი (27-ე ბინა), თუმცა, საჯარო რეესტრიდან 2020 წლის პირველი ივლისის ამონაწერით დგინდება, რომ ზ. კ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეს წარმოადგენს ჯ. კ-ე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ზ. კ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
საქმეში არსებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ თბილისში, ...ის გამზირ N...-ში მდებარე N18 ავტოფარეხის მესაკუთრედ რეგისტრირებულია დ. კ-ა (ს/კ N...), ხოლო ამავე მისამართზე მდებარე ბინა N27 (ს/კ ...), უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ჯ. კ-ეის საკუთრებად.
2020 წლის 4 სექტემბრის ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ გამქირავებელმა ჯ. კ-ემ დამქირავებელ ზ. კ-ას დროებით სარგებლობაში გადასცა ქირავნობის საგანი - თბილისში, ...ის გამზირ N...-ში მდებარე ბინა N27 (ს/კ ...). ქირავნობის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 11 თვით, ხოლო ყოველთვიური ქირის ოდენობად მითითებულ იქნა 600 ლარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) სხვის საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ვინაიდან ზ. კ-ას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არა აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, არ უნდა იქნეს გაზიარებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც უკავშირდება მოსარჩელისა და მისი ოჯახის 1995 წლიდან მონიტორინგის მისამართზე ცხოვრებას და ამ მიზეზით, გადაუდებელი განსახლების საჭიროების გამორიცხვას.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით.." (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელეები როგორც დევნილი პირები, ფაქტობრივად უზრუნველყოფილნი არიან ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს N03-912/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე