საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1032(2კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
კასატორი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - გ. კ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - გ. კ-ეის მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის, მხარეთა შორის 2018 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 16450 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის 2018 წლის 27 ივნისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 5240 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 (საერთო ფართით 554.3 კვ.მ), №2 (112.2 კვ.მ.), №3 (149.8 კვ.მ) და №4 (ავზი) შენობა-ნაგებობები (ს/კ №...). ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით, სხვა ვალდებულებებთან ერთად, განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 70 000 ლარის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მყიდველის მიერ შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვინაიდან მყიდველმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის №4/50459 წერილით მას დაეკისრა პირგასამტეხლო და მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. აღნიშნული წერილის პასუხად, მყიდველმა მოითხოვა საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის დამატებით 6 თვის ვადა, რაზეც სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით მყიდველს საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა, არა უგვიანეს 2018 წლის 6 ნოემბრისა, თუმცა დამატებით ვადაშიც მყიდველმა არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 26 თებერვლის №1/1-462 ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება.
გ. კ-ემ 2019 წლის 31 მაისს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედების (რომლითაც 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ამავე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 26 თებერვლის №1/1-462 ბრძანების (რომლითაც 2018 წლის 27 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყდა) ბათილად ცნობა, ამ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმება მოითხოვა, ასევე მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება - ემსჯელა დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
შეგებებული სარჩელის მიხედვით, გ. კ-ემ 2018 წლის 1 ოქტომბერს სააგენტოს გაუგზავნა შეთავაზება ვალდებულების შესრულების ვადის 6 თვით გაგრძელების თაობაზე, თუმცა სააგენტომ 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილის თანახმად, განუსაზღვრა დამატებითი ვადა მხოლოდ 2018 წლის 6 ნოემბრამდე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული დრო არ წარმოადგენდა გონივრულ ვადას მაშინ, როცა მას მოთხოვნილი ჰქონდა 6 თვის ვადით დროის გაგრძელება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 30 ოქტომბერს კვლავ განცხადებით მიმართა სააგენტოს და ითხოვა 3 თვით ვადის გაგრძელება, რაზეც მოპასუხემ საერთოდ არ იმსჯელა და არ შეატყობინა ვადის ამოწურვამდე ვადის გაგრძელების თაობაზე, რის გამოც მას შეექმნა ნდობა და მოლოდინი იმისა, რომ ვადას გაუგრძელებდნენ. მოსარჩელემ ნაცვლად ვადის გაგრძელებისა, სააგენტოს 2018 წლის 25 დეკემბრის წერილით შეიტყო, რომ სააგენტომ მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და არ დაადგინა დამატებითი ვადა, ხოლო თავად ბრძანება, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხემ გამოსცა 2019 წლის 26 თებერვალს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს დაარიცხეს პირგასამტეხლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. კ-ეს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა; გ. კ-ეის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და გ. კ-ემ.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. კასატორი მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებსა და ამ პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განსაზღვრაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით. დასახელებული ნორმის თანახმად, განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ კი გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, თუმცა გასაჩივრებული განჩინებიდან არ დგინდება, რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
კასატორი გ. კ-ე კვლავ მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის მოთხოვნილი ვადის სააგენტოს მიერ არაგონივრულად განსაზღვრაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, თუმცა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის ზუსტი თარიღი, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა, რომ ვადა გაგრძელებული იყო მხოლოდ 2018 წლის 6 ნოემბრამდე, ამრიგად, ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა მიჩნეულიყო ამ თარიღამდე და პირგასამტეხლოც 6 ნოემბრამდე უნდა შემცირებულიყო. შესაბამისად, ამ დროში - 2018 წლის 6 ნოემბრიდან - 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, პირგასამტეხლოს დარიცხვა უკანონოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ეის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების მყიდველის მიერ შეუსრულებლობის გამო. ამასთანავე შესაფასებელია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის 2018 წლის 27 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 5240 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 (საერთო ფართით 554.3 კვ.მ.), №2 (112.2 კვ.მ.), №3 (149.8 კვ.მ.) და №4 (ავზი) შენობა-ნაგებობები (ს/კ №...). ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით, სხვა ვალდებულებებთან ერთად, განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 70 000 ლარის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა გადახდილიყო, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მყიდველის მიერ შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 6.6 მუხლის თანახმად კი, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება 2018 წლის 29 ივნისს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. კ-ეის სახელზე.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ გ. კ-ეს 2018 წლის 27 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. ამის შემდეგ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის №4/50459 წერილით მყიდველს ეცნობა, რომ მის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და მიეთითა ხელშეკრულების 6.1 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, მოპასუხეს ეცნობა, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 4227,7 ლარს, რომელიც იყო ზრდადი ყოველდღიურად გადასახდელი საპრივატიზებო თანხის 0,1%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს ეთხოვა წერილის/შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გადაეხადა გადაუხდელი საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე, ხოლო პირგასამტეხლო (გადახდის დღეს არსებული მდგომარეობით) - ამ წერილში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. გ. კ-ემ, თავის მხრივ, 2018 წლის 1 ოქტომბერს წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნა, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ შეექმნა ფინანსური პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც მიმდინარეობდა, რის გამოც ითხოვა თანხის გადახდის ვადა გაგრძელებულიყო 6 თვემდე ვადით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის 2018 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, სააგენტო განუსაზღვრავდა დამატებით ვადას - არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. შესაბამისად, გ. კ-ეს დაევალა მითითებულ თარიღამდე გადაეხადა ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხა და ეცნობა, რომ დამატებითი ვადა არ აჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას და ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2018 წლის 30 ოქტომბერს გ. კ-ემ კვლავ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლის თანახმად, ითხოვა თანხის გადახდის ვადა გაგრძელებულიყო 3 თვით. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 დეკემბრის №4/70382 წერილით გ. კ-ეს ეცნობა, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან (2018 წლის 22 მაისი) 45 კალენდარული დღის ვადაში (არაუგვიანეს 2018 წლის 6 ივლისისა), რაც მყიდველის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა - არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ასევე, არც სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით განსაზღვრულ დამატებით (გონივრულ) ვადაში, საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ,გამოეყენებინა ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება. ამასთან ეცნობა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო სახელმწიფო ქონების შემძენს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 26 თებერვლის №1/1-462 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა გ. კ-ესთან 2018 წლის 27 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. იმავე ბრძანების საფუძველზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონება (მდებარე: ხაშურის რაიონი, ...ი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5240.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართი - 554.3 კვ.მ, №2-112.2 კვ.მ, №3-149.8 კვ.მ და №4-ავზი) 2019 წლის 5 მარტს საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონება, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განკარგვის ერთ-ერთ სახეს კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება წარმოადგენს. ამავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს. აღნიშნული „წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განისაზღვრა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულება - შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დასახელებული „წესის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად, იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-ეს არ შეუსრულებია მასსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2018 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მას არ გადაუხდია საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის გ. კ-ეს განესაზღვრა დამატებითი ვადა -2018 წლის არაუგვიანეს 6 ნოემბერისა, თუმცა მის მიერ არ მომხდარა საპრივატიზებო საფასურის გადახდა დამატებით (გონივრულ) ვადაშიც. ხელშეკრულების 6.6 მუხლის თანახმად კი, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ხოლო ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2018 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.6 მუხლისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 დეკემბრის №4/70382 წერილის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 26 თებერვლის №1/1-462 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის 2018 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებას, განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიან დაკისრებული თანხის ოდენობას, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დღიდან 2018 წლის 7 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით (სულ 235 დღე), რაც შეადგენს 16450 ლარს (235x70=16450), კასატორი გ. კ-ე კი მიიჩნევს, რომ დამატებითი დროის პერიოდში პირგასამტეხლოს დარიცხვა არის უსაფუძვლო, ვინაიდან ამ დროის მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მოთხოვნის უფლება ჩერდება, შესაბამისად, პირგსამტეხლოს დარიცხვაც შეჩერებული იყო, რის გამოც 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პირგასამტეხლო დარიცხვას არ ექვემდებარებოდა. საკასაციო პალატა დასახელებულ არგუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით გ. კ-ეს განემარტა, რომ დამატებითი ვადა არ აჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას და ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2018 წლის 27 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ. კ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, გ. კ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 16450 ლარი შეუსაბამოდ მაღალ და არაგონივრულად, რის გამოც მიზანშეწონილად ჩათვალეს მისი შემცირება 5 000 ლარამდე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლითაც მის მიერ დამატებით შეფასდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედების კანონიერება, რომლითაც 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე გააგრძელეს ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ვალდებულების გამოსწორება. კრედიტორი „შებოჭილია“ დამატებითი ვადის გამოყენების ვალდებულებით, მისი თავისუფლება მხოლოდ ამ ვადის სიდიდის განსაზღვრაში შეიძლება მდგომარეობდეს, თუკი კანონით იგი არაა განსაზღვრული. მართალია, გ. კ-ემ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ფინანსური პრობლემების გამო ითხოვა თანხის გადახდის ვადა გაგრძელებულიყო 6 თვემდე ვადით, თუმცა ამავე სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №4/55755 წერილით გ. კ-ეს ეცნობა დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე მხოლოდ არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. განსახილველ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, დამატებითი ვადის სახით 28 დღის განსაზღვრა არაგონივრულად ვერ იქნება მიჩნეული. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში გ. კ-ეის შეგებებული სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება გ. კ-ეის მოთხოვნას ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 26 თებერვლის №1/1-462 ბრძანების უკანონოდ ცნობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 6.6 მუხლზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები, ხოლო ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(უფლებები) უქმდება. ამდენად, არსებობდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის წინაპირობა. დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები კანონიერად, რის გამოც და არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გ. კ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება;
3. ზ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. კ-ეის (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 14 ივლისს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე