საქმე #ბს-451(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 2 მარტს სს „მ...მა“ და სს „მე...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, შპს „კ...“ წარმოადგენს სს „მ...ს“ მომწოდებელს, რომლისგანაც რეგულარული სიხშირით ხორციელდება სხვადასხვა საქონლის, მოძრავი ნივთების - ავეჯის, სხვადასხვა ინვენტარისა და გენერატორების შესყიდვა, რომლის მიწოდება შემდგომ სს „მ...ს“ მიერ ხორციელდება სს „მე...ზე“. მოსარჩელეებმა 2016 წლის ზაფხულში დამოუკიდებელი მესამე პირისგან - შპს „კ...საგან“ შეიძინეს მოძრავი ქონება. შპს „კ...ს“ ქონებას 2016 წლის 31 მაისს დაედო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომლის შესახებაც მოსარჩეელებისთვის ცნობილი არ ყოფილა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო კეთილსინდისიერი შემძენების - სს „მე...ს“ და სს „მ...ს“ მიერ შეძენილი ქონებების დაყადაღების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს, ხოლო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ვრცელდებოდა კომპანიის ქონებაზე მხოლოდ საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს (შემოსავლების სამსახურის) მიერ არ მომხდარა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, თუ რა ოდენობის იყო შპს „კ...ს“ საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კეთილსინდისიერი შემძენების მიმართ გამოცემული ბრძანებები ქონების დაყადაღების შესახებ წარმოადგენს ბათილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, მოძრავი ნივთები და მათზე საკუთრების უფლება არ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გადამხდელის, კეთილსინდისიერი შემძენის მიერ შეუძლებელია დადგინდეს, კონკრეტულად რომელ მოძრავ ნივთზეა რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა (მაშინ, როდესაც აღნიშნული ფაქტის დადგენა მარტივადაა შესაძლებელი უძრავ ნივთებთან მიმართებით, რომლებზეც საკუთრების უფლება ცალკე რეგისტრაციას ექვემდებარება და მათი ამონაწერი ცალკე გაიცემა საჯარო რეესტრის მიერ).
მოსარჩელეთა მოსაზრებით, ამონაწერში გირავნობა/იპოთეკის მითითება არ არის საკმარისი კერძო პირისათვის, მოახდინოს იდენტიფიცირება, არის თუ არა მის მიერ შესყიდული მოძრავი ქონება საგადასახადო გირავნობით დატვირთული, ვინაიდან მან არ იცის რა მოცულობის ან ოდენობისაა სხვა გადამხდელის - მისი კონტრაქტორის (ამ შემთხვევაში, შპს „კ...ს“) საგადასახადო დავალიანება - რა ფარგლებში ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ამ გადამხდელის ქონებაზე. ეს დავალიანება ყოველწუთიერად შეიძლება იცვლებოდეს (იზრდებოდეს ან მცირდებოდეს).
მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ ყადაღის ბრძანებების გამოცემამდე, საგადასახადო ორგანოს უნდა შეემოწმებინა, ვრცელდებოდა თუ არა გაყიდულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დავალიანების მოცულობიდან გამომდინარე, წარმოედგინა დასახელებული მტკიცებულებები გადამხდელისთვის და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გადაწყვეტილება გაყიდულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 14 ნოემბრის #081-884 და #... ბრძანებების, ასევე, 2016 წლის 21 ნოემბრის #081-900 ბრძანების, სს „მე...ს“ (ს/ნ ...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის #3156 ბრძანებისა და სს „მ...ს“ (ს/ნ ...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის #3714 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს „მე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „მ...მა“ და სს „მე...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ყადაღადადებული ქონება გასხვისების პერიოდში დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და არ მომხდარა მისი გაუქმება, იგი სრულიად კანონიერად გავრცელდა ქონების ახალი მფლობელების მიმართ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს „მ...მა“ და სს „მე...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის, კეთილსინდისიერი შემძენის მიერ შეუძლებელია დადგინდეს, კონკრეტულად რომელ მოძრავ ნივთზე იყო რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მოძრავი ნივთების შეძენის დროს მოსარჩელეთათვის უცნობი იყო შპს „კ...ს“ საგადასახადო დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაცია. ეს ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროისათვისაც უცნობი იყო მოპასუხე მხარის წარმომადგენლისათვის. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, ცხადად იკვეთება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე, არ იყო გამოკვლეული, უშუალოდ შპს „კ...ს“ გააჩნდა თუ არა სხვა აქტივი, რომლის რეალიზების შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანო შეძლებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 14 ნოემბრის #081-884 და #... ბრძანებების, ასევე, 2016 წლის 21 ნოემბრის #081-900 ბრძანების, სს „მე...ს“ (ს/ნ ...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 თებერვლის #3156 ბრძანებისა და სს „მ...ს“ (ს/ნ ...) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის #3714 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მოადგილის 2016 წლის 14 ნოემბრის #148652-21 სამსახურებრივი ბარათით და მასზე თანდართული დოკუმენტებით დგინდება, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) მთელ ქონებაზე 2016 წლის 31 მაისის #0818657 შეტყობინების საფუძველზე, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 1 ივნისს, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ #... ბრძანება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისის #... ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზებულ იქნა სს „მე...ზე“ (ს/ნ ...). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 14 ნოემბერს გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ #081-884 ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო სს „მე...ს“ საკუთრებაში არსებულ, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას: გენერატორი, კომუდი, ფულის შესანახი სალარო რკინის (#... სასაქონლო ზედნადები).
ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მოადგილის 2016 წლის 14 ნოემბრის #148655-21 სამსახურებრივი ბარათით და მასზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით, დგინდება, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) მთელ ქონებაზე 2016 წლის 31 მაისის #0818657 შეტყობინების საფუძველზე (გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 1 ივნისს) გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ #... ბრძანება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ივნისიდან 23 აგვისტომდე პერიოდში #..., #..., #..., #... და #... ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება რეალიზებულ იქნა სს „მ...ზე“ (ს/ნ ...). შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 14 ნოემბერს გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ #... ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო სს „მ...ს“ საკუთრებაში არსებულ, შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.
ამასთან, ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მოადგილის 2016 წლის 21 ნოემბრის #152508-21-05 სამსახურებრივი ბარათით და მასზე თანდართული დოკუმენტებით დგინდება, რომ შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება, კერძოდ, ავეჯი და სხვადასხვა ინვენტარი, 2016 წლის 31 მაისიდან 11 სექტემბრამდე პერიოდში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ იქნა სს „მ...ზე“ (ს/ნ ...). შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ #081-900 ბრძანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან ყადაღადადებული ქონება გასხვისების პერიოდში დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და არ მომხდარა მისი გაუქმება, იგი სრულიად კანონიერად გავრცელდა ქონების ახალი მფლობელების მიმართ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „მ...ს“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 13.04.2022წ. #4625861 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „მ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ასევე, რამდენადაც სს „მე...ს“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 13.04.2022წ. #4625868 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „მე...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ...სა“ და სს „მე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება;
3. სს „მ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.04.2022წ. #4625861 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სს „მე...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.04.2022წ. #4625868 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა