Facebook Twitter

საქმე #ბს-419(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ. ფ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე ლ. ფ-ის შორის 2017 წლის ...ს დაიდო კონტრაქტი სამსახურის გავლის თაობაზე. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო, თავის მხრივ, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა. კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2021 წლის ...ს, თუმცა გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018წ. #4744 ბრძანების თანახმად, ლ. ფ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის #54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის #737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მოსარჩელის მითითებით, ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, შეწყვეტიდან (შეიარაღეაბული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ლ. ფ-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურები ორ წელზე ნაკლები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ, კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით, 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დღემდე შეუსრულებია.

ამდენად, მოსარჩელემ ლ. ფ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის #ბს-427(გ-19) განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ლ. ფ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის #MOD 4 16 00004743 ბრძანების საფუძველზე, ...ი ლ. გ.-ის ძე ფ-ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის წვრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსის - სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის ...ის ცენტრის ...ის (BCT) კურსის ...ად (საშტატო კატეგორია „...ის ...ი“) და ჩაირიცხა ...ის კურსზე 2017 წლის ...იდან. ...წ. #2923/17 კონტრაქტის 3.2 პუნქტით სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის ვადად განისაზღვრა 4 წელი, რომლის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან - 2017 წლის ...იდან და სრულდებოდა 2021 წლის ...ს.

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი), სამხედრო მოსამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში „სამინისტროსათვის“ აენაზღაურებინა ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტში გაკეთებულია დათქმა, რომ „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ.-ის ძე ფ-ის კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები ჰქონდა ორ წელზე ნაკლები.

გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018წ. #4744 ბრძანების თანახმად, ლ. ფ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის #54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის #737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

აღნიშნული მსჯელობით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და განმარტა, რომ განსახილველი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, პირგასამტეხლოზე შეთანხმება იყო და აღნიშნული შეთანხმება ექცეოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის რეგულაციაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი იყვნენ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო უფლებამოსილი იყო ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და ემსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული ჯარიმა ადეკვატური იყო მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად სამართლიანობის პრინციპებთან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტზე, მე-18 თავის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისაგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით, თუკი პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ იგი დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

კასატორის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის #683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობები პირველადი რედაქციით ითვალისწინებდა ჯარიმის 14 000 და 10 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას. თუმცა რამდენადაც მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული ჯარიმის ოდენობა იყო მაღალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თვითონვე მოაწესრიგა ხსენებული საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 ნოემბრის #1633 ბრძანებით ცვლილება განახორციელა 2008 წლის 4 ნოემბრის #683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე ლ. ფ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის #MOD 4 16 00004743 ბრძანების საფუძველზე, ...ი ლ. გ.-ის ძე ფ-ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის წვრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსის - სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის ...ის ცენტრის ...ის (BCT) კურსის ...ად (საშტატო კატეგორია „...ის ...ი“) და ჩაირიცხა ...ის კურსზე 2017 წლის ...იდან. ...წ. #2923/17 კონტრაქტის 3.2 პუნქტით სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის ვადად განისაზღვრა 4 წელი, რომლის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან - 2017 წლის ...დან და სრულდებოდა 2021 წლის ...ს.

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი), სამხედრო მოსამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში „სამინისტროსათვის“ ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტში გაკეთებულია დათქმა, რომ „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებდა, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდებოდა წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშობოდა მის ირგვლივ.

გენერალური შტაბის უფროსის 10.08.2018წ. #4744 ბრძანების თანახმად, ლ. ფ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის #54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის #737 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. გ.-ის ძე ფ-ის კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. განსახილველი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმებული არიან პირგასამტეხლოზე, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა კი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული ჯარიმა ადეკვატურია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა