საქმე №46აგ-12 16 ოქტომბერი, 2012 წელი
მ-ე ა., 46აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; ა. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 2 აპრილიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. მ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები - 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.
2012 წლის 14 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა. მ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. მსჯავრდებულმა მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლის შეძენა-შენახვისათვისაც იგი იყო მსჯავრდებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ა. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და, შესაბამისად, მინიმუმამდე შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. მ-ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ა. მ-ს მსჯავრი ასევე დაედო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი ა. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე