Facebook Twitter

№ბს-133(კ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. შ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. შ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 10.12.2019 წლის №1568 ბრძანება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და საპროექტო დოკუმენტაციაზე - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

სარჩელის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს 2019 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ქ. ბათუმში, ...ს ქ. №59,61,63-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე: ...; ...; .... 2019 წლის 17 აპრილს, 28 დღის შემდეგ, განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც შეავსო 5 დღეში. 2019 წლის 9 მაისს ეცნობა, რომ მისი საკითხი იყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განსახილველი, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა სამ თვემდე. 2019 წლის 1 ივლისს მერიის მიერ კვლავ დაუდგინა ხარვეზი, რაც მის მიერ იქნა შევსებული. კანონით გათვალისწინებული მსგავსი პროექტების შეთანხმებისათვის დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ, ვინაიდან მოპასუხეს გადაწყვეტილება არ მიუღია, 2019 წლის 30 სექტემბერს მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კანონის თანახმად უკვე შეთანხმებულად ჩათვლილი პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რადგან ასეთ შემთხვევებში „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტით, შეთანხმებისათვის საჭირო ვადის გასვლის შემდგომ გადაწყვეტილების მიუღებლობისას არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და სხვა ტექნოლოგიური სქემა ითვლებოდა შეთანხმებულად. გაუგებარი მიზეზებით შეთანხმების ნაცვლად 2019 წლის 30 ოქტომბერს ეცნობა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია კვლავ იქნა გადაგზავნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 2019 წლის 10 დეკემბერს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება №1568, რომელშიც მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად საპროექტო ტერიტორიაზე პროექტის შეთანხმება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საპროექტო დოკუმენტაციის შესათანხმებლად ნაცვლად კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადისა, რომელიც მოიცავს 4 თვეს, საკითხის გადაწყვეტას მოანდომა 9 თვე და მეტი, რითაც სრულად უგულებელყო, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, ისე „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული ვადები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 10.12.2019 წლის №1568 ბრძანება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ) მისი ძალაში შესვლის დღიდან. დაევალა მოპასუხეს სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და მ. შ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: ა) 2019 წლის 20 მარტს მ. შ-ეემ №... განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №59-ში, №61-ში და №63-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ს/კ-ით - ...; ...; ... მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება; ბ) განცხადების წარდგენიდან 28 დღის შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის №25/7115 წერილით მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად მიეცა 15 დღის ვადა, რაც მოსარჩელის მიერ შევსებულ იქნა 5 დღეში; გ) 2019 წლის 9 მაისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის №25/8914 წერილით მ. შ-ეეს ეცნობა, რომ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №59,61,63-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე და რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, მ. შ-ეის განცხადება გადაგზავნილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განსახილველად. ამავე წერილითვე მ. შ-ეეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელებულ იქნა 3 (სამი) თვით; დ) 2019 წლის 1 ივლისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის №25/14301 წერილით მ. შ-ეეს განმეორებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაეკორექტირებინა საპროექტო შენობის გაბარიტები კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც მიეცა 15 დღიანი ვადა, რაც შევსებულ იქნა 11 დღეში; ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 30 ოქტომბრის №25/25366 წერილით მ. შ-ეეს ეცნობა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად მისი განცხადება გადაგზავნილ იქნა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოზე განსახილველად. ამავე წერილითვე მ. შ-ეეს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელებულ იქნა კიდევ 3 (სამი) თვით; ვ) ქ. ბათუმის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1568 ბრძანებით მ. შ-ეისა და სხვათა 20.03.2019 წლის №... განცხადება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №59-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-ით ..., ..., ...) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 29-ე და 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტაცია განსახილველად გადაიგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №14 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა ქ. ბათუმში, ვ. ფშაველას ქუჩის №59-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-ით ..., ..., ...) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საბჭომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნია დაგეგმილი მშენებლობა; ზ) ფაქტობრივად, იმავე ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს №54-55-57, (მოსარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა №59-61-63) ანალოგიურ საკითხეზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება შპს „ე...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე; თ) ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს მ. შ-ეის მიერ წარედგინა ფასადის ხედები, გეგმა-ნახაზები, უკვე აშენებული შენობის სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა და კორექტირების შესახებ განმარტება იმის შესახებ, რომ 2019 წლის 1 ივლისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის №25/14301 წერილით მ. შ-ეისათვის დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლითაც დაევალა დაეკორექტირებინა საპროექტო შენობის გაბარიტები კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა შენობის გაბარიტების კორექტირება და საპროექტო ობიექტის სიმაღლე შემცირებულ იქნა 66,40 მეტრამდე. ამასთან განიმარტა, რომ მოცემული საპროექტო ობიექტიდან უახლოეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს სს „თ...ის“ შენობა, რომელიც მიწის ნაკვეთიდან დაშორებულია 130 მეტრით და კორექტირების შედეგად აღარ ირღვევა (საქართველოს მთავრობის 2012 წლის14 მაისის №181 დადგენილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ“) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არც ინდივიდუალური და არც ზოგადი დაცვის ზონა, თუმცა ასეთის შეფასება არ მომხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წლის №139 დადგენილებით) 37-ე, 42-ე, 43-ე, 45-ე, 46-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა მ. შ-ეისა და სხვათა განცხადებაზე (განცხადება შეტანილი 20.03.2019 წელს) გადაწყვეტილება (ბრძანება) მიიღო 2019 წლის 10 დეკემბერს, ე.ი. განცხადების მიღებიდან 8 თვისა და 20 დღის შემდეგ, ამდენად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილი არ იყო მიეღო მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ 10.12.2019 წლის №15868 ბრძანება, რადგან ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას უკვე გასული იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 45-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე ადმინისტრაციული ორგანისათვის გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი მაქსიმალური 3-თვიანი ვადა, რა დროშიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა ავტომატურად იწვევდა განცხადებით მოთხოვნილი პირობების დამტკიცებულად ჩათვლას და დადებითი შედეგის დადგომის ვალდებულებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის არა მხოლოდ ფორმალური (საქმის განხილვის ვადების დარღვევა), არამედ სხვა საფუძველიც. დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარი ეფუძნება აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიზანშეუწონელია დაგეგმილი მშენებლობა, თუმცა აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, არ არის განმარტებული პროექტის დამტკიცების მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, გაურკვეველია, რა საფრთხე შეიძლება შექმნას წარდგენილი პროექტის დამტკიცებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია მსგავსი ობიექტები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნაგებობის მოწყობის მიზანშეუწონლობა განპირობებულია მისი სიმაღლით. საქმის მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებითა და სამშენებლო დოკუმენტაციით, ასევე 2019 წლის 1 ივლისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის №25/14301 წერილის საპასუხოდ, რომლითაც მ. შ-ეეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაეკორექტირებინა საპროექტო შენობის გაბარიტები კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მ. შ-ეის მიერ განხორციელდა ხარვეზის შევსება, მოხდა შენობის გაბარიტების კორექტირება და საპროექტო ობიექტის სიმაღლე შემცირებულ იქნა 66,40 მეტრამდე. ამასთან განიმარტა, რომ მოცემული საპროექტო ობიექტიდან უახლოეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს სს „თ...ის“ შენობა, რომელიც მიწის ნაკვეთიდან დაშორებულია 130 მეტრით და კორექტირების შედეგად აღარ ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არც ინდივიდუალური და არც ზოგადი დაცვის ზონა, თუმცა ასეთის შეფასება არ მომხდარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და სრულიად დაუსაბუთებელს ხდის მოსაზრებას მხოლოდ სიმაღლის გამო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ნაგებობის აშენების მიზანშეუწონლობის შესახებ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, თუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ რიგ გადაწყვეტლებებში ადმინისტრაციული ორგანო გარკვეული წესით იყენებდა კონკრეტულ უფლებას, ის ვალდებულია, მომავალშიც ანალოგიურ სიტუაციაში დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი წესით. ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში აპირებს გადაწყვეტილებათა მიღების სხვა კონცეფციის გატარებას. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაუსაბუთებია განსახილველ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, მის მიერვე დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა. გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც განმცხადებლის მიმართ კონკრეტულ შედეგს წარმოშობს, იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და არა კულტურული მემკვიდრეობის საბჭო. განსახილველ შემთხვევაში მერიამ მხოლოდ საბჭოს დაუსაბუთებელ წერილზე მითითებით თქვა უარი მ. შ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება მერიის მიერ მასთან წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა ან საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გამოკვლევა. არ არის განმარტებული პროექტის დამტკიცების მიზანშეუწონლად მიჩნევის კონკრეტული საფუძვლები და გარემოებები, გაურკვეველია, რა საფრთხე შეიძლება შექმნას წარდგენილი პროექტის დამტკიცებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაგეგმილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე აშენებული და განთავსებულია მსგავსი ობიექტები - მაღლივი შენობები. გადაწყვეტილების მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ორგანოს მიერ მიზანშეწონილობის საკითხებზე ზოგადი მითითება, არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, აღნიშნულ არეალში წარმოებული მშენებლობა წარმოადგენდა თუ არა ზიანის გამომწვეს და არსებობდა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა, მასთან რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელის გამგებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვილი დოკუმენტის წარმოდგენა; შესაბამისად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელით სადავო საკითხთან დაკავშირებით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს სპეციფიკურობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათ შორის მიზანშეწონილობის საკითხებზე მსჯელობის საჭიროების გათვალისწინებით, დავის საგანს განკუთვნილი საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამისად ასეთზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ სადავო საკითხის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი ყველა დოკუმენტი და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით განსაზღვროს მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №5168 ბრძანება ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს, რაც მისი ბათილობის საფუძველს ქმნიდა, ხოლო რაც შეეხება განსახილველი საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 141-ე მუხლით (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებათვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა - ადმინისტრაციული ორგანოს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამართლებრივ საფუძვლად დაუდო ის გარემობა, რომ სადავო მომწესრიგებელი ნორმა ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით. სასამართლომ ჩათვალა, ახალი აქტის გამოცემა უნდა განხორციელდეს დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რაც დაუსაბუთებელია, რადგან მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს განცხადების წარდგენის დროისათვის არსებული კანონმდებლობის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება უნდა განხორციელდეს „საქართველოს სივრცითი დაგეგმარებისა და, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდერქსის“ 141-ე მუხლით (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისიწნებით, ანუ ფაქტობრვად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა საკითხის დარეგულირებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო იხელმძღვანელებს იმ კანონით, რომელზეც მას მიუთითებს სასამართლო და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. ამასთან, რიგი ნორმები გაუქმებულია დღეს მოქმედი კანონმდებლობით და სულ სხვა მოთხოვნებია გათვალისწინებული, რომელიც დამატებით რესურსს, ხარჯს და დროს მოითხოვს. შესაბამისად, უნდა დავალდებულდეს ადმინისტრაციული ორგანო გამოსცეს ახალი აქტი, მითუმეტეს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უკვე დამტკიცებულად ითვლება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ-ეეს საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ეეს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების გარეშე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად (1) სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. (2) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. (3) თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უართან დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამასთან, უარის თქმაში იგულისხმება როგორც წერილობითი ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირის მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ იქნა უარყოფილი, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა, ანუ ვადაში აქტის არ გამოცემა. ამასთან, ცხადია, რომ მოსარჩელის ინტერესს პირველ რიგში წარმოადგენს მისთვის სასარგებლო აქტის გამოცემის დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც თავის მხრივ, განაპირობებს სასამართლომ შეამოწმოს არსებობს თუ არა აქტის გამოცემაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მართალია, აქტის გამოცემის თაობაზე აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა სასამართლო თავადაც არის უფლებამოსილი მოაწესრიგოს სადავო საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია არ იყოს საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ უნდა განეკუთვნებოდეს. გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას სასამართლო ახდენს იმ შემთვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამასთან, სასამართლოს ეს უფლებამოსილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარეობს და გამორიცხავს მმართველობითი ფუნქციების სასამართლო ორგანოებისათვის გადაკისრებას.

სზაკ-ის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღოს გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1568 ბრძანებით მ. შ-ეის და სხვათა 20.03.2019 წლის №... განცხადება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №59-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-ით ..., ..., ...) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნია დაგეგმილი მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, რომლითაც განსაზღვრული იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები, თითოეულ სტადიაზე წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა, მათი შინაარსი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც მონაწილეობენ ნებართვის გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში და ნებართვის გაცემის სხვა პროცედურები. დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა და როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ვინაიდან სამშენებლო სამართალზე ვრცელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, ცხადია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გათვალისიწნებული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომლის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართული დოკუმენტაციის ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივ ექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულია ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც უნდა იქნენ ჩაბმული ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №14 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ბათუმში, ვ. ფშაველას ქუჩის №59-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-ით ..., ..., ...) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საბჭომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნია დაგეგმილი მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მარტის №57 დადგენილების 45-ე, 46-ე და 47 მუხლებზე, რომლითაც განსაზღვრული იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი და არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა, მათ შორის, ის სავალდებულო დოკუმენტები, რაც უნდა დართვოდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას. შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს უარი დაეფუძნა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წერილს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსრულებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. ამასთან, დადგენილია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 თებერვლის №139 დადგენილებით და დღეისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებსა და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“.

საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული კოდექსის 141-ე მუხლის მე-17 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ 2019 წლის 3 დეკემბრამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ამ პირობების მოქმედების პერიოდში ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ წინამდებარე დავაში არსებული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ ფარგლებში. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ ვერ მოხდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. მ. შ-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2022წ. №12827661431 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე