Facebook Twitter

საქმე #ბს-543(კს-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს „დ...“

მესამე პირი - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 6 ოქტომბერს შპს „დ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: - ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულება შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულება შპს „დ...ს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე შეჩერდეს: - ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 და 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულებები; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოახდინოს შპს „დ...ს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის აღდგენა.

მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქარელის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს „დ...ს“ (წარმომადგენელი - თ. კ-ი) შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეჩერდა შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; შეჩერდა შპს „დ...ს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „დ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ამასთან, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, კერძოდ, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე (მოსარჩელე - შპს „დ...“, მოპასუხე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია) ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც საფუძვლად დაედო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას გაფრთხილების აქტის გაცემის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის, ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმის განხილვა, შპს „დ...ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მიმდინარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ვინაიდან, სამოქალაქო საქმეზე დამდგარი შედეგი უშუალო შემხებლობაშია განსახილველ ადმინისტრაციულ საქმესთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა შეჩერდეს მოცემული (ადმინისტრაციული) საქმის წარმოება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „დ...ს“ სააპელაციო საჩივარზე, საქმე №3ბ/2792-21 (№330310120003997988) საქმის წარმოება შეჩერდა, სამოქალაქო საქმეზე №130210021004305237 (აპელანტი - შპს „დ...“, მოწინააღმდეგე მხარე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგანი - თანხის დაკისრება) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 4 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა („შემსყიდველი“) და შპს „დ...ს“ შორის გაფორმდა №29 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა აბისის საციხური აბანოს გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 120 000,74 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2020 წლის 15 ივნისი; ბ) მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 28 აპრილის №1 და 19 ივნისის №2 შეთანხმებებით, სამუშაოების შესრულების ვადა, საბოლოოდ, გაიზარდა 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით; გ) შპს „დ...მა“ 2020 წლის 10 ივლისის №10.07.2020-2 წერილით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, თუმცა ვინაიდან სამუშაოების ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო, შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებების - ინსპექტირების აქტების საფუძველზე, სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა 2020 წლის 21 ივლისს; დ) საქმეში წარმოდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №139 დასკვნისა და მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 31 ივლისის №75 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები - ოთხი ეტაპის შედეგად, შეასრულა 1 114 700,13 ლარის ღირებულების სამუშაოები. გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებს; ე) ამასთან, მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა არაჯეროვნად და 10 დღის ვადაგადაცილებით, 2020 წლის 21 ივლისს. გარდა ამისა, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 11 388,29 ლარის ოდენობით; ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 აგვისტოს №03/3377 წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს „დ...ს“ (ს/ნ ...) მიერ №AT190025807 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 4 თებერვლის №29 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე; ზ) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „დ...ს“ 2020 წლის 2 ოქტომბერს მიეცა გაფრთხილება; თ) საქმეში წარმოდგენილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „დ...ს“ სარჩელი, მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებზე: 1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „დ...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №29 ხელშეკრულების საფუძველზე ტენდერით გათვალისწინებული მიუღებელი თანხა - 4021,70 ლარი; 2. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „დ...ს“ დაუბრუნოს გადახდილი პირგასამტეხლო 11 187.20 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა შპს „დ...ს“ მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტზე, „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე, 3.3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია შპს „დ...ს“ სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება. სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია და არსებით გავლენას ახდენს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულება, შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულება შპს „დ...ს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ) საფუძვლად დაედო 2020 წლის 4 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული №29 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც სამოქალაქო საქმეში დავის საგანს წარმოადგენს. სწორედ ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, ან არაჯეროვნად იქნა შესრულებული, გახდა შპს „დ...ს“ მიმართ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი („შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი), რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმება („თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კი, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგენენ დავის საგანს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ადმინისტრაციულ საქმის განხილვა შეუძლებელია სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე, შესაბამისად, უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება მანამ, სანამ სამოქალაქო საქმეზე №130210021004305237 (აპელანტი - შპს „დ...“; მოწინააღმდეგე მხარე - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია; დავის საგანი - თანხის დაკისრება) არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მხარის მიერ არ იქნა გამოყენებული ის საშუალება, რომელსაც ადგენს შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ანუ სამოქალაქო სარჩელის წარდგენის ეტაპზე მხარეს შეეძლო, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოეთხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ქალაქ ქარელის მერიის მიერ გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის მოქმედების შეჩერება ან სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში (წარმოების პერიოდი არის 2 თვე) - ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება სამოქალაქო სარჩელის წარდგენით. მხარემ შუამდგომლობა წარადგინა იმ ეტაპზე, როდესაც გამოცემულ იქნა სააგენტოს განკარგულება. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ მოხდა ჯერ ადმინისტრაციული აქტის შეჩერება, შემდგომ კი - სამოქალაქო დავის ფარგლებში, ზოგადად, საქმის წარმოების შეჩერება, რაც შავ სიაში რეგისტრირებულ კომპანიას ამ პერიოდის განმავლობაში აძლევს საშუალებას, სხვადასხვა ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და ზიანი მიაყენოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას. ამის მაგალითები არსებობს, როდესაც საქმის წარმოება ჩერდება რამდენიმე წლის განმავლობაში და ამ პერიოდში სხვადასხვა ტენდერის საფუძველზე, იგივე კომპანიის მიერ ვერ ხდება ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც ის რამდენჯერმე დარეგისტრირდა შავ სიაში, რა დროსაც ზიანი ადგება მხოლოდ სახელმწიფოს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ავტომატურად არ უნდა ხდებოდეს საქმის წარმოების შეჩერება, უნდა მოხდეს არსებული მდგომარეობის შეფასება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა, თუ რამდენად არის შესაძლებელი მომავალში ზიანის დადგომა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და სახელმწიფოსთვის ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი, მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული - შავ სიაში რეგისტრაცია, როგორც თანმდევი შედეგის არსებობაც ლოგიკურია. ასეთ შემთხვევებში ვერ იქნება რეალიზებული იმ პრევენციული ღონისძიებების გამოყენება, რასაც შავი სია წარმოადგენს - შეუზღუდოს არაკეთილსინდისიერ პრეტენდენტს/მიმწოდებელს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილოების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუსრულებელი პროექტები, რაც შემდგომ აისახება სხვადასხვა შესყიდვის ობიექტების შესრულების ან/და საერთოდ შეუსრულებლობის ხარისხზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის გასაჩივრებული განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე (№3ბ/2792-21; 330310120003997988) (აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „დ...“; მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; მესამე პირი - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) შეჩერდა საქმის წარმოება №130210021004305237 სამოქალაქო საქმეზე (აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „დ...“, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია; დავის საგანი - თანხის დაკისრება) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად მართებულად იქნა შეჩერებული მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე - შპს „დ...“ მოითხოვს: - ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულება შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულება შპს „დ...ს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

№130210021004305237 სამოქალაქო საქმეზე კი (აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „დ...“, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქარელის მუნიციპალიტეტის მერია) დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება და გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნება, კერძოდ, შპს „დ...“ მოითხოვს: - ა) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №29 ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერით გათვალისწინებული მიუღებელი თანხა 4021,70 ლარი; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „დ...ს“ დაუბრუნოს გადახდილი პირგასამტეხლო 11 187,20 ლარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (სუსგ 09.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014). ამდენად, სხვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) 2020 წლის 4 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა („შემსყიდველი“) და შპს „დ...ს“ შორის გაფორმდა №29 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით, უნდა შეესრულებინა აბისის საციხური აბანოს გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 120 000,74 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2020 წლის 15 ივნისი. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შპს „ო...“-ის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო ზედამხედველის მიერ ფორმა №2-ზე ხელმოწერით (ტ.1, ს.ფ. 27-36); ბ) მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 28 აპრილის №1 და 19 ივნისის №2 შეთანხმებებით სამუშაოების შესრულების ვადა, საბოლოოდ, გაიზარდა 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 37, 38); გ) შპს „დ...მა“ 2020 წლის 10 ივლისის №10.07.2020-2 წერილით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აქტები (ტ.2, ს.ფ. 144); დ) სამუშაოს შესრულების ინსპექტირების 13.07.2020 წლის #258 და 20.07.2020 წლის #268 აქტების თანახმად, სამუშაოები არ იყო დასრულებული (ტ.2, ს.ფ. 145-146); ე) სამუშაოს შესრულების ინსპექტირების 21.07.2020 წლის #259 აქტის თანახმად სამუშაოები დასრულდა (ტ.2, ს.ფ. 147); ვ) შპს „ო...“-ის 2020 წლის 29 ივლისის ,,შეუსაბამობის აქტის’’ თანახმად, წყალგამტარი მილის მიმღები ჭის სახურავის ცხაურში გამოყენებულია 1,5 სანტიმეტრის სისქის ზოლოვანას ნაცვლად 1 სმ სისქის ზოლოვანა. ამავე აქტში აღნიშნულია, რომ გარდა საპროექტო ორგანიზაციის თანხმობისა, საჭირო იყო ასევე შემსყიდველის თანხმობა, რაც არ იქნა წარდგენილი (ტ.1, ს.ფ. 42); ზ) 2020 წლის 29 ივლისის №29.07.2020-1 წერილით შპს „დ...მა“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო 60x15 ლითონის ზოლოვანას ცხაურების მოწყობის სამუშაოები. ამასთან, რამდენადაც ხსენებული ზომის ლითონის ზოლოვანა წარმოადგენდა დეფიციტურ მასალას, მიმწოდებელმა პროექტის ავტორთან შეთანხმებით გამოიყენა 60x10 ზომის ლითონის ზოლოვანა. მიმწოდებელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ფაქტობრივი საჭიროებისა თუ ხელშემშლელი გარემოების მიუხედავად, შემსყიდველი ორგანიზაცია არ აკორექტირებდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, ზემოხსენებული ცვლილება ვერ იქნა გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების დროს. ამდენად, საპროექტო ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე, მიმწოდებელმა მოითხოვა, ხსენებული სამუშაოები არ ჩათვლილიყო წუნდებულად (ტ. 1, ს.ფ. 39-40); თ) შპს „ო...“-ის 2020 წლის 30 ივლისის №IR-20-02-A004/F/04 ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ბოლო ეტაპზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ნაცვლად მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფორმა №2-ით გათვალისწინებული 588 471,58 ლარისა, შეადგენდა 4 021,70 ლარით ნაკლებს - 584 449,88 ლარს (ტ.1, ს.ფ. 233-238); ი) საქმეში წარმოდგენილი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №139 დასკვნისა და მხარეთა შორის გაფორმებული 2020 წლის 31 ივლისის №75 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები - ოთხი ეტაპის შედეგად, შეასრულა 1 114 700,13 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებს. მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა არაჯეროვნად და 10 დღის ვადაგადაცილებით, 2020 წლის 21 ივლისს. მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 11 388,29 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 44-47); კ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 03 აგვისტოს №03/3377 წერილობითი შეტყობინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა პრეტენდენტის/მიმწოდებლის - შპს „დ...ს’’ (შესყიდვა - №AT190025807) შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 193).

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების ან/და შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, თანაზომიერების პრინციპი დაირღვევა, თუ: ა) მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სულ მცირე, 50%; ბ) მიმწოდებელს ჯეროვნად აქვს შესრულებული წერილობითი შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“.

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 აგვისტოს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „დ...ს“ 2020 წლის 2 ოქტომბერს მიეცა გაფრთხილება (ტ.1, ს.ფ. 52-56); სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3957 განკარგულებით კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია გაფრთხილების მიღება), შპს „დ...ს“ 2020 წლის 2 ოქტომბრიდან გაუუქმდა თეთრ სიაში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 49-50).

შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულება მიღებულ იქნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ვალდებულებების უმეტესი ნაწილი, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე შპს „დ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვეოდა თანაზომიერების პრინციპი და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.

საქმის მასალებით დგინდება რომ შპს „დ...ს“ გაფრთხილების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 1 ოქტომბრის №3954 განკარგულების მიხედვით, არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა შპს „დ...ს“ (მიმწოდებლის) სხვადასხვა ქმედებით, მათ შორის, მიმწოდებლის მიერ ბოლო ეტაპზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ნაცვლად მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფორმა №2-ით გათვალისწინებული 588 471,58 ლარისა, შეადგენდა 4 021,70 ლარით ნაკლებს - 584 449,88 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულების გამო კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 11 388,29 ლარის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე შპს „დ...ს“ სარჩელისა გამო მოპასუხე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვს: ა) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #29 ხელშეკრულების საფუძველზე, ტენდერით გათვალისწინებული მიუღებელი თანხა 4021,70 ლარი; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „დ...ს“ დაუბრუნოს გადახდილი პირგასამტეხლო 11 187,20 ლარი.

ამდენად, მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავა უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი პირგასამტეხლოს უკან დაბრუნებას, ხოლო წინამდებარე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძველია მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლზე (6.1. შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას; 6.2. ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტი იყო საკითხი რამდენად იყო შესაძლებელი წინამდებარე ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა სამოქალაქო წესით განსახილველი საქმის დასრულებამდე, ანუ სახეზე იყო თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც ბუნებრივია კავშირში არ არის ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმით რეგულირებულ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ წარმოების შეჩერებასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე