საქმე №ბს-797(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 ივნისს მ. ჩ-იმა და კ. ჩ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი არიან სტიქიური მოვლენის შედეგად გადაადგილებული პირები - ეკომიგრანტები. მ. ჩ-იი (ქორწინებამდელი გვარი: ბ-ე) და შ. ჩ-ი ასევე წარმოადგენენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირებს. სტიქიური მოვლენების შედეგად მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., არის დაზიანებული. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2016 და 2021 წლებში გაცემული ვიზუალური-საინჟინრო დასკვნით დგინდება, რომ მეწყრული პროცესების ზემოქმედების გამო, მოსახლე საჭიროებს გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადაყვანას.
მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელების მოთხოვნა განსახლებაზე, რადგან არ საჭიროებდნენ გადაუდებელ განსახლებას, კ. ჩ-იის საკუთრებაში არსებული ქონებით შეუფერხებელი სარგებლობის გამო.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კ. ჩ-ის აქვს დამოუკიდებელი ოჯახი. ამასთან, კ. ჩ-იის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიც გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად საჭიროებს გადაუდებელ სამუშაოთა წარმოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება მათი გადაუდებელი განსახლების არარსებობს თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანების, მოსარჩელეების ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეების ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-იისა და შ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანება, მ. ჩ-იისა და შ. ჩ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. ჩ-იისა და შოთა ჩ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“. აღნიშნული პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული „პროცედურის“ მე-17 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. მითითებული „პროცედურის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეკომიგრანტ ოჯახს მიეკუთვნება, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჩ-იის ეკომიგრანტი ოჯახი შედგება ორი წევრისგან, თვითონ და მოსარჩელე შ. ჩ-ი, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მიენიჭათ 10,5 ქულა. საქართველოს თვითმმართველი თემის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის 2020 წლის 16 სექტემბრის №104 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში აქვთ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი. ასევე დადგენილია, რომ ცხოვრობენ შვილის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული არგუმენტი მართებულად უარყო, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის მიერ მითითებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სხვის საკუთრებაში შეუფერხებლად ცხოვრების ფაქტის დადგენა შეუძლებელია, იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული საქართველოს თვითმმართველი თემის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის 2020 წლის 16 სექტემბრის №104 ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3, 105-ე მუხლებით დაადგინა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, არ დასტურდება მოსარჩელეების ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, შ. ჩ-ის და მ. ჩ-ის ამ ეტაპზე არ მიენიჭათ პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში, შესაბამისად, მათი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებისთვის უარის თქმის საფუძველი გახდა მონიტორინგის შედეგად დადგენილი ფაქტი, კერძოდ, აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ, რამეთუ მოსარჩელეებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმავე სოფელში (ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) შეუფერხებლად ესარგებლათ მათი ოჯახის წევრის - კ. ჩ-იის საკუთრებით. მონიტორინგის განხორციელების დროს თავად მოსარჩელემ - მ. ჩ-იმა (ქორწინებამდელი გვარი: ბ-ე) განმარტა, რომ ბინა წარმოადგენდა მისი შვილის - კ. ჩ-იის საკუთრებას. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, წლებია ცხოვრობენ კ. ჩ-იის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ქ. ქუთაისში. მოსარჩელეები არ არიან გამოსახლების და თავშესაფრის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელეების მიერ წარდგენილი არ ყოფილა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის პრეტენზიას სააგენტოს მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თაობაზე. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც მომზადების, ასევე გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩატარებულ იქნა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა და საქმის საფუძვლიანი გამოიკვლევის შედეგად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელეების ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეების ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომ ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მ. ჩ-იი და მისი შვილი - შ. ჩ-ი არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულები და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირები - ეკომიგრანტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ცაგერის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები მ. ჩ-იის საცხოვრებელ სახლს 2015 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენის, მეწყრის შედეგად მიადგა ზიანი. 2017 წელს ინტენსიური ატმოსფერული ნალექების გამო საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, დაზიანების II კატეგორია შეეცვალა I კატეგორიით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის, მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული 2019 წლის 27 ივნისის №72 ცნობით დასტურდება, რომ მ. ჩ-იის ოჯახი შედგება ორი წევრისგან: თავად მ. ჩ-იი და შვილი შ. ჩ-ი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 17 მაისის მდგომარებით მ. ბ-ეის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულია თავად და შვილი: შ. ჩ-ი, სარეიტინგო ქულაა 39 980 და ოჯახი იღებს შემწეობას. საქართველოს თვითმმართველი თემის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის 2020 წლის 16 სექტემბრის №104 ცნობით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში აქვთ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი და მათ სხვა საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში არ გააჩნიათ.
მ. ბ-ემ (ქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი: ჩ-ი) 2016 წლის 15 სექტემბერს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ №04-105197 განაცხადი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2017 წლის 21 სექტემბერს ოჯახს მიენიჭა 16.5 ქულა. გადამოწმების ოქმის თანახმად, მ. ჩ-იის ოჯახი (თავად და შ. ჩ-ი) ცხოვრობდა იმავე სოფელში, შვილის - კ. ჩ-იის სახლში. 2020 წლის 1 დეკემბრის შეფასებით, მ. ჩ-იის ოჯახი 16,5 ქულის ნაცვლად შეფასდა 10,5 ქულით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 1 აპრილის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სამინისტროს მიერ ოჯახის საჭიროებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს შეუფერხებლად შეუძლია ისარგებლოს იმავე სოფელში (ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) მ. ჩ-იის შვილის - კ. ჩ-იის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც არ ქმნიდა მათი განსახლების გადაუდებელ აუცილებლობას. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 1 აპრილის №1 გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 8 აპრილს გამოსცა №03-840/ო ბრძანება, მოსარჩელეების, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეების მიერ საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში ქონის ფაქტი, გარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებისა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2016 წლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, მ. ბ-ეის (ქორწინებამდელი გვარი) ოჯახი იმყოფება მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ, ვინაიდან მეწყრული პროცესის გააქტიურება მომავალშიცაა მოსალოდნელი. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მ. ბ-ე საჭიროა გადაყვანილ იქნეს გეოლოგიურად მდგრად ადგილას. ზემოაღნიშნულს ასევე ადასტურებს იმავე ადმინისტრაციული ორგანოს 10.03.2021წ. დასკვნა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული 2019 წლის 25 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მ. ჩ-იის და შ. ჩ-ის საკუთრებაში ირიცხება ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 2030 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3; ს.კ. ....
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს მ. ჩ-იის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა ალტერნატიული საცხოვრებლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის მიერ კ. ჩ-იის კუთვნილი საცხოვრებლით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელეების გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ კ. ჩ-იი ცხოვრობს და მუშაობს ქ. ქუთაისში, სახელმწიფოს მიერ მისთვის ნაქირავებ სახლში, რამეთუ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება კ. ჩ-იის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენების სამომავლო პერსექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა