ბს-1133(4კ-20) 07 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ა...ის“ და ზ. ჭ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ც-ამ 22.10.2015წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის, ზ. ჭ-ას და შპს „ა...ის“ მიმართ. 24.11.2015წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ ასევე დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 15.05.2011წ. №... და №..., 21.03.2012წ. №... და №..., 19.12.2013წ. №... და №..., 18.06.2015წ. №... და №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 06.08.2015წ. №... და №... გადაწყვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 29.10.2015წ. №261996 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მიწის ნაკვეთების საზღვრების და ფართობის დაზუსტების თაობაზე თ. ც-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 02.03.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 29.03.2019წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩელის თ. ც-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 15.05.2011წ. №..., ზ. ჭ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ 21.03.2012წ. №..., შპს „ა...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ 19.12.2013წ. №..., სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 74 134 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 15.05.2011წ. №..., ზ. ჭ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ 21.03.2012წ. №..., შპს „ა...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ 19.12.2013წ. №... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ა...ის“, ზ. ჭ-ას, თ. ც-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებით, შპს „ა...ისა“ და ზ. ჭ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონალური ოფისისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თ. ც-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სენაკის რაიონული სასამართლოს 29.03.2019წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება თ. ც-ას დაზუსტებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 15.05.2011წ. №..., ზ. ჭ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ 21.03.2012წ. №..., შპს „ა...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ 19.12.2013წ. №..., სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 15.05.2011წ. №..., ზ. ჭ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ 21.03.2012წ. №..., შპს „ა...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ 19.12.2013წ. №... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებად აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე №1 დანართით წარმოდგენილი უძრავი ქონების, სახელდობრ №1 დანართის მე-4 და მე-5 გრაფებში მითითებულ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. და 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.05.2011წ. №06/9072 მიმართვა, აბაშის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 152 798 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების (74 134 კვ.მ. და 78 664 კვ.მ.) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.02.2012წ. №1/391 ბრძანება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს ზ. ჭ-ას შორის 19.03.2012წ. დადებული №... უ.პ. ნასყიდობის ხელშეკრულება, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე თ. ც-ას ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე თ. ც-ას სახელზე იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლებით. სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა მოსარჩელის სახელზე არსებული ჩანაწერი, ამდენად, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა და არ დაეშვა ორი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომლითაც დადგენილია სახელმწიფო საკუთრებაში ქონების მიქცევის შემთხვევები. სადავო მიწის ნაკვეთები ამ ნორმაში მითითებული არც ერთი წესით არ ყოფილა ჩამორთმეული. ამდენად, სახელმწიფო იყო არაუფლებამოსილი განეკარგა კერძო საკუთრება. სამინისტროს აქტით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა თ. ც-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ქონება არის მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. პრივატიზების სამმართველოს უფროსის ბრძანებებით ასევე საპრივატიზაციო ნუსხაში არასწორად აღირიცხა და აუქციონზე არასწორად იქნა გატანილი კერძო საკუთრება. ეს ბრძანებებიც ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველ მუხლს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ქონება ექვემდებარება პრივატიზაციას და არა კერძო საკუთრება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. ჭ-ას შორის დადებული 19.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულება არის აუქციონის თანამდევი შედეგი, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი ეცლება სამინისტროს მიმართვისა და სამმართველოს ბრძანებების ბათილად ცნობის გამო. თანმდევი შედეგიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ განიხილება ხანდაზმულად, ხოლო სადავო აქტები მოსარჩელეს არ ჩაბარებია სზაკ-ით დადგენილი წესით, შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელი არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. ც-ას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 30 დღის ვადაში არ გაუსაჩივრებია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 18.06.2015წ. გადაწყვეტილებები (კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის თაობაზე). აბაშის სარეგისტრაციო სამსახურმა 06.08.2015წ. მიიღო
კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (გასაჩივრების ვადის გასვლის გამო). ანალოგიური საფუძვლით (საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო) თ. ც-ას სწორად ეთქვა უარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2015წ. გადაწყვეტილებით
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რის გამო არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო თ. ც-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია, არ არსებობს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე თ. ც-ას წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კერძოდ, მოითხოვა ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.05.2011წ. მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.02.2012წ. ბრძანების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ზ. ჭ-ას შორის 19.03.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. განსახილველ შემთხვევაში თ. ც-ას სარჩელის მიზნის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა არა დავის საგნის გაზრდა - სარჩელის საფუძვლის, ან საგნის შეცვლა, არამედ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, რაც იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსარჩელეს ადმინისტრაციულ პროცესში არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შეუძლია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ა...ის“, ზ. ჭ-ას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორებმა - შპს „ა...მა“ და ზ. ჭ-ამ აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს. უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თ. ც-ამ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2015 წელს. ამ დროისათვის მისთვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების, პრივატიზაციის ხელშეკრულების, მიმართვის, ბრძანების არსებობის შესახებ, თუმცა მას არ მოუთხოვია ზ. ჭ-ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლების ბათილად ცნობა. ასეთი მოთხოვნით თ. ც-ამ სასამართლოს მიმართა 2020 წელს, შესაბამისად, მოსარჩელემ გაუშვა საპროცესო უფლების გამოყენების ვადა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს წარმოადგენს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ თ. ც-ამ სააპელაციო სასამართლოში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რაც დაუშვებელია. სარჩელის დაზუსტებად არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა/გაზრდა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს მხარისთვის სამართლებრივი დახმარების მიზნით, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც გასულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრების ვადა.
კასატორებმა - შპს „ა...მა“ და ზ. ჭ-ამ აღნიშნეს, რომ ზ. ჭ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უძრავი ნივთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად და სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ზედდების არსებობა არ დადგენილა. აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს იმ გარემოებას, რომ ზ. ჭ-ა იყო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, ასევე არ შეაფასეს ის გარემოება, რომ შპს „ა...ი“ არის უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი მესაკუთრე. კასატორებმა მიუთითეს სკ-ის 185-ე, 312-ე მუხლებზე და აღნიშნეს, რომ ზ. ჭ-ამ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ნივთზე გამსვისებლის უფლება შეიძლება ხარვეზიანი ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულება აუქციონის თანმდევი შედეგია, რაც არასწორი მსჯელობაა. თ. ც-ას სახელზე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს განხილული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი.
კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებად ვერ იქნება მიჩნეული ახალი სასარჩელო მოთხოვნების წარდგენა. სსკ-ის 377-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სსკ-ის 368-ე მუხლით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის მონაცემები, რომლის გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის, ამავე სამინისტროს ბრძანების და პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა ვერ იქნება განხილული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იცნობს სააპელაციო სარჩელის ინსტიტუტს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო წარმოების ფარგლებში განეხილა ახალი სასარჩელო მოთხოვნები, რის გამო სამინისტრო ვერ შეაფასებს სამინისტროს აქტების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებულ გარემოებებს.
კასატორმა სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე თ. ც-ამ მოითხოვა იმ უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობა, რომლებიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებს. სსკ-ის 381-ე მუხლიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა იმ აქტების და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების განხილვის უფლება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა.
კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფოს საკუთრების განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ დადგენილა და არც ახლა ფიქსირდება მესამე პირთა საკუთრების უფლება. მოსარჩელის სახელზე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია დაუზუსტებელი ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს განხილული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ ზ. ჭ-აზე პრივატიზებულ და საბოლოოდ შპს „ა...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურს, ასევე არასწორად მიიჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ჯერ კიდევ 2004 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ზ. ც-ა, ხოლო შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ც-ა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა პასუხს არ სცემს საქმის გადაწყვეტისთვის აუცილებელ საკითხებს. სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები სრულად იქნა ბათილად ცნობილი, თუმცა ზედდების არსებობა დადგინდა მხოლოდ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2020წ. განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა...ის“ და ზ. ჭ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასკ-ის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაზუსტებაში (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნის გაზრდას, სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლას, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, საჭიროებს მოპასუხე მხარის თანხმობას (სსკ-ის 83.3 მუხ.), არამედ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას. სასკ-ის 281 მუხლის თანახმად მხარისათის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენს. მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია დაზუსტებელი მონაცემებით, რასაც ვერ ახერხებს ამ უძრავ ნივთებზე სხვა პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამო, შესაბამისად, მის ინტერესს შეადგენს ყველა იმ საფუძვლის მოსპობა, რაც მიწის ნაკვეთებზე მესამე პირების საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირდება. თ. ც-ას სასარჩელო მოთხოვნებს საქალაქო სასამართლოში შეადგენდა მხოლოდ საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება არ საჭიროებდა მოპასუხეთა წრის დაზუსტებას. ამდენად, კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაციის საფუძვლების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები წარმოადგენს არა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას, არამედ გაზრდას, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
უსაფუძვლოა კასატორების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ზ. ჭ-ას და შპს „ა...ის“ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თ. ც-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა ამ უძრავის ნივთის იდენტიფიცირების საშუალებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი (სუსგ 28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363(კ-12)). საქმის მასალებში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.02.2019წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თ. ც-ას საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული 28.02.2007წ. და 01.03.2007წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ასევე საკადასტრო რუკებზე მითითებული უძრავი ქონებების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება ძირითადად შესაბამისობაშია თ. ც-ას 12.06.2015წ. განცხადებებით საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების მდებარეობასთან. კასატორებს არ წამოუდგენიათ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, არ მიუთითებენ თ. ც-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სხვა ადგილმდებარეობაზე. ამდენად, კასატორების მითითება, უძრავ ნივთზე დაუზუსტებელი მონაცემებით უფლების რეგისტრაციის გამო, იდენტურობის დაუდგენლობის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან.
დაუსაბუთებელია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის გამომრიცხავ გარემოებად კეთილსინდისიერ შემძენზე მითითება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.). განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებით შეიზღუდა დაინტერესებული პირის - თ. ც-ას უფლება და კანონიერი ინტერესი. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინსტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, სზაკ-ის 70.2 მუხლის თანახმად ქმნის ხელშეკრულების ბათილობის დამატებით საფუძვლებს. ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ჭ-ას მიერ აუქციონში გამარჯვების შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი, ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის გამოცემას. მოცემული პროცესის განხორციელებისას მიღებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ქმნის მათი საბოლოო შედეგის - ნასყიდობის ხელშეკრულების კანონთან შეუსაბამობისა და მისი ბათილად ცნობის აუცილებელ, გარდაუვალ და თანმდევ პირობას (სუსგ 10.04.2014წ. №ბს-320-311(2კ-12)). საქმეზე დადგენილია, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული იყო თ. ც-ას საკუთრებად, ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იყო სადავო უძრავი ნივთების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, კასატორების მითითება კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ნორმებზე არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის გაცნობის ზოგად წესს განსაზღვრავს სზაკ-ის 55-ე–58-ე მუხლები, კერძოდ, მითითებული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისთვის გაცნობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ამ აქტით მიღებული გადაწყვეტილების მიღების ფაქტისა და გადაწყვეტილების შინაარსის მხარისათვის გაცნობას. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, შესაბამისად, აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადა არ აითვლება. განსახილველ შემთხვევაში კასატორები არ მიუთითებენ კანონით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტების მოსარჩელის მიერ გაცნობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის თაობაზე მითითება უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „ა...ის“ და ზ. ჭ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა...ის“ და ზ. ჭ-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილება;
3. ბ. წ-ას (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2020წ. №24242583 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი