საქმე №ბს-927(2კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 21 იანვარს ლ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
სარჩელის თანახმად, ლ. წ-ეის საკუთრებას წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №68-ში მდებარე 233.28 კვ.მ კომერციული ფართი, რომელიც შეიძინა 2017 წელს. ფუნქციურად ფართის ექსპლუატაცია დაგეგმილია სამხატვრო-საგამოფენო დარბაზის მოწყობის და პერიოდულად სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენების ორგანიზების მიმართულებით.
2021 წლის 13 მარტს ლ. წ-ემ AR1809907 განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა I კლასის მახასიათებლების მქონე სამუშაოების წარმოების შესაძლებლობის დადასტურება. 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახური დაეთანხმა ლ. წ-ეის კუთვნილი ფართის ფასადზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებასა და გალერეის გარე ექსპოზიციისთვის საჭირო კონსტრუქციის მოწყობის შესაძლებლობას.
ლ. წ-ეის დაკვეთით სამუშაოების შესრულებამ საინჟინრო და ფაქტობრივმა მოცემულობამ განაპირობა შეთანხმებულ დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რისთვისაც მან 2021 წლის 13 სექტემბერს AR1850249 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და წარუდგინა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი. არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილებით ლ. წ-ეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 2021 წლის 30 სექტემბერს ლ. წ-ემ კვლავ AR1853661 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და დამატებით განუმარტა ცვლილებების საჭიროების აუცილებლობა. განცხადებას თან ერთვოდა შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინჟინრო დოკუმენტები. მიუხედავად აღნიშნულისა, არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ლ. წ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა. არქიტექტურის სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2021 წლის 22 ნოემბრის №1657 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა გადაჩივრებული გადაწყვეტილებები, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს და არ ეთანხმება. მოსარჩელე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებას და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებითად არ იცვლება და არ უარესდება შენობის ვიზუალური და ესთეტიური მხარე. ამასთან, სამუშაოთა თითქმის 90% უკვე განხორციელებულია, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საჯარო და კერძო ინტერების პროპორციულობა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილებისა და 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილების, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 ნოემბრის №1657 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის ლ. წ-ეის 2021 წლის 13 სექტემბრის AR1850249 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილება, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 ნოემბრის №1657 ბრძანება და მოპასუხე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ. წ-ეის 2021 წლის 13 სექტემბრის AR1850249 განცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 13 მარტს ლ. წ-ემ AR1809907 განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (თბილისი, ...ის ქუჩა №68, კომერციული ფართი №1, 233.28 კვ.მ.; ს/კ ...), გალერეის გარე ექსპოზიციისთვის მოსაწყობი კონსტრუქციის პროექტის (I კლასის სამშენებლო სამუშაოები) შეთანხმების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით ლ. წ-ეს ნება დაერთო ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში კუთვნილი ფართის ფასადზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებასა და გალერეის გარე ექსპოზიციისთვის საჭირო კონსტრუქციის მოწყობის შესაძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის პროცესში წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის კორექტირების მოთხოვნით ლ. წ-ემ 2021 წლის 13 სექტემბერს კვლავ მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს. წარდგენილი განცხადებიდან ირკვეოდა, რომ მეტი უსაფრთხოების მიზნით, მინის გადახურვა ჩანაცვლდა გამჭვირვალე ორგანული მინით, ხოლო ორგანული მინის ფურცლების ჩაღუნვის თავიდან ასაცილებლად გადახურვის კონსტრუქციას ჩაემატა ფოლადის მილკვადრატები. ამასთან, კონსოლის ტექნიკურად სწორ ადგილას ჩაანკერების გამო, მისი სიგრძე შემცირდა და გახდა 19.65 კვ.მ. გარდა ამისა, საჭირო გახდა კონსოლის იატაკის დონის 14 სმ-ით აწევა, რათა დამთხვეოდა ინტერიერის იატაკის დონეს, ხოლო ვიზუალური სიმსუბუქის მისანიჭებლად გარე პერიმეტრზე გასქელებული შუბლი დაიფარა მინის მოაჯირით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 სადავო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ლ. წ-ეს უარი ეთქვა კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეთანხმებაზე, კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითების გარეშე, თუმცა, როგორც აპელანტი აღნიშნავდა, უარი მოტივირებული იქნა იმ გარემოებით, რომ კორექტირებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება არათავსებადი იყო მრავალბინიანი შენობის ჩამოყალიბებულ იერსახესთან, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კი არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების მითითება მასზედ, რომ სამშენებლო სამუშაოების პროექტის შეთანხმება და კონკრეტული სამუშაოების მიზანშეწონილობის დადგენა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა, პალატის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პალატამ მრავალბინიანი შენობის ჩამოყალიბებულ იერსახესთან განსახორციელებელი პროექტის ვიზუალური თავსებადობის შეფასებისას, მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა საქმეში წარმოდგენილ რიგ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნია, რომ უკვე შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან შედარებით, ახალ პროექტს რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ შპს „ო...ის“ 2022 წლის 10 მარტის საექსპერტო დასკვნაზე, ასევე - ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ 2021 წლის 29 სექტემბერს გაცემულ დასკვნაზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში ლ. წ-ეის კუთვნილი ფართის ფასადზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას და გალერეის გარე ექსპოზიციისთვის საჭირო კონსტრუქციის მოწყობის შესაძლებლობას, რასაც შემდგომში ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არსებითი ცვლილებები არ განუცდია, უსაფუძვლო იყო მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის არგუმენტაცია თავდაპირველ პროექტთან შედარებით არსებულ განაშენიანებასთან ვიზუალური თავსებადობის განსხვავების გამო, სადავო 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
რაც შეეხება სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილებას, პალატამ აღნიშნა, რომ ლ. წ-ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ 2021 წლის 30 სექტემბერს წარდგენილი AR1853661 განცხადების არსებითად განხილვაზე იმ პირობებში, როდესაც მის მიერ განმეორებით წარდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო ახალი მტკიცებულება - 2021 წლის 29 სექტემბრის კონსტრუქციული დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა განცხადების განუხილველად ლ. წ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ასევე საფუძვლიანი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სადავო აქტები - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილება სახეშეცვლილი რეკონსტრუქციის თაობაზე და ამავე სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე უკანონო იყო მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 ნოემბრის №1657 ბრძანებაც და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველიც. სადავო აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებდა რა იმ გარემოებას, რომ არამართლზომიერად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური შეუთავსებლობის საფუძველზე მითითებით, მიიჩნია, რომ მართებულად დაევალა მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ლ. წ-ეის 2021 წლის 13 სექტემბრის AR1850249 განცხადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავენ, რომ ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, გაბარიტებისა და ვიზუალის, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეტყობინების შეთანხმების საკითხი წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას. ამდენად, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესი აღნიშნული სამუშაოების განხორციელების თაობაზე, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქ თბილისის მხატვრული იერსახის შენარჩუნებასა და დახვეწა-გაუმჯობესებაში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მისაღები სახით განვითარებაში.
კასატორების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მათი თანაზომიერი დაბალანსებით, შესათანხმებლად წარდგენილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების არსებულ განაშენიანებასთან თავსებადობის გადასინჯვის შედეგად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამდენად, არქიტექტურის სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სრულად კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კასატორები განმარტავენ, რომ მოსარჩელის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებები შინაარსობრივი თვალსაზრისით წარმოადგენენ ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებებს, რამდენადაც ორივე მათგანით მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეტყობინების შეთანხმება. ამდენად, განმცხადებლის განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ იყო ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის მოსარჩელის სასარგებლოდ შეცვლა, ასევე არ დასტურდებოდა რაიმე სახის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომელიც განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. შესაბამისად, არსებობდა მოთხოვნის განუხილველად განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა განმარტებითაც შესაძლებელია იმ სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა რაც მოთხოვნილი იყო მოსარჩელე მხარის მიერ, თუმცა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით კონკრეტული სამუშაოების შესაძლებლობის დადასტურებით არ ქმნიან მშენებლობის გაცემის საკმარის საფუძველს, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. აღნიშნული მიდგომა ფუნქციას უკარგავს არქიტექტურის სამსახურის უფლებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 13 მარტის განცხადებას, რომელიც დაკმაყოფილდა სამსახურის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, თან ერთვოდა ფოტომონტაჟი, თუ რა სახის სამუშაოების განხორციელებას გეგმავდა დამკვეთი, ასევე, პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და შპს „ბ...“-ის 2021 წლის 1 მარტის კონსტრუქციული დასკვნა, კონსოლური აივნის მოწყობის შესაძლებლობისა და აივნის მოწყობისათვის ჩასატარებელი სამუშაოების არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მდგრადობაზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ, რომლის თანახმად, კონსოლური აივნის მოწყობისათვის გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ გამოიწვევდა არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას და პროექტის შესაბამისად მოწყობილი კონსოლური აივნის კონსტრუქცია შეფასდა დადებითად. კასატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დამკვეთმა სამუშაოები აწარმოა შეთანხმებული ფოტომონტაჟის დარღვევით, კერძოდ, მინის გადახურვა ჩანაცვლდა გამჭვირვალე ორგანული მინით, ხოლო ორგანული მინის ფურცლების ჩაღუნვის თავიდან ასაცილებლად გადახურვის კონსტრუქციას ჩაემატა ფოლადის მილკვადრატები, ვინაიდან ორგანული მინა, რომელიც დამკვეთმა გამოიყენა საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ, ბევრად უფრო ელასტიკურია, საჭირო გახდა სწორედ კონსტრუქციაში მილკვადრატების ჩამატება, ასევე, ვინაიდან კონსოლის იატაკის დონემ აიწია 14 სმ-ით, ხოლო გარე პერიმეტრზე გასქელებული შუბლი დაიფარა მინის მოაჯირით, შესაბამისად, შეიცვალა კონსოლური აივნის და საჩრდილობლის ვიზუალური მხარე, რომელიც აღარ იყო თავსებადი არსებული მრავალბინიანი შენობის ჩამოყალიბებულ იერსახესთან. ამდენად, დამკვეთმა სამუშაოები აწარმოა არა შეთანხმებული ფოტომონტაჟის შესაბამისად, რომელიც სამსახურმა მიიჩნია მიზანშეწონილად, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ, რის გამოც საჭირო გახდა ფოტომონტაჟის დარღვევით ნაწარმოები სამუშაოების დადასტურება. აღნიშნულის გამო, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას თითქოს კორექტირება საჭირო გახდა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან 2021 წლის 13 მარტის განცხადებაზე წარდგენილი იყო შპს „ბ...“-ის 2021 წლის 1 მარტის კონსტრუქციული დასკვნა, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ კონსოლური აივნის მოწყობისათვის გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ გამოიწვევდა არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას და პროექტის შესაბამისად მოწყობილი კონსოლური აივნის კონსტრუქცია შეფასებული იყო დადებითად.
კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მსგავსი მიდგომით სასამართლო ფაქტობრივად ახალისებს დამკვეთს, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს არა სამსახურის მიერ შეთანხმებული ფოტომონტაჟის/პროექტის საფუძველზე, არამედ, თავისი სურვილის და შეხედულებისამებრ, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სამშენებლო პროცესზე.
რაც შეეხება სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილებას, იმ პირობებში, როდესაც 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. წ-ეის განცხადება, სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია წარდგენილი კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეთანხმება, ვინაიდან არ იყო თავსებადი შენობის ჩამოყალიბებულ იერსახესთან, სასამართლოს მიერ ახალ მტკიცებულებაზე - 2021 წლის 29 სექტემბრის კონსტრუქციულ დასკვნაზე მითითებას კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან სამსახურის უარი ეფუძნებოდა არა კონსოლური აივნის განთავსების შესაძლებლობას კონსტრუქციული თვალსაზრისით, არამედ, უარი განპირობებული იყო განსახორციელებელი სამუშაოების მიზანშეუწონლობის კუთხით. ამდენად, 2021 წლის 29 სექტემბრის კონსტრუქციული დასკვნა არ წარმოადგენდა იმ სახის ახალ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემა იქნებოდა შესაძლებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად, მათ შორისაა, I კლასის შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს რეკონსტრუქცია; საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ1“ პუნქტის მიხედვით კი, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფასადზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეტყობინების შეთანხმების საკითხი წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
განსახილევლ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. წ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ასევე ეფუძნება იმ გარემობას, რომ კორექტირებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება არათავსებადი იყო მრავალბინიანი შენობის ჩამოყალიბებულ იერსახესთან. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ შპს „ო...ის“ 2022 წლის 10 მარტის საექსპერტო დასკვნაზე (რომელიც შედგენილია რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ), რომლითაც დგინდება, რომ ძირითადი მზიდი კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია შედგენილი კონსტრუქციული ნაწილის შესაბამისად და მათი ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, მოწყობილი კონსოლური აივნის და საჩრდილობლის ხაზოვან ზომებს (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) ცვლილებები არ განუცდია. ამავე დასკვნაში შეფასებულია ის საკითხებიც, რაც განსხვავდება თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2021 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟისაგან, კერძოდ, ირკვევა, რომ ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, უკვე გაკეთებულ კონსოლურ აივანს და საჩრდილობელს შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან შედარებით არსებითი ცვლილება არ განუცდია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ უკვე შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან შედარებით, ახალ პროექტს რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ 2021 წლის 29 სექტემბერს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №68-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე 2021 წელს, ...ის ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადის მხარეს, შენობაზე მოეწყო 1,80 მ-ის სიგანის კონსოლი. სამუშაოები ჩატარდა კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით, თუმცა მიზანშეწონილი იქნა გადახურვის კონსოლზე ორგანული მინის ფურცელის დამაგრება, რომელიც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ფორმატისა და მაღალი დრეკადობის გამო არ იძლეოდა საშუალებას დამონტაჟებულიყო მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული პროექტით განსაზღვრულ მთავარ საყრდენ ელემენტებზე. არსებულ შენობაზე დამატებითი წონის შესამცირებლად და ასევე არქიტექტურული გადაწყვეტის შესაბამისად, იატაკის მასალის ცვლილების გამო, კონსტრუქციული პროექტით გათვალისწინებული 4 კვადრატული მილი მწარმოებლის რეკომენდაციიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფდა შერჩეული მასალის „დეკის“ სიმტკიცესა და მდგრადობას ზემოაღნიშნულ კვადრატულ მილებს შორის არსებული დიდი მალის გამო. ამდენად, გაიცა რეკომენდაცია გადახურვის კონსოლს დამატებოდა დამატებითი, არამზიდი ელემენტები ორგანული მინის მდგრადობისთვის, ჩაღუნვისა თუ ჩატეხვის თავიდან ასაცილებლად. ასევე, კონსოლის იატაკის მოსაწყობად განსაზღვრულ 4 კვადრატულ მილს დამატებოდა იგივე კვეთის ერთი დამატებითი კვადრატული მილი, მილებს შორის მალის შესამცირებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ...ის ქ. №68-ში ლ. წ-ეის კუთვნილი ფართის ფასადზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას და გალერეის გარე ექსპოზიციისთვის საჭირო კონსტრუქციის მოწყობის შესაძლებლობას, რასაც შემდგომში ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არსებითი ცვლილებები არ განუცდია, უსაფუძვლო იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის არგუმენტაცია თავდაპირველ პროექტთან შედარებით არსებულ განაშენიანებასთან ვიზუალური თავსებადობის განსხვავების გამო, სადავო 2021 წლის 14 სექტემბრის №5596695 გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი დასახელებული მტკიცებულებები ასევე ადასტურებს იმ გარემობას, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ცვლილება - მინის ორგანული მინით ჩანაცვლება და შედეგად, ორგანული მინის მდგრადობისთვის დამატებითი, არამზიდი ელემენტების დამატება, ეფუძნება შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე და არა მოსარჩელის თვითნებობას.
რაც შეეხება სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 სექტემბრის №5619436 გადაწყვეტილებას, რომლითაც ლ. წ-ეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უარი ეთქვა კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ 2021 წლის 30 სექტემბერს წარდგენილი AR1853661 განცხადების არსებითად განხილვაზე, იმ პირობებში, როდესაც მის მიერ განმეორებით წარდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო ახალი მტკიცებულება - 2021 წლის 29 სექტემბრის კონსტრუქციული დასკვნა, არ არსებობდა განცხადების განუხილველად ლ. წ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 23.08.2022წ. №01308 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.08.2022წ. №01308 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა