Facebook Twitter

საქმე №ბს-884(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 16 თებერვალს ქ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს აფხაზეთიდან, კერძოდ, გულრიფშის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული პირს, ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1, სასტუმრო „...ში“ (...) მშობლებთან, 2 შვილთან და მეუღლესთან ერთად.

მოსარჩელის მითითებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც წლებია ცხოვრობენ არის ნგრევადი ობიექტი, რის გამოც მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება, მის მშობლებს და დას მისცეს ბინა ქუთაისში, ხოლო მას უარი უთხრეს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების მოტივით.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მონიტორინგის ჯგუფს ობიექტის შესამოწმებლად მისვლის დროს პირადად დახვდა და ხელი მოაწერა ოქმს. აფხაზეთის დატოვების შემდგომ მთელი ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ ობიექტზე, ბავშვიც სკოლაში იქ დადის. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ ობიექტში მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა მოპასუხის 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2658/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2658 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთ, ეკომიგრანტთა და საარსებო წაყროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის - ქ. ხ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2658/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ქ. ხ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების პრიორიტეტულობა. ამასთან, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტების შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, განხილულ იქნა საკითხი ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 28 ნგრევადი ობიექტის დახურვის მიზნით, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე, მათ შორის ...ის ქუჩა №1 განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. ხ-ეს უარი ეთქვა განსახლებაზე და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო).

სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, 2020 წლის 30 ივნისს განხორციელდა ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში (ქ. ქუთაისში, ...ის ქ №1-ში შპს „...ი“ (...)) მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. აღწერის დროს ქ. ხ-ე მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდნენ მხოლოდ მისი მშობლები, თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ ადგილზე გამოცხადდა მოსარჩელეც. აღწერის ფორმის შესაბამისად ქ. ხ-ეის ოჯახს 1993 წლიდან დღემდე მოკავებული აქვს აღნიშნული ფართი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ა. ც-ის საკუთრებაზე, რადგან დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-ი არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს და არის სხვა პიროვნება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, ა. კ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის.

სააპელაციო პალატამ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება განმცხადებელის ოჯახთან და შვილებთან ერთად ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრებასთან დაკავშირებით საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატამ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიეტში ცხოვრების ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნია ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ქუთაისის № საჯარო სკოლის დირექტორისადმი წერილი და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, მათი საუკეთესო ინსტერესების გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დაასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ნგრევად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი. კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ქ. ხ-ე და მისი ოჯახი არ წარმოადგენენ ნგრევადი ობიექტის - ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში შპს „...ის“ („...ს“) ფაქტობრივ მაცხოვრებლებს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ორჯერ იმყოფებოდნენ სხვადასხვა მისამართზე. პირველი ვიზიტი განხორციელდა ნგრევადი ობიექტის მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1, სასტუმრო „...ი“ (...)), სადაც მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ქ. ხ-ეის მშობლები, ხოლო მოსარჩელე შვილთან ერთად გამოცხადდა მოგვიანებით. მონიტორინგის თანამშრომლების დამატებითი ვიზიტი განხორციელდა ქ. ხ-ეის მეუღლის მ. ც-ის - ძმის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: სამტრედია, ...ის ქ. №1-ში. ზემოაღნიშნულ მისამართზე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს დახვდათ მ. ც-ის რძალი - ქ. ო-ე, რომელმაც აღნიშნა, რომ მ. ც-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს დედის - ა. ც-ის ნაყიდ სახლში. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას. ქ. ო-ეის ახსნა-განმარტება ასახულია მონიტორინგის ოქმში, შესაბამისად აქვს წერილობითი მტკიცებულების სახე. კასატორი აცხადებს, რომ აღწერის ფორმა დადგენილია ნორმატიულად. ამდენად, ბუნდოვანია სასამართლომ რატომ არ ჩათვალა საკმარის მტკიცებულებად მონიტორინგის ფორმები და აღნიშნულის საპირისპიროდ ქ. ხ-ეის ნგრევად ობიექტში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებლად მიიჩნია ქ. ქუთაისის №... საჯარო სკოლის დირექტორისადმი მიწერილი წერილი და ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები.

კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და აღნიშნა, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინიტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. ნგრევადი ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისათვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე გასახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. კასატორი აღშნავს, რომ დევნილი ოჯახის ნეგრევად ობიექტში ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობისას, სააგენტო არ არის უფლებამოსილი დევნილ ოჯახი სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ გაასახლოს. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს უსამართლობის განცდას და გააჩენს პროტესტის გრძნობას სხვა დასაკმაყოფილებელ დევნილ ოჯახებს შორის.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. სააგენტომ შეისწავლა რა ქ. ხ-ეის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი დაადგინა, რომ პირი აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2658/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ზემოაღიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და სააგენტოსთვის მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. მოსარჩელე და მისი ოჯახის რეგისტრაციის ადგილია: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1. მოსარჩელე სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი სახოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმით კომისიამ იმსჯელა 10.08.2020 წლის სხდომაზე (ოქმი 41) მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მდებარე 28 ნგრევადი, სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტების დახურვის მიზნით, მათში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე იმერეთის რეგიონში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 28 ნგრევადი ობიექტის დახურვის მიზნით, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე, მათ შორის კ. ...ის ქუჩა №1 განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. ხ-ეს უარი ეთქვა განსახლებაზე და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო)

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე, შპს „...ი“ (...) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს სოცოცხლისთვის საფრთხის შემცველ, ნგრევად ობიექტს, თუმცა კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა ზემოაღნიშნულ ფართში ქ. ხ-ეის და მისი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მონიტორინგის თანამშრომლების მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, რომ იგი არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

განსახილველ შემთხვევაში კი, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა №1-ში შპს ...ის სასტუმროში (...ში) მოსარჩელის ოჯახის ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი დევნილის მოწმობით დგინდება, რომ ქ. ხ-ე და მისი შვილები - ე. და თ. ც-იები რეგისტრირებულნი არიან და მათ საცხოვრებელ მისამართად მითითითებულია იმერეთი, ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. ხ-ეის 11.06.2018წ. განცხადება მიმართული ქუთაისის №... საჯარო სკოლის დირექტორისადმი, სადაც მოსარჩელე საცხოვრებელ მისამართად სწორედ ...ის ქ. №1-ს უთითებს. საქმეში დაცული ხ. გ-ის და გ. ბ-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების შესაბამისად, ქ. ხ-ეის, მ. ც-ის და მათი არასრულწლოვანი შვილების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: ქ.ქუთაისი, ...ის ქუჩა №1. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ის ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. ამასთან, საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავადაც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სატელეფონო ზარის შემდეგ ქ. ხ-ე გამოცხადდა შემოწმების ადგილას.

საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მოსაზრებას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 06.10.2020 წ. მონიტორინგის ფორმაში დაფიქსირებული ქ. ო-ეის ზეპირსიტყვიერი განმარტების შესაბამისად, ქ. ხ-ეის ოჯახი ცხოვრობდა დედამთილის - ა. ც-ის ნაყიდ ბინაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ა. ც-ი არის სხვა პიროვნება და არ წარმოადგენს ქ. ხ-ეის ოჯახის წევრს, რაზეც კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი ქ. ხ-ეის ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მონიტორინგის ოქმის, როგორც წერილობითი მტკიცებულების უპირობოდ გათვალისწინების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ოქმში ასახული განმარტება ქ. ხ-ეის ოჯახის დედამთილის საკუთრებაში ცხოვრებასთან დაკავშირებით უზუსტოა, ვინაიდან ოქმში მოხსენიებულია ა. ც-ი, რომელიც არ არის მოსარჩელის ოჯახის წევრი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებამდე ზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში გადაემოწმებინა ქ. ხ-ეის ფაქტობრივი საცხოვრებლის თაობაზე მიღებული ინფორმაცია, კერძოდ, გამოეკვლია მისი დედამთილის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის 2021 წლის 27 ოქტომბრის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ ა. კ-ის (დედამთილის) სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის წერილი ადასტურებს, რომ ქ. ხ-ეის მეუღლის - მ. ც-ის სახელზე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ქ. ხ-ეის არასრულწლოვანი შვილების - თ. ც-იის (დაბ: ...) და ე. ც-ის (დაბ: ...) საუკეთესო ინტერესები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა