ბს-1188(2კ-20) 07 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
...მა საქართველოში 03.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.12.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016წ. N000497 დადგენილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.08.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.08.2016წ. ბრძანება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016წ. დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016წ. დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 17.08.2016წ. ბრძანება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016 წ. N000497 დადგენილებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016 წ. N000497 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა 22.09.2015წ. მითითების შედგენის საფუძვლების მოსარჩელისათვის ცხადად განმარტების ფაქტი, სადავო დადგენილების მიღებისას საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა. 22.09.2015წ. მითითების მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარღვევად იქნა მიჩნეული კერძო საკუთრებაში მყოფ ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ღობის მშენებლობა, დარღვევის თვალსაჩინოებისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ იქნა ფოტოები, თუმცა ფოტოებზე ასახულია მხოლოდ ქ. თბილისში, ...ში, ...ის დასახლების ... ქუჩის ...-ში მდებარე ნაგებობა. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში არაერთგზის წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად, არ დგინდება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელეს ზუსტად და კონკრეტულად განუმარტა სამართალდარღვევის არსი, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ეტაპზე შედგენილი ნახაზებით გაირკვა თუ კონკრეტულად ნაგებობის რა ნაწილს ეხებოდა 22.09.2015წ. მითითება. ამასთანავე, მოსარჩელე თვლის, რომ ნახაზზე არსებული მდგომარეობა, მათ შორის ნაგებობის სადავო ნაწილი, პროექტის შესაბამისია, თუმცა აღნიშნული მიმართულებით საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული წარმოებაა და სახდელის დაკისრებას სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა განაპირობებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ცხადად მიუთითოს, თუ რა წარმოადგენს სამართალდარღვევას და რა სახით უნდა იქნეს იგი გამოსწორებული, რაც მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა, პირს არ მიეცა დარღვევის გამოსწორების რეალური შესაძლებლობა. პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, თუმცა მიიჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა განაპირობებდა დავაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ისნპექციის მიერ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო ღობის მოწყობამდე ობიექტი ექსპლუატაციაში იყო მიღებული, რაც ნიშნავს, რომ მშენებლობა განხორციელებული იყო სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოები არ ემსახურებოდა ობიექტის პროექტთან შესაბამისობის მიღწევას. ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ განხორციელებული მშენებლობა მიიჩნევა ახალ მშენებლობად და საჭიროებდა მშენებლობის ახალ ნებართვას. მოსარჩელის მიერ კაპიტალური ღობე მოეწყო ასეთი ნებართვის არარსებობის პირობებში. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა, სადავო აქტები გამოცემულ იქნა ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთანავე, მოსარჩელეს წარედგინა ფოტოები, რომელზეც დაფიქსირებული იყო დარღვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტისა და გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე ...მა საქართველოში თავის საკუთრებაში რიცხულ, ქ. თბილისში, ...ში, ...ის დასახლების ... ქუჩის ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განახორციელა მშენებლობა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.04.2011წ. ბრძანებით ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. 2015 წლის სექტემბერში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მიუთითა მშენებლობის პროექტის მცირედი გადახვევით განხორციელებაზე, კერძოდ, ღობის სხვა ადგილას მოწყობაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში აპირებდა დარღვევის გამოსწორებას. მოსარჩელის საქმეში დაცული განმარტებებითაც დასტურდება, რომ მოხდა ღობის გარკვეული ნაწილის მდებარეობისა და კონფიგურაციის ცვლილება, ჭიშკრის გადატანა, ღობის მონგრეული ნაწილის რკინის კონსტრუქციით შემოღობვა. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა 15.09.2015წ. მითითება, თუმცა მოგვიანებით, ობიექტის გადამოწმების შედეგად დადგინდა მითითების შესრულება, სამართალდარღვევის გამოსწორება, უნებართვოდ მოწყობილი ჭიშკრისა და მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი, რის გამო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.11.2015წ. N000469 დადგენილებით მოსარჩელის მიმართ 15.09.2015წ. მითითების საფუძველზე მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 15.09.2015წ. მითითების შესრულების შესახებ მოსარჩელემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა 22.09.2015წ. განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ კარი გადატანილ იქნა პროექტში მითითებულ ადგილას, დემონტაჟი გაუკეთდა ღობის პროექტთან შეუსაბამო კონფიგურაციის ნაწილს და ამოშენდა ის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამებოდა პროექტის იერსახეს. ადგილზე ვიზიტის შედეგად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ერთი მხრივ გადამოწმდა 15.09.2015წ. მითითების შესრულების საკითხი, ხოლო მეორე მხრივ შედგა ახალი - 22.09.2015წ. მითითება ღობის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის ფაქტზე. 22.09.2015წ. მითითების გაცნობის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლადარღვევის შინაარსის განმარტების, დარღვევის კონკრეტულად იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა სათანადო ინფორმაცია არ მიუღია. ამასთანავე, მოსარჩელე აფიქსირებდა დარღვევის გამოსწორების სურვილსა და მზადყოფნას, თუმცა ობიექტის სადავო ნაწილის გამოკვეთის შესაძლებლობა მოსარჩელეს მხოლოდ სანქცის დაკისრების შემდეგ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე მიეცა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.02.2016წ. N000497 დადგენილების გამოცემამდე მოსარჩელეს არ მისცემია დარღვევის გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, რაც ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილად ჩატარებას, საქმის გარემოებათა არასათანადო გამოკვლევას ადასტურებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტის სადავო ნაწილის დაზუსტების შემდგომაც მოსარჩელე თვლიდა, რომ დარღვევა არ იყო სახეზე, რადგან ღობის სადავო ნაწილი სრულ შესაბამისობაში იყო პროექტთან. ამ კუთხით გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღობის სადავო ნაწილი ერთმანეთისგან მიჯნავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთს, რის გამო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ღობის დემონტაჟის შესაძლებლობის დადასტურება. არქიტექტურის სამსახურის მიერ 09.02.2016წ. N2419344 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადასტურდა ღობის დემონტაჟის შესაძლებლობა. ღობის ნაწილი ამჟამად დემონტირებულია, რაც აგრეთვე საჭიროებს გათვალისწინებას ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. ამასთანავე, სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით არის განპირობებული სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის დაცვის საჭიროება, სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, თავდაპირველად პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ 21.01.2020წ. Nბს-468-465(კ-17)). ამდენად, როდესაც პირს არ მისცემია დარღვევის გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, მისთვის სანქციის დაკისრება არ არის დასაბუთებული. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევი სუბიექტი არაერთგზის ეცადა დარღვევის კონკრეტული შინაარსის გარკვევას და ადმინისტრაციული ორგანოსგან სათანადო განმარტებების მიღებას. მოსარჩელისათვის მხოლოდ ისეთი ფოტოს მიწოდება, რომელზეც მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ობიექტი ჩანს, არ ადასტურებს მისთვის სამართალდარღვევის შინაარსის განმარტებას, რადგან ობიექტის სადავო ნაწილზე კონკრეტული მითითება არ მომხდარა. შესაბამისად, მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების შესახებ სადავო დადგენილების მიღების მომენტისათვის მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია დარღვევის არსის შესახებ, რაც უგულებელყოფილი იქნა სადავო აქტების გამოცემისას. არ შეფასდა აგრეთვე ღობის დემონტაჟის ფაქტი და მოსარჩელის მითითება ობიექტის პროექტთან შესაბამისობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი