Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-1133 (4კ-20) 30 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონალური ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს "ა...სა" და ზ. ჭ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თ. ცომაიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 29.03.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება თ. ცომაიას დაზუსტებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სახელდობრ, ბათილად იქნა ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 15.05.2011წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 21.03.2012წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ზ. ჭ-ას (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2013წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) შპს "ა...ს" (ს/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 15.05.2011წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ნაწილში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 21.03.2012წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ნაწილში ზ. ჭ-ას (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2013წ. N... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) შპს "ა...ს" (ს/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.05.2011წ. N06/9072 მიმართვა სახელმწიფო საკუთრებად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, დანართი N1-ით წარმოდგენილი უძრავი ქონების, სახელდობრ N1 დანართის მე-4 და მე-5 გრაფებში მითითებული აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 78 664 კვ.მ. და 74 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.02.2012წ. N1/391 ბრძანება აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდებარე 152 798 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების (74 134 კვ.მ. და 78 664 კვ.მ.) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ზ. ჭ-ას შორის 19.03.2012წ. დადებული N... უ.პ. ნასყიდობის ხელშეკრულება, სარჩელით წარმოდგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე თ. ცომაიას ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს "ა...სა" და ზ. ჭ-ას მიერ.

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილების ასლი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 03.09.2020წ. (ტ.4, ს.ფ. 53). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 24.09.2020წ. (ხუთშაბათი) 24 საათი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 25.09.2020წ. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-397-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე