საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1332 (კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. ც-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2022 წლის 04 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიმართვა თანდართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა (№...) და სხვა მასალებით, დ. ც-ეის (პ/ნ ...) მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, დ. ც-ეის მიმართ, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 56-59).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 07 სექტემბრის დადგენილებით: დ. ც-ეე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166.1 მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დადგენილებაზე, 2022 წლის 20 სექტემბერს, დ. ც-ეის მიერ, წარდგენილ იქნა საჩივარი, რომელიც, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... ოქმის გაუქმება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების შეწყვეტა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 სექტემბრის N4-1571/2022 დადგენილების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 სექტემბრის საოქმო განჩინების(რომლის თანახმად არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმის განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ) ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 სექტემბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობა, რომლის თანახმად არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მომჩივან მოსამართლეების - თ. ს-ეის და ი. პ-ეის მოწმის სახით გამოკითხვაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით დ. ც-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დ. ც-ეის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 სექტემბრის საოქმო განჩინებები და ამავე სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის დადგენილება; ამასთანავე, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ც-ეემ. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმის გაუქმება მოითხოვა. ასევე, მოცემულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ც-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილების კანონიერება. კასატორი ასევე ითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში, №... სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების თაობაზე, ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც მხარეს სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განემარტა. ამდენად, სადავო აქტების შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო, რაც თავისთავად გამორიცხავს როგორც სადავო აქტების კანონიერების, ასევე, საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვას უზენაესი სასამართლოს მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ც-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. დ. ც-ეეს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე