Facebook Twitter

ბს-1087(კ-20) 07 ნოემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 30.12.2016წ. სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შპს „კ...-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი სარგებლობისთვის (საკადასტრო კოდი ...) 2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე 1045 ლარის, 2017 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარის და სალიანდაგო გზით სარგებლობისთვის 2012 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 03.04.2019წ. გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს - შპს „კ...-ს“ მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის - 2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 1045 ლარის, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 540 ლარის და სალიანდაგო გზით სარგებლობისთვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით 192 150 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „კ...-ის“ მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სს „ს...ა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილებით, შპს „კ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სენაკის რაიონული სასამართლოს 03.04.2019წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „კ...-ს“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა იჯარით მეწარმე სუბიექტებზე. მოიჯარეები სარკინიგზო ლიანდაგის გამოყენებით ტვირთის გადაზიდვის თაობაზე სს „ს...ასთან“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე რკინიგზას უხდიდნენ საზღაურს ლიანდაგით სარგებლობისთვის. მიუხედავად უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციისა, სს „ს...ა“ ახორციელებდა აღნიშნულ ქონებაზე ფაქტობრივ ბატონობას და განკარგავდა მას შეხედულებისამებრ, ლიანდაგის სარგებლობისთვის იღებდა შესაბამის საზღაურს. სს „ს...ის“, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სააქციო საზოგადოებას, სალიანდაგო რკინიგზის ხაზზე განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობა შემდგომ პერიოდში საკუთრების უფლების მოპოვებით დასრულდა, კერძოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის - რკინიგზის ლიანდაგის (1416მ) მესაკუთრე 06.09.2018წ. გახდა სს „ს...ა“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 886.82 გრძივი მეტრის, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან - 421.9 გრძივი მეტრი ლიანდაგის სარგებლობის ფაქტის მიმართ შპს „კ...“ არის კეთილსინდისიერი. სკ-ის 163-ე მუხლი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებს, ანუ მფლობელის უფლება-ვალდებულებებს, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება, ან დაკარგა ეს უფლება. უფლებამოსილ პირს გააჩნია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება, მაგრამ ვიდრე ეს პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას, ნივთი და უფლების ნაყოფიც ეკუთვნის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს. სადავო მისასვლელ ლიანდაგზე სს „ს...ა“ მხოლოდ 2014 წლის 30 სექტემბრამდე ახდენდა ხელშეკრულებებისა და საგარანტიო წერილების საფუძველზე შპს „კ...-ის“ კონტრაჰენტების სახელზე შემოსული ვაგონების მიწოდება-გამოტანის ოპერაციებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შპს „კ...“ სწორედ სს „ს...ას“ მიიჩნევდა ლიანდაგის მესაკუთრედ, მფლობელად. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს აპელანტის განზრახვას - სუბიექტურ დამოკიდებულებას, სადავო ნივთის არამართლზომიერად, უფლების გარეშე ფლობის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2014 წლის 30 სექტემბრის შემდგომ პერიოდს, მოცემულ პერიოდში სალიანდაგო ხაზის სარგებლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებათა ერთობლიობაში, მათ შორის სს „ს...ის“ მიერ 16.02.2016წ. და 24.05.2016წ. წერილების შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „კ...-ის“ საგარანტიო წერილების საფუძველზე სადავო მისასვლელ ლიანდაგში 39 ვაგონი გატარდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში.

სახელმწიფოს მხრიდან პრეტენზიის წარდგენამდე შპს „კ...-სთვის“ არ იყო ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ რკინა-ბეტონის მქონე მყარი კონსტრუქციის მიჯნის (ღობის) ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთი, გარდა მის საკუთრებაში არსებული 5032 კვ.მ მიწის ნაკვეთისა, დამატებით შეიცავდა 362 კვ.მ.-ს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული გარემოების შესახებ მოპასუხისთვის გახდა ცნობილი, მან ზემოხსენებული ტერიტორია გამიჯნა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან მავთულბადით. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სახეზე არ არის შპს „კ...-ზე“ სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებათა სარგებლობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საფასურის გადახდის დაკისრების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „კ...-ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „კ...“ არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ქ. სენაკში, ...ის ქ. №12ა-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. საქმეში დაცული მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დასტურდება შპს „კ...-ის“ მიერ 1308,72მ სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის ფაქტი. სს „ს...ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 16.02.2016წ. წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2012 წლის 17 სექტემბრიდან ლიანდაგებზე გატარებული იქნა 67 ვაგონი, მათ შორის შპს „კ...-ის“ მისასვლელ ლიანდაგში 39 ვაგონი თხევადი გაზი. შპს „კ...-ის“ დირექტორის 24.03.2016წ. წერილიდან გამომდინარე სადავო არ არის შპს „კ...-ის“ მისასვლელ ლიანდაგში 39 ვაგონი თხევადი გაზის შეტანის ფაქტი, ამავე წერილში მითითებულია, რომ ეს ვაგონები ეკუთვნის დამქირავებლებს, რომლებსაც ქირავნობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ შპს „კ...-თან“. ამდენად, აღნინული წერილით მოპასუხე ადასტურებს სხვა პირებთან ქირავნობის ხელშეკრულებების დადებისა და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის მიღების ფაქტს, შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სალიანდაგო ხაზის სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 30.01.2017წ. წერილით და ადგილზე დათვალიერებით. კასატორის მითითებით ადმინისტრაციული ორგანო დავის „ძლიერ მხარედ“ მიიჩნევა და მას მაღალი სტანდარტები უწესდება, შესაბამისად მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც მაღალი სტანდარტისაა. იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება, რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა და განკარგვა, ბუნებრივია ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად და სასამართლოში აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს „კ...-ის“ მიერ ხაზობრივი ობიექტების - სალიანდაგო გზების (საკადასტრო კოდები ... და ...) არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება სს „ს...ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 16.02.2016წ. და 30.01.2017წ. წერილებზე. აღნიშნული წერილების მიხედვით შპს „კ...-ის“ მისასვლელ ლიანდაგში 2012 წლის 17 სექტემბრიდან გადატარებული იქნა 39 ვაგონი, ამასთანავე 2014 წლის 30 სექტემბრამდე სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე (საკადასტრო კოდი ...) შპს „კ...-ის“ დანიშნულებით, მისი კონტრაჰენტების სახელზე შესული ვაგონების მიწოდება-გატანის ოპერაციები ხორციელდებოდა საგარანტიო წერილების საფუძველზე. სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 30.01.2017წ. წერილის თანახმად, საგარანტიო წერილის ფორმა დამტკიცებულია სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 12.04.2011წ. დადგენილებით, საგარანტიო წერილით განისაზღვრება უსაფრთხოების საკითხები ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულების განახლებამდე, ასევე ინფრასტრუქტურით სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარგებლის/მფლობელის ვალდებულება რკინიგზის წინაშე. საქმეზე დადგენილია, რომ შპს „კ...-ს“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული სენაკში, ...ის ქ. №12ა-ში მდებარე 5032 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა გადაცემული სხვა იურიდიულ პირებზე. მოიჯარეები შპს „კ...-ის“ მიერ გაქირავებულ მიწის ნაკვეთზე ახდენდნენ თხევადი გაზის შეტანას სს „ს...ის“ მეშვეობით და შემდეგ მის დასაწყობებას. ამდენად, დგინდება, რომ სარკინიგზო ლიანდაგის გამოყენებით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით ლიანდაგით სარგებლობის საზღაურს იღებდა „ს...ა“. სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის 03.04.2020წ. წერილის მიხედვით შპს „კ...-ის“ საგარანტიო წერილების საფუძველზე სს „ს...ა“ მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებას აწარმოებდა 2012 წლის 8 მაისიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე, ამასთანავე საქმეში წარმოდგენილია სს „ს...ის“ მიერ შპს „კ...-ის“ მოიჯარეების - შპს „ა...ს“, შპს „დ...ის“ და შპს „გ...ს“ სახელზე გაცემული ქვითრების ყუა და სალაროს გასავლის ორდერები (ტ.1, ს.ფ. 302-305, 335-342) ვაგონების გადაზიდვის ღირებულების თაობაზე. შპს „კ...-ის“ მიერ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის, საგარანტიო წერილების საფუძველზე ლიანდაგზე ვაგონების მიწოდების და გატანის, აღნიშნული გადაზიდვის ღირებულების სს „ს...ისათვის“ გადახდის შესახებ დადგენილი გარემოებები მოპასუხე შპს „კ...-ს“ უქმნიდა სს „ს...ის“ მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევის გონივრულ და დასაბუთებულ ვარაუდს, რის გამო მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება შპს „კ...-ის“ კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევის შესახებ. მართალია, საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმციიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა სცოდნოდა, რომ ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, მაგრამ უფლების გადამცემის სტატუსთან მიმართებით ის იყო კეთილსინდისიერი. კეთილსინდისიერების ფაქტს ადასტურებს ასევე სახელმწიფოს სახელზე ხაზობრივ ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე 20.03.2009წ. შედგენილი რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გამოკვლევის აქტი, სადაც ს...ის ბალანსზე არსებული 422მ ლიანდაგის მფლობელად მითითებულია შპს „კო...“, ამასთანავე, შპს „ს...ასა“ და შპს „კ...-ს“ შორის 21.04.2009წ. დაიდო ხელშეკრულება სამი წლის ვადით რკინიგზის მისასვლელი 422მ ლიანდაგის ექსპლუატაციის თაობაზე, ამავე ხელშეკრულების დადგინდა მფლობელის მიერ შპს „ს...ისთვის“ საფასურის გადახდა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

სკ-ის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი თავის შინაარსით წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც არ გააჩნია მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა თავად ფაქტის მიმართ არის კეთილსინდისიერი. აღნიშნული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს გააჩნია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება, მაგრამ ვიდრე ეს პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას, ნივთი და უფლების ნაყოფიც ეკუთვნის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს. ამდენად, შპს „კ...-ს“ წარმოეშვა ფართის დაბრუნების, თუმცა არა სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება. ამასთანავე, საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე 30.09.2014წ. შემდგომ ვაგონების გადაზიდვის ფაქტი, ხოლო როგორც აღინიშნა, მითითებულ პერიოდამდე (2014 წლის 30 სექტემბრამდე) სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სარგებლობის ფაქტის მიმართ შპს „კ...“ არის კეთილსინდისიერი.

კასატორის მოსაზრება, რომ მის განმარტებებსა და ქმედებებს მაღალი მტკიცებულებით ძალა აქვთ და უტყუარ ხასიათს ატარებენ ასევე მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ დასაბუთებას. სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსკ-ის 5.1 მუხ.). ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება სააგენტოს განმარტებებისა და შედგენილი დოკუმენტაციისათვის მაღალი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესახებ, წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). მართალია მატერიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობები უმეტესწილად არათანაბარ საფეხურზე მდგომ სუბიექტებს შორის მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში სუბორდინაციულია, თუმცა ადმინისტრაციული საქმის სასამართლოში განხილვისას არათანაბარ საფეხურზე მდგომი სუბიექტები: ადმინისტრაციული ორგანო და კერძო პირი, თანასწორუფლებიანები არიან, საკუთარი ინტერესების დასაცავად მათ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები აქვთ მინიჭებული (სუსგ 14.04.2022წ. საქმე ͏№ბს-947(კ-20)). განსახილველ საკასაციო საჩივარში კასატორი არ მიუთითებს კონკრეტული პერიოდიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და სამეწარმეო მიზნით შპს „კ...-ის“ მიერ გამოყენების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. მართალია, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგ მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია - შედავება (სკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, სააპელაციო პალატას კი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას აქვს მიჩნეული, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 362კვ.მ. მიწის ნაკვეთი შპს „კ...-ის“ საკუთრებაში არსებული 5032კვ.მ. მიწის ნაკვეთისაგან გამიჯნულია ღობით და შპს „კ...-ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს. კასატორი არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 362 კვ.მ. მიწის ნაკვეთით შპს „კ...-ის“ მიერ სარგებლობა და სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) გამოყენება. კასატორი ასევე არ მიუთითებს ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო მიწის ნაკვეთით (362 კვ.მ.) სარგებლობის საჭიროებაზე. ასეთ შემთხვევაშიც სააგენტოს მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან 362კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 20.01.2015წ., ხოლო საქმეზე დადგენილია, რომ ვაგონების მიწოდება-გამოტანა ხორციელდებოდა 2014 წლის 30 სექტემბრამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი