№ბს-751(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირელი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 21 სექტემბერს თ.კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1056/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
მოსარჩელე განმარტავს, რომ არის ...დან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი -ზ... და გ.ს-ბი, ასევე, მამა - გ.კ-ი, რომელიც არის ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანი და დედა - ც.ყ-ი. მოსარჩელის ოჯახი სოციალურად დაუცველია. თ.კ-ის ოჯახს ჰქონდა საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონება, რომელიც მამის ავადმყოფობის გამო გაასხვისა, თუმცა მათ ამავე ბინაში განაგრძეს ცხოვრება ქირით. შეფასების შედეგად ოჯახს მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის: 1.5 ქულა - ქირით ცხოვრების კრიტერიუმში, 1 ქულა - სოციალურ კრიტერიუმში, 1 ქულა - ორი არასრულწლოვნის კრიტერიუმში, 1.5 ქულა - ომის ვეტერანის კრიტერიუმში და 1.5 - მარტოხელა მშობლის კრიტერიუმში. შესაბამისად, ოჯახს ეკუთვნის სამოთახიანი ბინა, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1056/ო ბრძანებით მოცემულ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1056/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.08.2021 №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა“ (დანართი №1) და „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულებაზე“ (დანართი №12), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 1.1, მე-2, მე-6 მუხლებზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი №10) 1.1, 3.1, 4.5, 5.4. მუხლებზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 14.1 და 15.1 მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის „თ“ პუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის ქირის გარეშე ცხოვრება, მამის - გ.კ-ის მიერ 2012 წელს ვალის გამო გასხვისებულ, სიძის (დის ქმარი) - რ.ქ-ას საკუთრებაში არსებულ ოთახნახევრიან საცხოვრებელ ბინაში, უტყუარად არ ადასტურებს 2019 წლის ნოემბერში დევნილი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობას და, თავის მხრივ, არ წარმოადგენს მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, შეფასებები, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრით და მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1056/ო ბრძანება, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე დევნილი ოჯახის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას - უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არა მამის მიერ, არამედ ფაქტობრივად თავის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობდა და ბინის გასხვისების შემდეგაც ამავე ბინაში გააგრძელა ცხოვრება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოსარჩელის დისშვილი - თ.ქ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელე დედასთან ერთად სამუშაოდ წასული იყო ...ში, მათ ფული შეაგროვეს ბინის შესაძენად და იყიდეს კიდეც, რომელიც შემდეგ, როგორც ჩანს, მამის საკუთრებად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მითითებული გარემოება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ასახული და მასში მხოლოდ მოსარჩელის დედაზეა საუბარი, თითქოს ...ში მუშაობით მხოლოდ მან იყიდა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, მოწმის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც მან განმარტა და დაადასტურა მოსარჩელის მონაწილეობა ბინის შეძენაში, რომელიც გასხვისდა და სადაც მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს, არსებითი მნიშვნელობა აქვს და ჰქონდა საქმის გადაწყვეტისთვის, რაც სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან წარმოადგენს მამასთან და დედასთან ერთად ერთ ოჯახს და ისინი ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. შესაბამისად, ფაქტია, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნდა საკუთრება, რომელიც გაასხვისა, თუმცა ოჯახი დღემდე მასში აგრძელებს ცხოვრებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქირას არ იხდის, უფრო მეტიც, ბინა გასხვისებულია სიძის სახელზე, რომელსაც სხვა საცხოვრებელი აქვს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის ... პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე თ.კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. თ.კ-ს ჰყავს დედა - ც.ყ-ი, მამა - გ.კ-ი და ორი არასრულწლოვანი შვილი -ზ.ს-ე და გ.ს-ე. სსიპ ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ომის ვეტერანის მოწმობით დგინდება, რომ გ.კ-ი არის ომის მონაწილე (ს.ფ. 15-25); ბ) 2013 წლის 27 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შესაბამისად, თ.კ-ის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულნი არიან დედა, მამა, ორი არასრულწლოვანი შვილი, და და 2 დისშვილი. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №... (ს.ფ. 67-68); თ.კ-მა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაზუსტების მიზნით 2019 წლის 15 თებერვალს მიმართა სამინისტროს და ითხოვა მის მიერ შევსებული განაცხადიდან ამოეღოთ და - ე.კ-ი და დისშვილები - თ.ქ-ა და ნ.ქ-ა (ს.ფ. 103); გ) 2019 წლის 4 მარტისა და 2020 წლის 24 იანვრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ.კ-მა, განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით მოიპოვა 8,00 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 2,5 ქულა; მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1,5 ქულა; გ.კ-ის ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა (ს.ფ. 58-61); დ) 2020 წლის 3 სექტემბრისა და 16 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ.კ-მა, განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით მოიპოვა 6,5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ცხოვრობს ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1,00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა; მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1,5 ქულა; გ.კ-ის ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1,5 ქულა (ს.ფ. 54-57); ე) 2019 წლის 28 ივნისისა და 2020 წლის 12 მარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი განმცხადებლის მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის მასივი, ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №..., მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა თ.კ-ი ოჯახის წევრებთან ერთად. მონიტორინგის ფორმებში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ბინა იყო თ.კ-ის მამის საკუთრება, რომელიც ვალის გამო გადაუფორმეს სიძეს. ოჯახს არ ჰქონდა სხვა ქონება, რომლითაც შეძლებდნენ ვალის გასტუმრებას (ს.ფ. 132-143); ვ) 2012 წლის 11 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მასივი, ... მიკრო რაიონი, კორპუსი №..., ბინა №..., მესაკუთრეს წარმოადგენდა გ.კ-ი; საფუძველი - 19.04.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. 17.01.2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მასივი, ... მიკრო რაიონი, კორპუსი №..., ბინა №..., 11.01.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრეს წარმოადგენს რ.ქ-ა (ს.ფ. 105-106); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმით დგინდება, რომ თ.კ-ს უარი ეთქვა სასწრაფო განსახლებასა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (მამის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას) (ს.ფ. 145-151); თ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1056/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), თ.კ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) მოცემულ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი (ს.ფ. 144); ი) 2020 წლის 29 აპრილის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შესაბამისად, თ.კ-ის ოჯახი აქტიურ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 81240, ამასთანავე მუდმივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის მასივი, ... მიკრორაიონი, კორპუსი №..., ბინა №... (ს.ფ. 21);
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის ... პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს 2012 წლამდე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამის სახელზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მამის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად დადების ფაქტს, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული მოსარჩელის დისშვილის განმარტება, რომლის თანახმად, მოცემული ბინა მის ოჯახს ესაჭიროებათ საცხოვრებლად, ვინაიდან ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან, მშობლებსა და დასთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ თ.კ-ის ოჯახი ცხოვრობს ამ უკანასკნელის მამის მიერ გასხვისებულ სახლში, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
თ. ოქროპირიძე