საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-718(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 22 აპრილს რ.შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რ.შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 და 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2020 წლის პირველი ნოემბრის განცხადების განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და რ.შ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რ.შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ.შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ, მეორე, მე-3 პუნქტებზე, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. პალატამ ასევე მიუთითა საქათველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს-308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები, დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად, დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას. შესაბამისად, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით. პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის რომ ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე შენობა არის ნგრევადი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ რ.შ-ას სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს, კერძოდ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 6 მარტის მდგომარეობით, რ.შ-ას მისამართია: ..., ...ას ქუჩა. ამასთანავე, დეკლარაციის შევსების თარიღად დაფიქსირებულია 2017 წლის 19 იანვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეამოწმა რ.შ-ას საცხოვრებელი პირობები, ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე შენობაში, რომლის შემდგომაც მას მიენიჭა შესაბამისი ქულები. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს, რომ დევნილი პირი 2017 წლისთვის უკვე ცხოვრობდა სადავო მისამართზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ რ.შ-ა ასევე შეამოწმა 2020 წელს. შესაბამისი პერიოდის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში უკვე დაკონკრეტებულია ბინის ნომერიც (..., ...ას ქუჩა, კორპუსი N3, სართული N4, ბინა N...). საქმეში დაცულია ქალაქ ...ის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, რ.შ-ა 2017 წლიდან ცხოვრობს ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას ქუჩა N3-ში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სხვადასხვა დროს ჩატარებული მონიტორინგის დროს რ.შ-ას არყოფნა სადავო მისამართზე, ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, საცხოვრებელის დატოვების ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით. პალატამ ასევე მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხული პირების: მ.გ-სა და მ.ჯ-ას ახსნა-განმარტებების მიხედვით, რ.შ-ა არის მათ მეზობელი. იგი ცხოვრობს ...ში, ...ას ქუჩა N3-ში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 185-ე, 201-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება და შესწავლა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, რ.შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ობიექტზე არ ცხოვრობს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. რ.შ-ამ 2021 წლის პირველ თებერვალს, იმავე წლის პირველ მარტს და 22 მარტს განცხადებებით მიმართა სააგენტოს. განცხადებების პასუხად, 2021 წლის 12 მარტის N03/4106 და 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილებით მხარეს ეცნობა, რომ რ.შ-ას ოჯახის ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე არ განხილულა, ოჯახის უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მხარეს დამატებით განემარტა, რომ მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განხორციელდებოდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შევსებისა და მინიჭებული ქულების შესაბამისად. ამდენად, ვინაიდან მონიტორინგის სამმართველომ ობიექტის აღწერის დროს ობიექტურად ვერ შეაფასა დევნილი ოჯახის განსახლების გადაუდებლობა, მისი განსახლების საკითხი 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე არ იქნა განხილული.
კასატორი თვლის, რომ სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 და 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილები საინფორმაციო ხასიათისაა. აღნიშნული წერილებით რ.შ-ას ეცნობა, რომ მისი საკითხი არ განხილულა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე. ამდენად, არ გამოცემულა მხარისათვის უფლების დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაც იარსებებდა კანონით დადგენილი წესით. ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, სადავო აქტის არარსებობის გამო, დაუშვებლობის მოტივით. შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ სადავო მისამართზე მდებარე ობიექტთან დაკავშირებით განხორციელებულ მოკვლევებში, მოსარჩელის ოჯახის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის საკითხი კომისიის სხდომაზე არ განხილულა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისიის გადაწყვეტილებისა და დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ გაგზავნილი წერილებით მხარეს უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საკითხი კომისიაზე არ განხილულა. შესაბამისად, სახეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააგენტოს წერილებით დამოუკიდებლად არ დამდგარა მხარისთვის რაიმე სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელის კანონიერი ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიუყენებია. მხარის მიერ გასაჩივრებული სააგენტოს წერილები პირდაპირ შეიცავდა ჩანაწერს, რომ სააგენტო განიხილავდა მხარის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად. ყოველივე მითითებულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რ.შ-ასთან მიმართებაში არ გამოცემულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გასაჩივრებული 2021 წლის 12 მარტის N03/4106, 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილები საინფორმაციო ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ბუნება უნდა შეფასდეს სწორედ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტებიდან გამომდინარე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. „..აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას..“(სუს 23.07.2020წ. Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 და 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილებში ასახული ინფორმაციის მიწოდებით შეიცვალა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან რ.შ-ას კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განუხილველობამ, წარმოშვა შედეგი მოსარჩელესთან მიმართებაში. დაინტერესებული პირი ინფორმირებულ იქნა საკითხის იმგვარი გადაწყვეტის თაობაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი. ამდენად, გასაჩივრებული სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106, 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და არსებობს მათი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმების საფუძველი.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის დასკვნებს, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობასთან დაკავშირებით:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონით და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დევნილი პირის უფლების რეალიზებას - უზრუნველყოფილ იქნას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. გამონაკლისს ადგენდა ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ.შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, კრიტერიუმების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ სხვა შენობებთან ერთად, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ნგრევად ობიექტად შეფასდა ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე ...ის შენობა. აღნიშნულ მისამართზე რ.შ-ას ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების მიზნით, 2017 წლის 14 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ...ში, ...ას ქუჩა N3-ში. მონიტორინგის ამსახველი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, რ.შ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. სატელეფონო საუბრისას რ.შ-ამ განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ...ში, ...ას საბითუმო ბაზრობაზე, საქონლის მისაღებად. შენობაში მცხოვრები რ.შ-ას მეზობლის განმარტებით, განმცხადებელი ცხოვრობს მისი შორეული ნათესავის საცხოვრებელ ფართში. რ.შ-ა დაახლოებით ათი დღეა არ უნახავს.
2017 წლის 15 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფი კვლავ გამოცხადდა ...ში ...ას ქუჩა N3-ში. რ.შ-ა ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამის სართულზე მცხოვრები მეზობლის განმარტებით, რ.შ-ა დაახლოებით ათი დღეა არ უნახავთ და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ამავე პირის განმარტებით, საცხოვრებელი ფართი, სადაც აპლიკანტი დროებით ცხოვრობს, ეკუთვნის მის ნათესავს - მ.ჯ-ას.
2020 წლის პირველ ნოემბერს რ.შ-ამ განცხადებით მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დარეგისტრირებული იყო როგორც დევნილი, ...ში, ...ას ქუჩა N3-ში, ...-ე ოთახში. იმყოფებოდა აუტანელ და გაუსაძლის პირობებში, ნგრევად შენობაში. რ.შ-ამ მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ...ში, ...ას ქუჩაზე, დევნილებისათვის მშენებარე ობიექტზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის N03/4106 წერილში მითითებულია, რომ ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან რ.შ-ას კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N77) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამავე შინაარსის ინფორმაციას შეიცავს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 6 აპრილის N03/5225 წერილიც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილთა მიმართ განსაკუთრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამდენად, დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ნორმატიულად განსაზღვრული ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რ.შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის არსებითად განხილვის გარეშე დატოვების საფუძველი. უდავოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შენობის ნგრევად ობიექტად მიჩნევის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის არსებობას და შესაბამის ობიექტში პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე, სადავო აქტებში ასახული ინფორმაციით ადასტურებს მონიტორინგის მისამართზე მდებარე შენობის ნგრევად ობიექტად მიჩნევის ფაქტს. ამ პირობებში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობის დადგენის მიზნით, საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა რეალურად განხორციელდა ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე შენობაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის - სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით) დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს რ.შ-ას მონიტორინგის მისამართზე ცხოვრების ფაქტი, კერძოდ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 6 მარტის მდგომარეობით, რ.შ-ას მისამართია: ..., ...ას ქუჩა. ამასთანავე, დეკლარაციის შევსების თარიღად დაფიქსირებულია 2017 წლის 19 იანვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეამოწმა რ.შ-ას საცხოვრებელი პირობები, ქალაქ ...ში, ...ას ქუჩა N3-ში მდებარე შენობაში, რომლის შემდგომაც მას მიენიჭა შესაბამისი ქულები. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს, რომ დევნილი პირი 2017 წლისთვის უკვე ცხოვრობდა სადავო მისამართზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ რ.შ-ა ასევე შეამოწმა 2020 წელს. შესაბამისი პერიოდის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში უკვე დაკონკრეტებულია ბინის ნომერიც (..., ...ას ქუჩა, კორპუსი N3, სართული N4, ბინა N...). საქმეში დაცულია ქალაქ ...ის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, რ.შ-ა 2017 წლიდან ცხოვრობს ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას ქუჩა N3-ში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, შესაბამისი პროცედურის განხორციელების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მონიტორინგის მისამართზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დასკვნის საფუძველი, არსებითად შეეფასებინა სადავო საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მონიტორინგის განხორციელების მომენტში ფაქტობრივად მისამართზე არყოფნა, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის ალტერნატიული მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობა და მონიტორინგის მისამართთან მიმართებაში არსებობს დასკვნა, მისი ნგრევად ობიექტად მიჩნევის თაობაზე, წარმოშობს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტას მოსარჩელის სასარგებლოდა და თვლის, რომ რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო წესით შესაძლებელია აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა, არსებობს რ.შ-ას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე