Facebook Twitter

№ბს-523(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 8 დეკემბერს უ.ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2647/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე უ.ც-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მას 2020 წლის 13 ნოემბრის სადავო ბრძანებით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ უ.ც-ს პროფესიული მოღვაწეობის გამო (არის ...) ხშირად უწევს გადაადგილება, რაც არ ნიშნავს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით უ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2647/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე უ.ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნათესავის საკუთრებაში (მდებარე: ...ოს რაიონი, სოფელი ...) მოსარჩელის ოჯახის ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მისი ინტერესის პრიორიტეტულობას. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ნათესავს სურს, გამოიყენოს მისი საკუთრება შეხედულებისამებრ, გარდა თავად ამ პირის განმარტებისა, არ საჭიროებს დამატებით რაიმე მტკიცებულების წარდგენას, რადგანაც აკმაყოფილებს მტკიცების ტვირთის გონივრულობის სტანდარტს.

პალატამ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, ს.მ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მოსარჩელის მიერ გასხვისების ფიქტიურობაზე და მიუთითა, რომ მხოლოდ ეჭვი, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ან მოვლენათა მიმდინარეობა გონივრულად არ ასაბუთებს ასეთი გარემოების არსებობას, არ შეიძლება გახდეს პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2020 წლის 20 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №...) ...ში, ...ის ქ. №27-ში მდებარე ობიექტი - „...“ განიხილა, როგორც ნგრევადი, ხოლო იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი - კრიტერიუმების გარეშე. 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, მოხდა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. ქ. ...ში, ...ის ქ. №27-ში მდებარე „...ში“ 2020 წლის 14 სექტემბერს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი აღწერის ფორმა. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე არ დახვდათ არც უ.ც-ი და არც მისი მეუღლე - ა.ჩ-ე. გასაუბრება მოხდა მეზობელთან - ა.კ-თან, რომლის განმარტებითაც, ოჯახის უფროსი - უ.ც-ი არის ... ... და ოჯახი წასული იყო ...ზე. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2020 წლის 11 ოქტომბერს მონიტორინგი განხორციელდა უ.ც-ის მიერ გასხვისებული უძრავი ქონების მისამართზე, კერძოდ, ...ოს რაიონის სოფელ ...ში. მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ მოსარჩელის მეუღლე - ა.ჩ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სახლში ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად. მისი განმარტებით, 2008 წელს იყიდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ იდგა სახლი. მოგვიანებით მოცემულ მიწის ნაკვეთზე ოჯახს სახლი არასამთავრო ორგანიზაციამ აუშენა. სამაჩაბლოში ომის დაწყების შემდეგ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მოსარჩელეს მოსთხოვა მთლიანი თანხის - 15 000 აშშ დოლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ისესხეს ა.ჩ-ის დის მეუღლისაგან - ს.მ-სგან. ვინაიდან ოჯახი ს.მ-ეს ვერ უბრუნებდა თანხას, მას ვალის სანაცვლოდ გადაუფორმეს აღნიშნული სახლი. მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით არ დადგინდა, რომ უ.ც-ის ოჯახი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს, შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბერს (№62 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - მხარეს უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა იყო კრიტერიუმების გარეშე განსახლება, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დაედგინა ნგრევად ობიექტში მხარის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არ გაუკეთებია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წარმოების არც ერთი მასალიდან არ დასტურდებოდა, რომ მხარე ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. ამის საპირისპიროდ, მონიტორინგის ყველა ოქმიდან ჩანს, რომ მონიტორინგების განხორციელებისას მოსარჩელის ოჯახი არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. თავად მოსარჩელის მეუღლემ - ა.ჩ-ემ მიაწოდა სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაცია, რომ ოჯახი რეალურად ცხოვრობს ...ოს რაიონის სოფ. ...ში, მათ მიერ გასხვისებულ სახლში, რომელიც ოჯახის სახელზე ფიქსირდებოდა 2015 წლამდე. პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ს.მ-ემ, რომლის სახელზეც დღეის მდგომარეობით ფიქსირდება ...ში მდებარე სახლი, ბუნდოვანი ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ სააგენტოს მიერ დასმულ ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი პროცესზე მოყვანა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, მას უნდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მხარეები თავშესაფრის გარეშე რჩებიან, ვინაიდან ასახლებს მათ ...ში მდებარე სახლიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან, მათ შორის, ფოტომასალიდან უტყუარად დასტურდებოდა, რომ უ.ც-ის ოჯახი ფაქტობრივად, უწყვეტად, ყოველგვარი პერიოდულობის გარეშე ცხოვრობდა ...ში, სოფელ ...ში მდებარე სახლში. შესაბამისად, დასტურდება, რომ უ.ც-ის ოჯახი არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში. საქმეში წარმოდგენილი იყო მონიტორინგის ოქმები, თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, რაც სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა. ამ ყოველივეს საპირისპიროდ კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - უ.ც-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ...ში, ...ში, სოფელ ...ში. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. ..., ...ის ქუჩა №27, .... მისი ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: თავად მოსარჩელე, მეუღლე - ა.ჩ-ე, შვილი ც.ც-ი (ს.ფ. 12-13); ბ) 2020 წლის 14 სექტემბერს მომზადებული აღწერის ფორმაში, რომელიც განხორციელდა ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა №27-ში, ყოფილ ...ში, დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია მიაწოდა მეზობელმა, ა.კ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ სახლში, ოჯახის უფროსი არის ... ოჯახი წასული იყო ...ზე (ს.ფ. 51); გ) ქ. ...ში, ...ის ქ. №27-ში მცხოვრები პირების ხელმოწერით წარმოდგენილი განცხადებით უ.ც-ს ოჯახთან ერთად დევნილობის შემდეგ, 1993 წლიდან 2000 წლამდე მოუწია დროებით სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება, ხოლო 2000 წლიდან დღემდე ოჯახი უწყვეტად ცხოვრობს მათ მეზობლად მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 16); დ) დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით (თარიღი: 11.10.2020წ.; ადგილმდებარეობა - ...ოს რაიონი, სოფელი ...; დამსწრე პირი - ა.ჩ-ე) დგინდება, რომ დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა ...ოს რაიონის სოფელი ...ში, სადაც დახვდათ უ.ც-ის მეუღლე - ა.ჩ-ე, რომელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ სახლში ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან - ც.ც-თან ერთად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლი არ იდგა, 2008 წელს იყიდეს ცარიელი მიწის ნაკვეთი, თუმცა შემდეგ სამაჩაბლოში დაიწყო ომი, ნაკვეთის მეპატრონემ მაშინვე მოითხოვა ერთიანი თანხის - 15 000 დოლარის გადახდა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნდა, ამიტომ თანხა ისესხეს ა.ჩ-ის დის ქმრისგან - ს.მ-სგან. მოგვიანებით ნაკვეთზე ოჯახს სახლი აუშენა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რადგანაც უ.ც-ის ოჯახი მეორედ გახდა დევნილი კოდორის ხეობიდან. ოჯახი თანხას ვერ აძლევდა ს.მ-ეს, რის გამოც ვალის სანაცვლოდ აღნიშნული საკუთრება მას გადაუფორმეს (ს.ფ. 54); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი - 09.02.2015 წელი), უძრავი ნივთის, მდებარე: ...ოს რაიონი, სოფელი ..., 5049 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, განაშენიანების ფართობი 81.33 კვ.მ, საერთო ფართი - 139.92 კვ.მ; №02 - 45,46 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ..., მესაკუთრეა უ.ც-ი. უფლების დამდგენი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 04.04.2008 წელს სსიპ საჯარო რეესტრის მიერ (ს.ფ. 52); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი - 13.02.2015წ.), უძრავი ნივთის, მდებარე: ...ოს რაიონი, სოფელი ..., 5049 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, განაშენიანების ფართობი - 81.33 კვ.მ, საერთო ფართი - 139.92 კვ.მ; №02 - 45,46 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ..., მესაკუთრეა ს.მ-ე. უფლების დამდგენი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 09.02.2015 წელს სსიპ საჯარო რეესტრის მიერ (ს.ფ. 53); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმით დგინდება, რომ უ.ც-ს, ა.ჩ-ესა და ც.ც-ს (სარეგისტრაციო ნომერი - ...) უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. ...ში, ...ის ქ. №27-ში, „...ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს.ფ. 44-50); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2647/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62), უ.ც-ის ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ...ში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 43).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ...ში, ...ის ქ. №27-ში მდებარე „...“ არის ნგრევადი ობიექტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში პირი ბინაში არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, რაც ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამასთან, ის გარემოება, რომ ...ოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლი, სადაც 2020 წლის 11 ოქტომბერს მონიტორინგის განხორციელებისას მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდა მოსარჩელის მეუღლე, 2015 წლამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად დადების ფაქტს, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე