საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-704(კ-22) 20 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ.ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.ბ-ემ 2021 წლის 26 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოპასუხის 2021 წლის 26 ივლისის MES 1 21 0000743612 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ.ბ-ის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით, თ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 ივლისის MES 1 21 0000743612 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. ამასთან, ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებას (საქმე Nბს-996(კ-20), სადაც განმარტებული იყო, რას გულისხმობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კასატორმა აღნიშნა, რომ ცენტრი არ იყო უფლებამოსილი ორგანო შეეფასებინა კონკრეტული პირის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები იყო თუ არა საკმარისი მოეპოვებინა მას სტუდენტის სტატუსი, აღნიშნული სცდებოდა ცენტრის კომპეტენციას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ზემოხსენებული საკითხის შემფასებელი უფლებამოსილი ორგანო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო. კასატორის მითითებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე თ.ბ-ის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების საკითხი ცენტრის მიერ დადგენილ იქნა ცენტრის 2019 წლის 21 თებერვლის №20305 გადაწყვეტილების მიღებისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე დამატებით აღნიშნული გარემოება კვლავ გადამოწმდა 2021 წლის 24 ივნისის 626334 განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც; კერძოდ, ცენტრის 2019 წლის 21 თებერვლის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ №20305 გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 23 იანვრის №49502 კორესპონდენციით ცენტრში წარმოდგენილ ინფორმაციაში თ.ბ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის, მისი მონაცემები არ იძებნებოდა აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში. აქედან გამომდინარე, ის, რომ თ.ბ-ეს სტუდენტის სტატუსი მოპოვებული არ ჰქონია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, დადგენილ იქნა ჯერ კიდევ 2019 წლის 21 თებერვლის N20305 აქტის გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2019 წლის 21 თებერვალს, თუმცა ის კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა გასაჩივრებული, შესაბამისად შევიდა კანონიერ ძალაში. ცენტრისათვის ხელმეორედ მიმართვისას, თ.ბ-ის განცხადებას თან ერთვოდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის MES 621 000027964 ცნობა, სადაც აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ თ.ბ-ემ 2007 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასევე მასში ასახული იყო ინფორმაცია მიღებული ქულების შესახებ. მოცემული ცნობა არ შეიცავდა ინფორმაციას თ.ბ-ის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების თაობაზე. 2021 წლის 26 იანვრის MES 621 000027964 ცნობით მხოლოდ და მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის ფაქტი დასტურდება. ცენტრმა თავის მხრივ მოცემული განცხადების ფარგლებში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კვლავ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან, რომლის კორესპონდენციებითაც, კერძოდ 2021 წლის 25 ივნისის MES 5 21 0000630972 და 2021 წლის 23 სექტემბრის MES 7 21 0000970977 ცნობებით ასევე დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თ.ბ-ემ მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ ასევე აღნიშნულია ისიც, რომ მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კასატორმა აღნიშნა, რომ სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გავლის ფაქტის არსებობა, რაც გულისხმობდა არამხოლოდ გამოცდების გავლას (გამოცდებში მონაწილეობას), არამედ სწავლის უფლების მოპოვებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო 2021 წლის 26 იანვრის MES 6 21 000027964 ცნობას და არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ცენტრის მიერ გამოთხოვილი 2021 წლის 25 ივნისის MES 5 21 0000630972 და 2021 წლის 23 სექტემბრის MES 7 21 0000970977 ცნობებით დადგენილ იქნა, რომ თ.ბ-ეს არ მოუპოვებია სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
კასატორის მითითებით, 2011 წელს შპს თბილისის უნივერსიტეტ „...ის“ მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ზე“ 2002 წლის 21 ივნისს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2-19/186 გადაწყვეტილებით შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 16 ოქტომბრის №67/ნ ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლიდან), შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ ,,...ს“ მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 15 მაისის №272 ბრძანებით, შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის უნივერსიტეტი „...ი“. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №PO4/ს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის უნივერისტეტ „...ს“ გაუუქმდა ინსტიტუციური აკრედიტაცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის No15 და 2011 წლის 21 ივნისის No72 გადაწყვეტილებებით, შპს თბილისის უნივერისტეტ „...ს“ (ს/კ ...) უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე. აღნიშნული იურიდიული პირი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23–ე პუნქტის მოთხოვნათა დაკმაყოფილების საფუძველზე, განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, ლიცენზირებულ რეჟიმში. კასატორმა აღნიშნა, რომ ცენტრის დირექტორის 2016 წლის 7 ოქტომბრის №995 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის შესაბამისად, შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ის“ (შპს თბილისის უნივერსიტეტი „...ი“) მიერ 2002 წლის 27 მაისიდან 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩარიცხული პირებისთვის, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2010 წლის პირველ სექტემბრამდე ლიცენზირებულ რეჟიმში ჩარიცხული პირების მიერ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ თ.ბ-ემ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, შესაბამისად, ის კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო ჩარიცხული შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ში“, აქედან გამომდინარე, მის მიერ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამასთან, თ.ბ-ე ჩაირიცხა ლიცენზირებულ რეჟიმში მყოფ პროგრამაზე, რომელიც არაღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დადგინდა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მხარეთა დასწრებით 2022 წლის 20 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა თ.ბ-ემ და შპს თბილისის უნივერსიტეტის ,,...ის“ მიერ 2011 წელს გაცემული BA ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 თებერვლის MES 1 19 00203052 გადაწყვეტილებით, თ.ბ-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილ ინფორმაციაში თ.ბ-ის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის. მისი მონაცემები არ მოიძებნა აგრეთვე, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში. 2021 წლის 24 ივნისს თ.ბ-ემ კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით. თ.ბ-ის 2021 წლის 24 ივნისს №626334 განცხადებას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად თან ერთვოდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის ცნობა, რომლის თანახმად, თ.ბ-ემ 2007 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შემდეგი შეფასება: ზოგადი უნარები - 49.00 ქულა (სკალირებული ქულა - 154.2), ქართული ენა და ლიტერატურა - 69.00 ქულა (სკალირებული ქულა - 160.2), ინგლისური ენა - 60.00 ქულა (სკალირებული ქულა - 152.9), მათემატიკა - 23.00 ქულა (სკალირებული ქულა - 137.1). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 ივლისის MES 1 21 0000743612 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თ.ბ-ეს უარი ეთქვა 2021 წლის 24 ივნისის №626334 განცხადების განხილვაზე. გადაწყვეტილების თანახმად, თ.ბ-ის მიერ 2021 წლის 24 ივნისს ცენტრში №626334 განცხადებით წარდგენილი მტკიცებულებები არ ცვლიდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 თებერვლის MES 1 19 00203052 ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახულ შედეგს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 ივლისის MES 1 21 0000743612 გადაწყვეტილებით თ.ბ-ეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადებაში მითითებული არ იყო ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ცენტრისათვის ხელმეორედ მიმართვისას თ.ბ-ემ განცხადებას დაურთო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის ცნობა, რომელიც ადასტურებდა მის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლას და შეიცავდა ინფორმაციას მიღებული ქულების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ბ-ის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დადასტურების პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო ხელახლა ემსჯელა მის განცხადებაზე და ზემოხსენებული ცნობის გათვალისწინებით შეეფასებინა მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ დიპლომის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობა, რომელიც, თავის მხრივ, გამოირიცხება, თუ სახეზეა დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ.ბ-ემ 2007 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტ „...ში“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად კასატორის განმარტებით სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 16 ოქტომბრის №67/ნ ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლიდან), შპს თბილისის საერო უნივერისტეტ ”...ს” მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 15 მაისის №272 ბრძანებით, შპს თბილისის საერო უნივერსიტეტ „...ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის უნივერსიტეტი „...ი“. შპს თბილისის უნივერისტეტ „...ს“ ინსტიტუციური აკრედიტაცია სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №PO4/ს გადაწყვეტილებით გაუუქმდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.ბ-ის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ფაქტისა და თბილისის უნივერსიტეტ „...ის“ სტატუსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ორგანომ სათანადოდ შეაფასოს კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი, მათ შორის დაადგინოს შპს თბილისის უნივერსიტეტი ,,...ს“ 2007 წელს ჰქონდა თუ არა სტუდენტების მიღების უფლება, რა პროგრამაზე (აკრედიტირებულ/არა აკრედიტირებულ) ჩაირიცხა თ.ბ-ე, ასევე დაადგინოს მოსარჩელის მიერ მოპოვებული ქულები საკმარისი იყო თუ არა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ პროგრამაზე და სხვა, რა გარემოებებიც ამომწურავად მიეთითა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (ს/კ 202330566) საკასაციო საჩივარზე 26.04.2022წ. №03763 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.04.2022წ. №03763 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა