Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-753(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.რ.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.რ.ბ-იმ 2021 წლის 11 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, „მ.რ.ბ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №1000749628/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მ.რ.ბ-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მ.რ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.რ.ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით მ.რ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 31 აგვისტოს №1000447445 გადაწყვეტილებით მ.რ.ბ-ის 2015 წლის 11 აგვისტოს №1000447445 განცხადება დაკმაყოფილდა და მასზე გაიცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტომდე. ამასთანავე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №1000469616 გადაწყვეტილებით მ.რ.ბ-ის გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 3 მაისამდე. მ.რ.ბ-იმ 2021 წლის 10 მაისს მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას, რომლითაც უცხოელს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემისთვის მოეთხოვება დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრება.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას, რომლითაც უცხოელს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემისთვის მოეთხოვება დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.რ.ბ-ის მიერ.

კასატორი მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, აგრეთვე, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მ.რ.ბ-ის მიერ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილია 2015 წლის 2 ივნისს. მან განცხადება შეავსო 2021 წლის 10 მაისს და განცხადების განხილვის ვადად აირჩია 1 თვე, ამდენად, თუ მოწინააღმდეგე მხარე 2021 წლის 10 ივნისს მიიღებდა გადაწყვეტილებას, კასატორს დაკმაყოფილებული ექნებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 6 წლიანი ცხოვრების პერიოდი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.რ.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უცხოელზე, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას და აღნიშნულ ნებართვას ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახედ ასახელებს. ამავე კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 2 ივნისს ვიზის საფუძველზე შემოვიდა საქართველოში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 31 აგვისტოს №1000447445 მ.რ.ბ-ის სახელზე გაიცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2015 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტომდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №1000469616 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში 6 შრომითი ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 3 მაისამდე. მ.რ.ბ-იმ მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 2021 წლის 10 მაისს. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელის საქართველოში ცხოვრების პერიოდი არ შეადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ წელთა რაოდენობას, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №1000749628/7 (სადავო) გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების არარსებობის გამო, მართებულად ეთქვა უარი მ.რ.ბ-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.რ.ბ-ის წარმომადგენელს - ჯ.ჭ-ეს (პ/ნ: ...) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 22 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მ.რ.ბ-ის ( M.R.B, დაბ. … წლის … …ს, ...ში, პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - ჯ.ჭ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2022 წლის 22 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.რ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება;

3. მ.რ.ბ-ის (M.R.B, დაბ. … წლის … …ს, ...ში, პასპორტის №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი წარმომადგენლის - ჯ.ჭ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2022 წლის 22 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე