საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-474(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მოსარჩელეები - ნ.ჩ-ე, ლ.კ-ე, მ.დ-ე, გ.ც-ი, ე.თ-ი, ნ.შ-ი, ბ.გ-ე, მ.დ-ი, ი.გ-ი, გ.მ-ი, გ.კ-ი, ლ.რ-ი, ლ.გ-ა, თ.მ-ი; მესამე პირები ასკ-ის 16.2 მუხლით - თ.ხ-ი, იბა „...“, ა.რ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 მაისს დ.გ-ემ, ნ.ჩ-ემ, ლ.კ-ემ, მ.დ-ემ, გ.ც-მა, ე.თ-მა, ნ.შ-მა, ბ.გ-ემ, მ.დ-მა, ი.გ-მა, გ.მ-მა, გ.კ-მა, ლ.რ-მა, ლ.გ-ამ და თ.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 აპრილის N531 განკარგულების ბათილად ცნობა; ამავე კომისიის 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება: 1) ი.გ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -19.70 კვ.მეტრი; 2) ე.თ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -22.70 კვ.მეტრი; 3) ნ.ჩ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -18.00 კვ.მეტრი; 4) დ.გ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -19.10 კვ.მეტრი; 5) გ.კ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -19.20 კვ.მეტრი; 6) მ.დ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -17.40 კვ.მეტრი; 7) ნ.შ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით - 16.00 კვ.მეტრი; 8) ბ.გ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -14.40 კვ.მეტრი; 9) გ.მ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -14.40 კვ.მეტრი; 10) თ.მ-ის საკუთრების უფლება, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ, საერთო ფართობით -15.40 კვ. მეტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, დ.გ-ის, ნ.ჩ-ის, ლ.კ-ის, მ.დ-ის, გ.ც-ის, ე.თ-ის, ნ.შ-ის, ბ.გ-ის, მ.დ-ის, ი.გ-ის, გ.მ-ის, გ.კ-ის, ლ.რ-ის, ლ.გ-ას და თ.მ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის, 2018 წლის 5 ივლისის და 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ.ხ-ი, იბა „...“ და ა.რ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - გ.კ-მა, თ.მ-მა, ლ.გ-ამ, ლ.რ-მა, დ.გ-ემ, ნ.ჩ-ემ, ლ.კ-ემ, მ.დ-ემ და გ.ც-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის და 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებებით, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გ.კ-ის, ლ.რ-ის, თ.მ-ის და ლ.გ-ას ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის და 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებებით, დ.გ-ის, მ.დ-ის, ნ.ჩ-ის, ლ.კ-ის და გ.ც-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დ.გ-ის, ნ.ჩ-ის, ლ.კ-ის, მ.დ-ის და გ.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის კანონიერ ძალაში შესული N3ბ/2089-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა უკეთ შესწავლის მიზნით, კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი ადგილზე დაეთვალიერებინათ კომისიის წევრებს. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ( ...ის) შენობები. ამასთან, მიწის ნაკვეთი, მისი ფაქტობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი შენობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება. სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი და ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი შენობა, კანონის ამოქმედებამდე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ კომისიის 2018 წლის 10 აპრილის სადავო N531 განკარგულება კანონიერია.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულების კანონიერებასთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი (...ის) შენობები. ამასთან, მიწის ნაკვეთი, მისი ფაქტობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, იყო საზოგადოებრივი სარგებლობის. ამდენად, გამოირიცხებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა ავტოფარეხები დემონტირებულია (დარჩენილია მხოლოდ ერთი ავტოფარეხი).
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული 2018 წლის 10 აპრილის N530, N531 განკარგულებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე დ.გ-ემ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დარღვევები, რომლებიც დაუშვა პირველი ინსტანციის სასამართლომ: უგულებელყოფილ იქნა კანონიერი ნდობის საკითხი, რაც წლების მანძილზე არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მიმართ. ხელყოფილია იმ პირთა საკუთრების უფლება, რომელთაც ვერ მოასწრეს ავტოფარეხების გასხვისება. სააპელაციო პალატამ ისე დატოვა ძალაში სადავო აქტები, რომ არ იმსჯელა - რატომ აქვთ უპირატესობა იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ავტოფარეხები, იმ პირებთან შედარებით, რომელთაც გააჩნდათ კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების მიმართ. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხი, რომელსაც რეალურად უკავშირდებოდა ამხანაგობის პრეტენზია, დღეს არსებობს, ვინაიდან აღნიშნული თავის დროზე გადაფორმებულია და მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი აღარ არის 2013 წლის აქტი. შესაბამისად, სასამართლოს რომც ემსჯელა საზოგადოებრივი სიკეთის „გადარჩენის" მიზანზე, ამხანაგობის მთავარი არგუმენტი მიუღწეველია და უკვე სახეზე აღარ არის საკითხის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ თვითნებურად დაკავებული კატეგორიის მინიჭებას და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი, ასევე, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი შენობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული არ იყო დროებითი (...ის) შენობები. ამასთანავე, მიწის ნაკვეთები არ არის საზოგადოებრივი დანიშნულების. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეს არ ერთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე დ.გ-ესთან მიმართებაში კანონიერად ჩაითვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულება და დადგინდა, რომ დ.გ-ეს კანონიერად ეთქვა უარი, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობით - 19.10 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ზემოაღნიშნული 2018 წლის 10 აპრილის N530 სადავო განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ამასთანავე, კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავებულის კატეგორია არ მიენიჭება და მასზე საკუთრების უფლების აღიარება გამოირიცხება, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთანავე, საკუთრების უფლების აღიარება გამოირიცხება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის N334 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 33-ე საკითხი), ქ. თბილისში, ...ის გამზირ 55-ში, N1 კორპუსის მიმდებარედ, 19,1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა დ.გ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებლად, ქ. თბილისის საკრებულომ 2013 წლის 5 თებერვალს დ.გ-ის სახელზე გასცა N... საკუთრების უფლების მოწმობა.
2014 წლის 6 მაისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N14/6004 განცხადებით მიმართა „ი...“-მა ( ა.ზ-ე) და მოითხოვა ბ.გ-ის, გ.ც-ის, ლ.რ-ის, ქ.ც-ის, გ.მ-ის, გი.კ-ის, მ.დ-ის, გ.კ-ის, დ.გ-ის, ნ.შ-ის, ი.გ-ის, ნ.ჩ-ის, ე.თ-ის, დ.კ-ის, მ.დ-ის, ლ.გ-ას და თ.მ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების კომისიის 2014 წლის 22 მაისის N399 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 76-ე საკითხი) “ ი...“-ს (ა.ზ-ე) უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იბა „...“-ის სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ (მესამე პირები - ი.გ-ი, ე.თ-ი, ნ.ჩ-ე, დ.გ-ე, გ.კ-ი, მ.დ-ი, ნ.შ-ი, ბ.გ-ე, გ.ვ-ე, გ.მ-ი, ქ.ც-ე, ლ.რ-ი, გი.კ-ე, გ.ც-ი, მ.დ-ე, ლ.გ-ა, ლ.კ-ე, თ.მ-ი, დ.გ-ი, ჯ.კ-ე, ა.ვ-ე, თ.ხ-ი), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის N3ბ/2089-15 გადაწყვეტილებით იბა „...“-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; იბა „...“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული აქტები, მათ შორის, 2012 წლის 27 დეკემბრის N334 საოქმო გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, N1 კორპუსის მიმდებარედ, 19,1 კვ.მ მიწის ნაკვეთის დ.გ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში (დღის წესრიგის 33-ე საკითხი), ასევე ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2013 წლის 5 თებერვალს დ.გ-ის სახელზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობა, 19,1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამავე გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, იმავე საკითხზე, ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის N3ბ/2089-15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. შედეგად, კომისიის 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულებით, დ.გ-ეს უარი ეთქვა თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, N1 კორპუსის მიმდებარედ, 19.10 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ამავე განკარგულებით, თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, N1 კორპუსის მიმდებარედ, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვათ ი.გ-ს, ე.თ-ს, ნ.ჩ-ეს, გ.კ-ს, მ.დ-ს, ნ.შ-ს, ბ.გ-ეს, გ.ვ-ეს, გ.მ-ს, თ.მ-ს).
დადგენილია, რომ ზემოაღნიშული განკარგულების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს თბილისში, ...ის გამზირ N55-ში, პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. შედეგად, კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი (...ის) შენობები. ამასთანავე, მიწის ნაკვეთი, მისი ფაქტობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს.
საკასაციო პალატა ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ კომისიის 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულების გამოცემის ერთ-ერთი ფაქტობრივი საფუძველი გახდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 25 იანვრის N... საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, თბილისში, ...ის გამზირისა და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ არსებული ავტოფარეხები მოწყობილია ...ის გამზირისა და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე აშენებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...ის“ საცხოვრებელი სახლის წინ, ...ას ქუჩის ავტომობილთა სავალ ნაწილამდე არსებულ ტერიტორიაზე. ავტოფარეხებიდან საცხოვრებელი სახლის კედლამდე დარჩენილი 2,1-4,5 მეტრის სიგანის ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის სიდიდე აკმაყოფილებს „სამშენებლო ნორმების და წესების“ 16.8 პუნქტისა და N8 ცხრილის მოთხოვნას. ამავე დასკვნის თანახმად, თბილისში, ...ის გამზირისა და ...ას ქუჩის კუთხეში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ არსებული ავტოფარეხები ძირითადად აშენებულია ლითონის კონსტრუქციებით. ამასთანავე, საცხოვრებელი სახლი და მის წინ ნაწილი ავტოფარეხების ურთიერთგანთავსება არ აკმაყოფილებს „სამშენებლო ნორმების და წესების“ 2.9, 6.39 პუნქტებისა და N10 ცხრილის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის - დ.გ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რამდენადაც შესაბამის მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა კანონის ამოქმედებამდე დროებითი შენობის არსებობა. ამასთანავე, სადავო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა, რომ ფაქტობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, სახეზე იყო საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელე დ.გ-ის ნაწილში სწორად დაადგინა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს დ.გ-ის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული 2018 წლის 10 აპრილის N530 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, დ.გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, დ.გ-ეს უნდა დაუბრუნდეს ნ.ჯ-ის (პირადი ...) მიერ დ.გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 2 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. დ.გ-ეს დაუბრუნდეს ნ.ჯ-ის (პირადი ...) მიერ დ.გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 2 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე