Facebook Twitter

საქმე #ბს-539(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ დ...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 4 ნოემბერს შპს „დ...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს გაცემული #A17026743-007/012 განკარგულებით, შპს „ჰ...ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს „ ს...“-ის მოთხოვნას შპს „დ...“-ის მიმართ, აღსრულების საფასურის ჩათვლით 350 055.48 ლარის ფარგლებში და შპს „დ...“-ს დაევალა შპს „ჰ...ისათვის“ ყადაღადადებული თანხის გადახდა. მასვე დაევალა აღმასრულებლისა და კრედიტორისათვის წერილობით განეცხადებინა, აღიარებდა თუ არა პრეტენზიას და რამდენად იყო მზად თანხის გადახდისათვის. #A17026743-007/012 განკარგულება შპს „დ...“-ს ჩაბარდა გამოცემის დღესვე - 2019 წლის 11 ოქტომბერს.

მოსარჩელის მითითებით, „მოთხოვნის დაყადაღების შესახებ“ კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის 2019 წლის 11 ოქტომბრის #A17026743-007/012 განკარგულება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, შპს „დ...“-ს შპს „ს...“-ის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. კერძო აღმასრულებელს მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების გამოცემამდე უნდა შეემოწმებინა მოთხოვნის საფუძვლიანობა და მართებულობა. კრედიტორი თავის მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის 22 სექტემბერს შპს „დ...“-სა და შპს „ს...“-ს შორის დადებულ გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელემ შპს „ს...“-ისგან 250 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის #3-ში მდებარე უძრავი ქონებები (ს.კ. ..., ს.კ. ...), რომელთა ღირებულებიდანაც ნაწილი უკვე გადახდილი იყო, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადასახდელი იყო უძრავი ქონების იპოთეკისაგან გასათავისუფლებლად. 2019 წლის 20 მარტს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან ნასყიდობის საგნები დატვირთული იყო იპოთეკით სს „...ის“ სასარგებლოდ და ამ ბანკს სარჩელი ჰქონდა აღძრული სასამართლოში ამ ქონებათა რეალიზაციის მოთხოვნით, შპს „დ...“ თანხმობას აცხადებდა იპოთეკით დატვირთული ქონებების მიღებაზე და იპოთეკის ღირებულების 200 000 აშშ დოლარის გადახდაზე, რის გამოც ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით. მოსარჩელის მითითებით, ხსენებული თანხა გადახდილ იქნა სრულად.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, 2019 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს „დ...“-ს შპს „ს...“-ის მიმართ არ გააჩნია დავალიანება, თუმცა ეს საკითხი კერძო აღმასრულებელს არ გამოუკვლევია, მან საჯარო რეესტრის მონაცემებში ასახული ხელშეკრულებების შემოწმების გარეშე მიიღო სადავო განკარგულება. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, შპს „დ...“-მა 2019 წლის 15 ოქტომბერს წერილობითი ფორმით აცნობა კერძო აღმასრულებელს, რომ არ აღიარებდა პრეტენზიას და შპს „დ...“-ს შპს „ს...“-ის წინაშე არ ჰქონდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება.

მოსარჩელე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს შეუძლია გამოსცეს განკარგულება ყადაღის დადების შესახებ, თუმცა მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, განცხადებას უნდა ახლდეს საჯარო რეესტრიდან ბოლო რედაქციით გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც არ განხორციელებულა.

ამდენად, მოსარჩელემ „მოთხოვნის დაყადაღების შესახებ“ კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის 2019 წლის 11 ოქტომბრის #A17026743-007/012 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ჰ...ი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით შპს „დ...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე, 56-ე, 57-ე და 58-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დავალებული პირისადმი მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების წარდგენა არ გულისხმობდა ვალდებულების არსებობის ფაქტის აღიარებას (დადასტურებას). მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების მიღება დავალებულ პირს არ წარმოუშობდა სააღსრულებო წარმოების მოვალის მიმართ ისეთ ვალდებულებას, რომელიც მას კეთილსინდისიერად შესრულებული ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეძლეოდა დავალებულ პირს შესაძლებლობა, აღმასრულებლის მხრიდან შესაბამისი დავალების მიღებისას განეცხადებინა, აღიარებდა თუ არა პრეტენზიას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა უფლებას, მოთხოვნის წარმდგენისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ვალდებულების არარსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდვა ვრცელდებოდა არა მოვალის მატერიალურ ქონებაზე, არამედ კონკრეტული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე მესამე პირის მიმართ. მოთხოვნის დაყადაღებას იმთავითვე შემზღუდველი ხასიათი ჰქონდა ამ უფლების მქონე პირისათვის, რომელსაც ეზღუდებოდა თავისი უფლების თავისუფლად განკარგვის უფლება. დავალებულ პირს კი ჰქონდა აღმასრულებლის ქმედებით მისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ვერ უთითებდა, თუ რა კონკრეტული უფლება შეეზღუდა მას კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული, თუნდაც კანონშეუსაბამო ქმედებით. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეტენზიის უარყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ, კერძო აღმასრულებელმა ან კრედიტორმა მის მიმართ განახორციელეს რაიმე სახის იძულებითი ღონისძიება, რომლის საფუძველსაც მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულება წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.

კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლა. კერძოდ, დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ს...“-სა და შესაბამისად, შემდგომში შპს „ჰ...ს“, მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნიათ, ვინაიდან ვალდებულება უკვე შესრულებულია. აღნიშნული დაადასტურა სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა განჩინებაში ყურადღება იქნა გამახვილებული შპს „დ...“-ის უფლებრივ ნაწილთან მიმართებით. კასატორის მოსაზრებით, არ არის გათვალისწინებული ის რეალური რისკები და საფრთხე, რომელიც გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვების შემთხვევაში არსებობს. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ აბსტრაქტული მსჯელობების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, განკარგულება აღმასრულებლისა და „კრედიტორის“ კეთილ ნებას მიანდო.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების დროს კრედიტორის მიერ აღმასრულებლისათვის მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართვა არ წარმოადგენს მისი უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, აღმასრულებლის მიერ მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადებისა და კრედიტორისათვის გადახდის შესახებ განკარგულების მიღებისას სააღსრულებო წარმოების შედეგად მოპოვებული მასალებით ცალსახად უნდა იქნეს დადასტურებული მოვალის მესამე პირისადმი მოთხოვნის არსებობის ფაქტი, ხოლო მომავალში გადასახდელ მოთხოვნაზე ყადაღის დადებას კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი განსაზღვრა ნათლად არის შესაძლებელი სწორედ მითითებული გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და დადასტურების შემდგომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „დ...“-ის საკასაციო საჩივარი; კასატორს - შპს „დ...“-ს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მოთხოვნის დაყადაღების შესახებ“ კერძო აღმასრულებლის - ჯ.ძ-ის 2019 წლის 11 ოქტომბრის #A17026743-007/012 განკარგულების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს შპს „დ...“-სა და შპს „ს...“-ს შორის გაფორმდა „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით“. ხელშეკრულებით, გამყიდველი იღებდა ვალდებულებას მყიდველისთვის მიეყიდა და გადაეცა თავის საკუთრებაში არსებული ფართები, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 250 000 აშშ დოლარს.

2019 წლის 20 მარტს შპს „ს...“-სა და შპს „დ...“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2016 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, რომ გამყიდველი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს გადასცემდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, საკადასტრო კოდებით: #... და #...; მყიდველი იღებდა ვალდებულებას, მიეღო აღნიშნული ფართები და გადაეხადა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება; მყიდველისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგნებზე რეგისტრირებული იპოთეკის არსებობა (იპოთეკარი - სს „...“) და მყიდველი თანახმა იყო, მიეღო იპოთეკით დატვირთული ქონებები და თავად გადაეხადა იპოთეკის ღირებულება - 200000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ნასყიდობის ღირებულება მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, ვინაიდან მყიდველი ყიდულობდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებებს, ნასყიდობის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადახდილი იქნებოდა სრულად.

საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტს გაიცა #2-1291/14, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 26 იანვარს გაიცა #2/ბ-289-15 და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 ოქტომბერს გაიცა #2-1847/17 სააღსრულებო ფურცლები მოვალე შპს „ს...“-ის მიმართ. დასახელებული სააღსრულებო ფურცლები იყო კერძო აღმასრულებელ ჯ.ძ-ის სააღსრულებო წარმოებაში. სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, შპს „ჰ...ის“ (ს/ნ ...) მოთხოვნა მოვალე შპს „ს...“-ის (ს/ნ ...) მიმართ შეადგენდა ჯამში 327 154.65 ლარს.

ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს შპს „ჰ...ის“ დირექტორმა - დ.ბ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ჯ.ძ-ეს და მოითხოვა ყადაღის დადება შპს „ს...“-ის მოთხოვნაზე შპს „დ...“-ის მიმართ. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა 2016 წლის 22 სექტემბერს შპს „ს...“-სა და შპს „დ...“-ს შორის დადებული „გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება“, რის საფუძველზეც შპს „ს...“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ქ. ბათუმში, ...ის #3-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #...; ამავე მისამართზე მდებარე ..., საკადასტრო კოდით #...), 250 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „დ...“-მა. მოვალეს - შპს „ს...“-სა და დავალებულ პირს - შპს „დ...“-ს შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს...“-ს ჰქონდა ფულადი თანხის მოთხოვნის უფლება.

კერძო აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს მიღებულ იქნა #A17026743-007/012 განკარგულება მოთხოვნის დაყადაღების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა კრედიტორ შპს „ჰ...ის“ განცხადება დავალებული პირის მიმართ მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გამოცემის თაობაზე: ყადაღა დაედო მოვალე შპს „ს...“-ის მოთხოვნას დავალებული პირის - შპს „დ...“-ის მიმართ აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში, რაც აღსრულების საფასურის ჩათვლით შეადგენდა 350 055.48 ლარს. დავალებულ პირს - შპს „დ...“-ს დაევალა დაყადაღებული თანხის გადახდა კრედიტორისათვის. ამასთან, #A17026743-007/012 განკარგულებით დავალებულ პირს დაევალა ორი კვირის ვადაში აღმასრულებლის ან კრედიროტისათვის განეცხადებინა შემდეგი: ა) აღიარებდა თუ არა შპს „დ...“ პრეტენზიას და თუ აღიარებდა, რამდენად იყო მზად გადახდისთვის; ბ) აღძრავდნენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს და თუ აღძრავდნენ - რომელს; გ) განხორციელდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ განხორციელდა - რომელი პრეტენზიის გამო.

2019 წლის 15 ოქტომბერს, შპს „დ...“-მა წერილობით აცნობა კერძო აღმასრულებელს, რომ პრეტენზიას არ აღიარებდა და შპს „დ...“-ს შპს „ს...“-ის წინაშე რაიმე სახის ფულადი ვალდებულება არ ჰქონდა შესასრულებელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება. ამავე კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.

ამავე კანონის 58-ე მუხლის თანახმად, დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს: ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის; ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს; გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ დავალებული პირისადმი მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების წარდგენა არ გულისხმობს ვალდებულების არსებობის ფაქტის აღიარებას (დადასტურებას). მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულების მიღება დავალებულ პირს არ წარმოუშობს მოვალის მიმართ ისეთ ვალდებულებას, რომელიც მას კეთილსინდისიერად შესრულებული აქვს. სწორედ ამიტომ ეძლევა დავალებულ პირს შესაძლებლობა, აღმასრულებლის მხრიდან შესაბამისი დავალების მიღებისას განუცხადოს მას, აღიარებს თუ არა პრეტენზიას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს უფლებას, მოთხოვნის წარმდგენს მიეწოდოს ინფორმაცია ვალდებულების არარსებობის თაობაზე. მოთხოვნის დაყადაღების თაობაზე განკარგულების გამოცემა წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს, მოძიებულ იქნას მოვალის ის ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიექცეს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. განსახილველ შემთხვევაში, შეზღუდვა ვრცელდება არა მოვალის მატერიალურ ქონებაზე, არამედ კონკრეტული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე მესამე პირის მიმართ.

საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოთხოვნის დაყადაღებას იმთავითვე შემზღუდველი ხასიათი აქვს ამ უფლების მქონე პირისათვის, რომელსაც ეზღუდება თავისი უფლების თავისუფლად განკარგვის უფლება. დავალებულმა პირმა კი, უნდა ამტკიცოს აღმასრულებლის ქმედებით მისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ვერ უთითებს, თუ რა კონკრეტული უფლება შეეზღუდა მას კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული, თუნდაც კანონშეუსაბამო ქმედებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეტენზიის უარყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, კერძო აღმასრულებელმა ან კრედიტორმა მის მიმართ განახორციელეს რაიმე სახის იძულებითი ღონისძიება, რომლის საფუძველსაც მოთხოვნის დაყადაღების შესახებ განკარგულება წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - შპს „დ...“-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, კასატორს - შპს „დ...“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება;

3. კასატორს - შპს „დ...“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა