Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-918(კ-22) 26 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ს-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2022 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ.ს-მა, მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის პირველი თებერვლის N2/22-0010 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის პირველი თებერვლის N02/22-0010 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „პატიმრობის კოდექსის“ 41-ე მუხლზე, 43-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 ნაწილებზე. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებზე). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით. იგი უნდა მოქმედებდეს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არ ნიშნავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ერთი მხრივ, კანონმდებლობითვე არის გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საყურადღებოა საბჭოს შექმნის მიზანი - რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია, მიეთითებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ხასიათის კრიტერიუმის შეფასებასთან ერთად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით უნდა შეეფასებინა დამატებითი გარემოებები, როგორც ეს დადგენილია ზემოაღნიშნული წესით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისათვის მხარდაჭერის პროგრამებში ლ.ს-ის მონაწილეობაზე, რაც რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში, ლ.ს-მა ძირითადი აქცენტი გააკეთა პიროვნების ინტერესების განვითარებაზე, რაც განათლების მიღების შესაძლებლობების გამოყენების გარდა, ასევე დასვენებისა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობაშიც გამოიხატებოდა. მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავისუფლების აღკვეთის პირველი დღეებიდანვე იგი მუშაობდა. მისი განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ მსჯავრდებული გამომუშავებულ ხელფასს ურიცხავს ოჯახს, დახმარების მიზნით. ლ.ს-ი ნასამართლობის არმქონეა. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. მისივე განმარტებით, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდა. სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულ ლ.ს-ის მიმართ დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. იგი წახალისებულია რამდენჯერმე. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ლ.ს-ი არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი და მშობლები, პენსიონერი მამა. მისი გადმოცემით ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. აქვს გულისხმიერი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ. სარგებლობს სატელეფონო კომუნიკაციით. მასთან ინტერვიუირების პერიოდში რაიმე სახის განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. მსჯავრდებული უმაღლესი განათლების მქონეა, კონფლიქტების მოგვარების გზად აგრესიას არ მიიჩნევს. შეუძლია საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. დასაქმებულია N... დაწესებულების სასადილოში. საქმეზე წარმოდგენილი, შპს „ი...ის“ დირექტორის მიერ 2022 წლის 26 აპრილს გაცემული დასაქმებულის დახასიათების მიხედვით, ლ.ს-ი დასაქმებულია შპს „ი...ის“ ...ის თანამდებობაზე, სადაც ის კეთილსინდისიერად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ურთიერთობის განმავლობაში, მისი მხრიდან არ გამოვლენილა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მსჯავრდებული დაწესებულებაში ესწრებოდა კულტურულ ღონისძიებებს, გაიარა გიდის, ტუროპერატორის, ინგლისური ენის, მეწარმეობის, მცირე ბიზნესის და სასტუმროს საქმის მწარმოებლის შემსწავლელი კურსები. ესწრებოდა ლექცია-სემინარს რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით. დადის დაწესებულებაში არსებულ ტაძარში, სარგებლობს ბიბლიოთეკით, ვარჯიშობს ტრენაჟორებზე. საქმეზე წარმოდგენილი სს „ ...ის“ ამონაწერით დასტურდება ლ.ს-ის ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვები (ხელფასი), ასევე მის მიერ განხორციელებული გადარიცხვები ბ.ს-თან, რომელიც მსჯავრდებულის განმარტებით, არის მისი ოჯახის წევრი - პენსიონერი მამა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მოტივირებულია ცვლილებებისაკენ, თვითგანვითარებისა და შეცვლისაკენ, რაც მის პიროვნულ მახასიათებლებს და შეფასების საგანს წარმოადგენს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 2 დეკემბრის მიმართვა, რომლითაც დასტურდება, რომ ლ.ს-ი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი, რაც ასევე მისი პიროვნების მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამო, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის განმარტებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას, კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი მოიცავს ხუთ კრიტერიუმს: 1) დანაშაულის ხასიათი; 2) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4) ოჯახური პირობები; 5) მსჯავრდებულის პიროვნება. მსჯავრდებული ლ.ს-ი საბჭომ შეაფასა ყველა კრიტერიუმით და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, ყველა კრიტერიუმის მთლიანობაში გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. სადავო საკითხის განხილვისას შეფასდა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ასევე მისი პიროვნული მახასიათებლები (არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული). ადმინისტრაციული ორგანო გაეცნო ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. დადებითად შეფასდა წახალისების ფაქტები. მეორე მხრივ, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე. სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად. პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, სიმძიმემ, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა. შედეგად, საბჭომ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. არსებული მოცემულობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიღებულიყო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო არ გასცდენია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

კასატორის განმარტებით, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საბჭოს მსჯელობისა და შეფასების საგანი არ ყოფილა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. რეალურად, ლ.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის დროს საბჭომ გამოიკვლია და შეაფასა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც საკითხის განხილვის დროს იყო ცნობილი. გათვალისწინებულ იქნა ინფორმაცია, რაც მსჯავრდებულ ლ.ს-ის პიროვნულ მახასიათებლებს შეეხებოდა (ფაქტი, რომ არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული). დადებითად შეფასდა მსჯავრდებულის წახალისების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სასჯელის მიზანზე ყურადღების გამახვილება. სასჯელის მიზნის მიღწევის საკითხი არ წარმოადგენს საბჭოს კვლევის საგანს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების საფუძველზე, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით ლ.ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ.ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 დეკემბრიდან.

ლ.ს-ი სასჯელაღსრულების N... დაწესებულებიდან N... დაწესებულებაში შესახლდა 2018 წლის 28 აპრილს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 27 აპრილის N6515 ბრძანების საფუძველზე. ამავე დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის N5587 ბრძანებით ლ.ს-ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და დაუდგინდა საშიშროების საშუალო რისკი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 ოქტომბრის N15920 ბრძანებით ლ.ს-ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ლ.ს-თან მიმართებაში სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 2017 წლის 20 დეკემბრით, ხოლო დასასრული - 2023 წლის 20 დეკემბრით. სასჯელის 2/3 მოხდილი აქვს 2021 წლის 20 დეკემბერს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2022 წლის პირველ თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ.ს-ის შუამდგომლობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის პირველი თებერვლის N02/22-0010 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ.ს-ის შუამდგომლობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა, მისი ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ფაქტი, რომ არის თავაზიანი, უკონფლიქტო და არ არის აგრესიული. საბჭომ დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის წახალისების ფაქტები. მეორე მხრივ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, სიმძიმეზე (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ყაჩაღობა, ჯგუფურად) და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის-თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე, 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო განიხილავს ქალაქ ...სა და ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მითითებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა, მისი ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები. დადებითად შეფასდა მსჯავრდებულის წახალისების ფაქტები, თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის საბჭომ მნიშვნელობა მიანიჭა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაშიც, ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს სხვა დადებითი კრიტერიუმები. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე ხაზგასმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია (პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართული პროცესი), სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, საბოლოოდ უნდა დადგინდეს, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებულის ყოფაქცევა და მისი გამოსწორებისათვის არსებობს თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდის საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებაში. საყურადღებოა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება, მათ შორის - დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან და გამოსწორების სურვილი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ს-ი ნასამართლობის არმქონეა. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის პირობებში, ლ.ს-ი დასაქმებულია და მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამომუშავებულ ხელფასს ურიცხავს ოჯახს. სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულ ლ.ს-ის მიმართ დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. იგი წახალისებულია რამდენჯერმე. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. გულისხმიერი დამოკიდებულება აქვს ოჯახის წევრების მიმართ. სარგებლობს სატელეფონო კომუნიკაციით. მასთან ინტერვიუირების პერიოდში რაიმე სახის განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. მსჯავრდებული უმაღლესი განათლების მქონეა. შეუძლია საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება. მსჯავრდებული დაწესებულებაში ესწრება კულტურულ ღონისძიებებს, გაიარა გიდის, ტუროპერატორის, ინგლისური ენის, მეწარმეობის, მცირე ბიზნესის და სასტუმროს საქმის მწარმოებლის შემსწავლელი კურსები. ესწრებოდა ლექცია-სემინარს რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით. დადის დაწესებულებაში არსებულ ტაძარში, სარგებლობს ბიბლიოთეკით, ვარჯიშობს.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ მხოლოდ უარყოფით მხარეს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა სათანადო წინაპირობები, არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობილობის გათვალისწინებით, დადებითად გადაეწყვიტა ლ.ს-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე