საქმე #ბს-1129(კს-22) 25 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - შპს “ G...”
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - თელავის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს “G...”
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს “G...-მა” 2019 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს “G...-ის” სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება თელავის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
2. შპს “G...-მა” 2019 წლის 27 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს “G...-ის” სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
2020 წლის 29 იანვარს შპს “G...-ის” მიერ თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე და მოხდა ადმინისტრაციული საქმეების №3/75-19 და №3/01-20 ერთ საქმედ გაერთიანება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება თელავის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “G...-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “G...-ის” მიერ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს “G...-ის” სააპელაციო საჩივარი, თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-13 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში არსებული შეტყობინების (გზავნილის) მიხედვით, თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება შპს „G...-ის“ წარმომადგენელს - ნ.ა-ეს გაეგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №34 (მისამართი მითითებულია თავად ნ.ა-ის მიერ 2021 წლის 4 ივნისს თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე, ს.ფ. 221) და ჩაბარდა 2022 წლის 19 მაისს (ს.ფ. 284) - ჩაიბარა კომპანიის ადმინისტრატორმა მ.ქ-მა. გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა იყო 14 დღე, რომლის ათვლაც დაიწყო 2022 წლის 20 მაისს და დასრულდა 2022 წლის 2 ივნისს. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი, შპს „G...-ის“ წარმომადგენლის - ნ.ა-ის მიერ თელავის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილი იქნა ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 1 ივლისს (სააპელაციო საჩივარზე თარიღად, რომელსაც ხელს აწერს თავად ნ.ა-ე, მითითებულია 2022 წლის 1 ივლისი, ასევე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2022 წლის 1 ივლისს, თუმცა კონვერტზე იკითხება 2022 წლის 2 ივლისი) და თელავის რაიონულ სასამართლოში შესულია 2022 წლის 4 ივლისს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2022 წლის 19 მაისს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 20 მაისს, რომელიც დასრულდა 2022 წლის 2 ივნისს 24:00 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, შპს „G...-ის“ წარმომადგენლის მიერ ფოსტის მეშვეობით წარდგენილი იქნა 2022 წლის 1 ივლისს, შესაბამისად, აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (14 დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „G...-მა“, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მ.ქ-ი, რომელმაც ჩაიბარა სასამართლოს გადაწყვეტილება არის „ ტ...ის“ ადმინისტრატორი და არა შპს „G...-ის“ წარმომადგენელი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ტ...ის სამუშაო სივრცეში ოფისი ნაქირავები. „ტ...ი“ არის საერთო სამუშაო სამუშაო სივრცე, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ფართის დაქირავება. იმ კომპანიას, რომელშიც ნ.ა-ეა დასაქმებული („J...“) სამუშაო სივრცე ნაქირევები აქვს ტ...ის ...ის ფილიალში, შესაბამისად, მის (როგორც შპს „G...-ის“ წარმომადგენლის) მისამართად მითითებული იყო აღნიშნული მისამართი, სადაც თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაგზავნილი იქნა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ჩაიბარა მ.ქ-მა, თუმცა იგი წარმოადგენს “ტ...ის” თანამშრომელს და მას არც ნ.ა-ესთან, როგორც ფიზიკურ პირთან, არც კერძო საჩივრის ავტორთან და არც იმ კომპანიასთან, სადაც ნ.ა-ეა დასაქმებული, არანაირი სამართლებრივი შეხება არ აქვს. მ.ქ-ს არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის უფლებამოსილება, ჩაიბაროს ნ.ა-ის სახელზე მისული კორესპოდენცია. შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა აღნიშნული, რომ 2022 წლის 19 მაისს კომპანიამ ჩაიბარა გადაწყვეტილება. ტ...ის თანამშრომლის - მ.ქ-ის მიერ ნ.ა-ისათვის გზავნილის გადაცემა მოხდა 2022 წლის 24 ივნისს, საიდანაც მოახდინა გასაჩივრების ვადის ათვლა, ვინაიდან არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მოხდა 2022 წლის 19 მაისს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „G...-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „G...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „G...-მა“ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე შპს „G...-ის“ წარმომადგენელს ნ.ა-ეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ნ.ა-ეს გაეგზავნა მის მიერ 2021 წლის 4 ივნისს თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №34 (ს.ფ. 221). გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი იყო ყოველგვარი თანმიმდევრობის დაცვის გარეშე თავად მიეღო გადაწყვეტილება რომელ მისამართზე გაუგზავნიდა გადაწყვეტილებას მხარეს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნას მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ისეთ პირობებში, როდესაც გზავნილი უშუალოდ ადრესატს არ გადასცემია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება გაეგზავნა შპს „G...-ის“ წარმომადგენელს ნ.ა-ეს (ტ.2. ს.ფ. 283) და ჩაბარდა მ.ქ-ს 2022 წლის 19 მაისს, რომლის შესახებაც შპს „ ს...ის“ საფოსტო უკუგზავნილში კომენტარის სახით მითითებულია „ადმინისტრატორი“ (ტ.2. ს.ფ. 284). შეტყობინების ბარათზე ასევე, მითითებულია გზავნილის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, გზავნილის ჩაბარების თარიღი.
როგორც კერძო საჩივრიდან ირკვევა, მოსარჩელე შპს „G...-ის“ წარმომადგენელი ნ.ა-ე დასაქმებულია კომპანიაში „J...“-ში, რომელსაც სამუშაო ოფისი აქვს შპს ,,ტ...ის’’ ფართში მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №34. სწორედ ეს უკანასკნელი მისამართი მიუთითა ნ.ა-ემ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში, ანუ აღნიშნული მისამართი წარმოადგენს ნ.ა-ის სამუშაო ადგილის მისამართს. საყურადღებოა, რომ კერძო საჩივარზე თანდართულია მ.ქ-ის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 19 მაისს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარება მოხდა იმ განზრახვით, რომ შემდგომში გადაეცა იგი ადრესატისთვის, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ დროს, სხვა წევრების შემთხვევაშიც. ამავე დოკუმენტში მითებულია, რომ წევრების სამუშაო პროცესის გაადვილების მიზნით, როცა ისინი უშუალოდ ვერ ახერხებენ კორესპონდენციის ჩაბარებას, ტ...ის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ ჩაბარებას, რის შემდგომაც ხდება გზავნილის გადაცემა ადრესატისათვის. აღნიშნული ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №34, ნ.ა-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება ჩვეულებისამებრ ხდება შპს ,,ტ...ის’’ ადმინისტრატორისათვის. მოცემულ შემთხვევაშიც დადგენილია, რომ მ.ქ-ს უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებისა და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე მ.ქ-მა, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. ამ ვარაუდს დამატებით ამყარებს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა შპს “G...-ის” წარმომადგენელს ნ.ა-ეს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის #34-36 (ტ.2, ს.ფ. 309) და ჩაბარდა მ.ქ-ს 2022 წლის 8 აგვისტოს (ტ.2, ს.ფ 312), რომლის საფუძველზეც აპელანტმა შესაბამისი საპროცესო მოქმედებაც განახორციელა (კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში კერძო საჩივარი).
გათვალისწინებით იმისა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით და კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს), რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა - ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ შედავებად, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაქარწყლების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ნ.ა-ისათვის გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტი ჩაბარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 20 მაისიდან და ამოიწურა 2022 წლის 2 ივნისს 24:00 საათზე. ამ პირობებში სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2022 წლის 2 ივლისს (ტ.2. ს.ფ. 301), ხოლო სასამართლოში შესულია 2022 წლის 4 ივლისს (ტ.2. ს.ფ 285).
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა. გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ არის რეალიზებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60-61-ე, 70-74-ე, 369-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „G...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
თ. ოქროპირიძე