Facebook Twitter

საქმე #ბს-507(2კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 მაისს მ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, ასევე, მესამე პირების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 29 მარტს მასსა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 30 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა აღნაგობის უფლებასაც. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დღეისათვის რეგისტრირებულია იჯარის უფლება, რომლის შესაბამისად, მოიჯარეა მ.კ-ე, ხოლო მეიჯარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი. ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლება არაა რეგისტრირებული.

მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 29 მარტს დადებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს იჯარისა და აღნაგობის ხელშეკრულებას ერთდროულად. 2005 წლის 29 მარტს დადებული იჯარისა ხელშეკრულების საფუძველზე, მ.კ-ეს გადაეცა 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 30 წლის ვადით და მიწის ნაკვეთზე 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის აღმართვის მიზნით ნებართვა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან, რომელმაც შენობა-ნაგებობის აშენების შემდეგ, 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით, ექსპლუატაციაში მიიღო იგი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 29 მარტს მან განცხადებით (#...) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, შენობა-ნაგებობაზე აღნაგობის უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ამავე განცხადებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 29 მარტს მ.კ-ემ აჭარის რეგიონულ ოფისში დამატებით წარადგინა ქობულეთის რაიონის გამგეობის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 3 თებერვლის #2/1 ოქმი და ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 23 თებერვლის #16 დადგენილება. აჭარის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 3 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... გადაწყვეტილება, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, დამატებით წარსადგენი იყო შესაბამისად დამოწმებული, მხარეებს შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება.

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 4 აპრილს მან დამატებით წარადგინა საჯარო რეესტრში დაცული, 2005 წლის 29 მარტს ქობულეთის რაიონის გამგეობასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება და მისივე განმარტება, თუ რატომ მიაჩნდა აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება აღნაგობის ხელშეკრულებადაც და რატომ თვლიდა, რომ მის საფუძველზე უნდა დარეგისტრირებულიყო აღნაგობის უფლება 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტებისა და განმარტებისა, სარეგისტრაციო სამსახურმა 2019 წლის 8 აპრილის #... გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ არ იყო აღმოფხვრილი ხარვეზი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 3 აპრილის #... გადაწყვეტილება 2019 წლის 12 აპრილს მ.კ-ემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის #... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აჭარის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 6 მაისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... გადაწყვეტილება, ვინაიდან აღმოფხვრილად არ იქნა მიჩნეული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის იჯარა-აღნაგობის უფლებით გაცემას ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, მ.კ-ესა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა იმ დროისათვის მოქმედი „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იჯარა განმარტებულია შემდეგნაირად: „ტერმინში „იჯარა“ იგულისხმება აღნაგობის უფლებაც“. 2005 წლის 29 მარტის ხელშეკრულების 6.4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, „წინამდებარე ხელშეკრულებით იჯარა გულისხმობს აღნაგობის უფლებასაც, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

მოსარჩელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 29 მარტს დადებულ ხელშეკრულებას ჰქვია „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება“, იგი ასევე წარმოადგენს აღნაგობის ხელშეკრულებასაც, რადგან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით იჯარა გულისხმობდა აღნაგობის უფლებასაც, რომლის საფუძველზეც, მ.კ-ემ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენა შენობა-ნაგებობაც.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 3 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 6 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განლაგებული (ძველი ს.კ. ..., ახალი ს.კ. ...) უძრავი ნივთის ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო შემდეგ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის, საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ძველი ს.კ. ..., ახალი ს.კ. ...) აშენებულ 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის აღნაგობის უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ არსებულ, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედო სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) განთავსებულ 914.4 კვ.მ ფართის #1 შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი: ...).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ს მიმდებარედ 410 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) განთავსებულ 914.4 კვ.მ ფართის #1 შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი: ...).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მ.კ-ემ დააზუსტა სასარჩემო მოთხოვნა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #1/1-2225 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, #1 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი - 914.4 კვ.მ) ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, 2021 წლის 20 დეკემბერს მ.კ-ემ მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, დამატებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აგვისტოს #12/47452 მიმართვის ნაწილობრივ (914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ მდებარე 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის სარგებლობის/იჯარის გაუქმების დავალება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.კ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე მ.კ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელდობრ: ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 3 აპრილის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 6 მაისის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განლაგებული (ძველი ს.კ. #..., ახალი ს.კ. #...) 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო შემდეგ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია; ნაწილობრივ, სახელდობრ #1 შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 914.4 კვ.მ-ის ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #1/1-2225 ბრძანება; ნაწილობრივ, სახელდობრ 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აგვისტოს #12/47452 მიმართვა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ს მიმდებარედ მდებარე 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის სარგებლობა/იჯარის გაუქმება დაევალა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მ.კ-ის მიერ წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ძველი ს.კ. #..., ახალი ს.კ. #...) აშენებულ 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის აღნაგობის უფლების დარეგისტრირება დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის დროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პარალელურად მოქმედი „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის #1662-Iს საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 06/22/2007-დან). ეს კანონი ასევე განსაზღვრავდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენდნენ სახელმწიფოს. მოხმობილი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იჯარა განმარტებულია შემდეგნაირად: „ამ კანონში ტერმინში „იჯარა“ იგულისხმება აღნაგობის უფლებაც“, „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ კანონში ტერმინში „მოიჯარე“ - იგულისხმება აღნაგობის უფლების მქონეც.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 3 თებერვლის #2/1 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა მ.კ-ის განცხადება ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთის იჯარა-აღნაგობის უფლებით გამოყოფის შესახებ (მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ დღის წესრიგში დგას ფიზიკური პირის მ.ძ-ის განცხადების განხილვა, რომელიც მოითხოვს ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას იჯარა-აღნაგობის უფლებით), ხოლო ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 23 თებერვლის #16 დადგენილებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2005 წლის 3 თებერვლის #2/1 ოქმი და კომისიას დაევალა ქ. ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყოფა იჯარა-აღნაგობის უფლებით. ქობულეთის საჯარო რეესტრის სამსახურს კი დაევალა მიწის ნაკვეთის გატარება რეგისტრაციაში.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ქობულეთის რაიონის გამგეობასა და მ.კ-ეს შორის ქ. ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე, 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) 30 წლის ვადით დაიდო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იჯარის უფლება, რომლის შესაბამისად, მოიჯარეა - მ.კ-ე, მეიჯარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2005 წლის 29 მარტის ხელშეკრულების 6.4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დადგინდა, რომ „წინამდებარე ხელშეკრულებით იჯარა გულისხმობს აღნაგობის უფლებასაც, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე, დასტურდებოდა, რომ მ.კ-ემ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენა 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომლის პროექტიც მოწონებულ იქნა და შემდგომში უკვე აშენებული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ განსახილველი საკითხის შეფასებისას სრულად გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის იჯარა-აღნაგობის ხელშეკრულების დადებას უტყუარად ადასტურებდა არა მხოლოდ მისი მარწმუნებლის, არამედ თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული, ხელშეკრულების დადების შემდეგ განხორციელებული ყველა თანმდევი ქმედება. სახელდობრ, 2005 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ.კ-ემ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლებით საწარმოებელ მშენებლობასთან დაკავშირებით, 2005 წლის ივნისში ჩაატარა სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა და მოიპოვა შესაბამისი დასკვნა, ქობულეთის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე, ინდ. მეწარმე ე.ბ-ეს შეადგენინა შესაბამისი სავაჭრო და საცხოვრებელი ფართის მშენებლობის პროექტი, რაც 2005 წლის 3 სექტემბერს შეათანხმა ქობულეთის რაიონის მთავარ არქიტექტორთან, ხოლო 2005 წლის 23 სექტემბერს - ქობულეთის რაიონის ადგილობრივ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან და ბოლოს, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწონებული პროექტის საფუძველზე, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენა 914 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელიც ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, რომ შესაბამისი ცვლილება შეეტანა მ.კ-ის სააღრიცხვო ბარათში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 29 მარტს დადებული ხელშეკრულება მათი თანმხვედრი ნების გამოვლენის საფუძველზე, წარმოადგენდა არა მხოლოდ იჯარის, არამედ იჯარა-აღნაგობის უფლებით ხელშეკრულებას და არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა იმას, რომ ხელშეკრულების დასათაურებაში ასეთმა სრულყოფილად ვერ ჰპოვა ასახვა, რადგან როგორც ხელშეკრულების 6.4 მუხლის „დ“ პუნქტში არსებული შინაარსით, ასევე, მხარეთა ფაქტობრივად განხორციელებულ მოქმედებებში გამოვლენილი ნებით სახეზე იყო სწორედ იჯარა-აღნაგობის უფლების ხელშეკრულების დადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, 2005 წლის 29 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ქობულეთის რაიონის გამგეობასა და მ.კ-ეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც მ.კ-ეს 30 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონება იყო სახელმწიფო საკუთრება და იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებას აფორმებდა ადგილობრივი გამგეობა.

კასატორის მითითებით, მ.კ-ის მიერ გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ქმედება, რასაც მერია არ ეთანხმება, რამდენადაც საჯარო რეესტრის ამონაწერით როგორც მიწის ნაკვეთი, ისე შენობა-ნაგებობა დატვირთულია იჯარის უფლებით. მესაკუთრედ რჩება მუნიციპალიტეტი, ხოლო საიჯარო პერიოდის გასვლის შემდეგ შენობის სამართლებრივი მდგომარეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება პირველი ინსტანციის სასამართლომ და სწორი შეფასება მისცა მას, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით საკითხი შემდგომში სამოქალაქო წესით უნდა გადაწყვეტილიყო.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას და შინაარსობრივად იმსჯელა ხელშეკრულების პირობებზე, იმდენად, რომ საიჯარო ხელშეკრულება განსაზღვრა აღნაგობის ხელშეკრულებად.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, სააგენტო საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებისა და მიმართვის კანონიერებაზე. კასატორის მოსაზრებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე დაირღვა როგორც პროცესუალური, ასევე, მატერიალური სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის 2005 წლის 26 მარტს დადებული ხელშეკრულება, ერთმანეთისაგან არ გამიჯნა აღნაგობისა და იჯარის უფლება.

კასატორი განმარტავს, რომ 2005 წლის 25 მარტს მ.კ-ესა და ქობულეთის რაიონის გამგეობას შორის 30 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ იჯარის უფლება, ხოლო აღნაგობის უფლება არ არის რეგისტრირებული. კასატორი მიუთითებს ხელშეკრულების დადებისას მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე საკუთრების, იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის და უზუფრუქტის უფლებების სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე განსხვავებული რეგულაციებიდან გამომდინარე, იჯარისა და აღნაგობის ხელშეკრულებების ერთსა და იმავე ხელშეკრულების ქვეშ მოქცევა გამოირიცხება. კასატორი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მიუხედავად ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერისა, რომ იჯარის უფლება გულისხმობს აღნაგობის უფლებასაც, მ.კ-ის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა მხოლოდ იჯარის უფლება, ხოლო აღნაგობის უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, რაც მ.კ-ეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლში 2010 წლის 27 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მეაღნაგის მიერ აღმართული შენობა დაექვემდებარა აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად რეგისტრაციას. თუმცა მ.კ-ეს არც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 3 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 6 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელით, ასევე, მოთხოვნილია ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განლაგებული (ძველი ს.კ. ..., ახალი ს.კ. ...) უძრავი ნივთის ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო შემდეგ სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელის მიერ, ასევე, მოთხოვნილ იქნა #1 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი - 914.4 კვ.მ) ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აგვისტოს #12/47452 მიმართვისა და 2018 წლის 27 სექტემბრის #1/1-2225 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარედ მდებარე 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის სარგებლობის/იჯარის გაუქმების დავალება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის, საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, ქალაქ ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ძველი ს.კ. ..., ახალი ს.კ. ...) აშენებულ 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მ.კ-ის აღნაგობის უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედ რედაქციაზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის დროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პარალელურად მოქმედი „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის #1662-Iს საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 06/22/2007-დან). ეს კანონი ასევე განსაზღვრავდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენდნენ სახელმწიფოს. მოხმობილი კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იჯარა განმარტებულია შემდეგნაირად: „ამ კანონში ტერმინში „იჯარა“ იგულისხმება აღნაგობის უფლებაც“; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ კანონში ტერმინში „მოიჯარე“ - იგულისხმება აღნაგობის უფლების მქონეც.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებდნენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომლებიც არ შედიოდნენ რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის 2005 წლის 3 თებერვლის #2/1 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა მ.კ-ის განცხადება, ქ. ქობულეთში, ...ის #...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთის იჯარა-აღნაგობის უფლებით გამოყოფის შესახებ (მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ დღის წესრიგში დგას ფიზიკური პირის მ.ძ-ის განცხადების განხილვა, რომელიც მოითხოვს ... #-ის მიმდებარედ 410 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას იჯარა-აღნაგობის უფლებით), ხოლო ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 23 თებერვლის #16 დადგენილებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2005 წლის 3 თებერვლის #2/1 ოქმი და კომისიას ქ. ქობულეთში, ...ის #-ის მიმდებარედ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარა-აღნაგობის უფლებით გამოყოფა დაევალა. ქობულეთის საჯარო რეესტრის სამსახურს კი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება დაევალა.

განსახილველ შემთხვევაში, ასევე, დადგენილია, რომ 2005 წლის 29 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ქობულეთის რაიონის გამგეობასა და მ.კ-ეს შორის ქ. ქობულეთში, ...ის #-ის მიმდებარე 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) 30 წლის ვადით დაიდო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ“ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იჯარის უფლება, რომლის შესაბამისად, მოიჯარეა - მ.კ-ე, მეიჯარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი. 2005 წლის 29 მარტის ხელშეკრულების 6.4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილია, რომ „წინამდებარე ხელშეკრულებით იჯარა გულისხმობს აღნაგობის უფლებასაც, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე, დადგენილია, რომ მ.კ-ემ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენა 914.4 კვ.მ შენობა- ნაგებობა, რომლის პროექტიც მოწონებულ იქნა და შემდგომში უკვე აშენებული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხარეთა შორის იჯარა-აღნაგობის ხელშეკრულების დადებას უტყუარად ადასტურებდა არა მხოლოდ მისი მარწმუნებლის, არამედ თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ განხორციელებული ყველა თანმდევი ქმედება. სახელდობრ, 2005 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მ.კ-ემ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლებით საწარმოებელ მშენებლობასთან დაკავშირებით, 2005 წლის ივნისში ჩაატარა სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა და მოიპოვა შესაბამისი დასკვნა, ქობულეთის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე, ინდ. მეწარმე ე.ბ-ეს შეადგენინა შესაბამისი სავაჭრო და საცხოვრებელი ფართის მშენებლობის პროექტი, რაც 2005 წლის 3 სექტემბერს შეათანხმა ქობულეთის რაიონის მთავარ არქიტექტორთან, ხოლო 2005 წლის 23 სექტემბერს - ქობულეთის რაიონის ადგილობრივ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან. საბოლოოდ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწონებული პროექტის საფუძველზე, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენა 914 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელიც ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. ამასთან, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, რომ შესაბამისი ცვლილება შეეტანა მ.კ-ის სააღრიცხვო ბარათში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 29 მარტს დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენის საფუძველზე, წარმოადგენს არა მხოლოდ იჯარის, არამედ იჯარა-აღნაგობის უფლებით ხელშეკრულებას. ამასთან, არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმას, რომ ხელშეკრულების დასათაურებაში ხელშეკრულების შინაარსმა ვერ ჰპოვა სრულყოფილი ასახვა, რადგან როგორც ხელშეკრულების 6.4 მუხლის „დ“ პუნქტში მითითებული შინაარსით, ასევე, მხარეთა ფაქტობრივად განხორციელებულ მოქმედებებში გამოვლენილი ნებით სახეზეა სწორედ იჯარა-აღნაგობის უფლების ხელშეკრულების დადება.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ რამდენადაც დადგენილია, რომ მ.კ-ის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლებით აშენებულ იქნა სამსართულიანი, საერთო ფართით 914 კვ.მ შენობა-ნაგებობა და იგი ქობულეთის რაიონის გამგეობის გეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ნოემბრის #07 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, აღნაგობის უფლება, როგორც სანივთო უფლება, აუცილებლად ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად პირველი რიგის უფლების სახით. სწორედ ამ მიზნით ეთხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ქობულეთის რაიონის გამგეობის ზემოხსენებული ბრძენებით რეგისტრაციის განხორციელება, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული მოთხოვნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა. მეტიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონება ისე იქნა რეგისტრირებული ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, რომ არც ერთი რეგისტრაციის დროს არ ასახულა ამ ნაგებობაზე მ.კ-ის აღნაგობის სანივთო უფლების რეგისტრაცია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ.კ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია სავსებით საკმარისი იყო, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს მოეხდინა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, მ.კ-ეზე აღნაგობის უფლებით აღერიცხა ქ. ქობულეთში, ...ის ქ. #...-ში მდებარე 914.4 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ ერთ-ერთ გარემოებაზე, კერძოდ, კასატორის მითითებით, სააგენტო საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირის სტატუსით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითიც დაირღვა პროცესუალური ნორმები.

საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ პროცესში მოპასუხის სტატუსით უნდა მონაწილეობდეს. იმ შემთხვევაში, თუკი სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოთხოვნა საქმეში ჩაბმული მესამე პირისაკენ იქნება მიმართული, სასამართლო ვალდებულია ყველა შესაძლო პროცესუალური ღონისძიების გამოყენების გზით იზრუნოს მისი საპროცესო სტატუსის შეცვლაზე.

თუმცა საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. მითითებული სამართლებრივი დანაწესის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციულ პროცესში მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით იყო ჩაბმული, იგი სარგებლობდა მოპასუხის ყველა უფლებით. ამასთან, თავად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფიქსირდება მოწინააღმდეგე მხარედ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული პროცესუალური დარღვევა თავისი ბუნებით არ იყო იმ მნიშვნელობის, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტირებული დასაბუთება, რომლითაც ცხადი გახდებოდა, რომ სააგენტოსათვის მოპასუხის სტატუსის მინიჭება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სააგენტო საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით სარგებლობდა და იგი აღჭურვილი იყო მოპასუხისათვის მინიჭებული ყველა საპროცესო უფლებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ პროცესუალურ ხარვეზს არსებითი ზეგავლენა არ მოუხდენია საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც არ არსებობს ამ საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა