ბს-735(კ-21) 07 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ბ-მა, ე.ზ-მა და თ.გ-მა 31.12.2020წ. სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა ზედდების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.12.2017წ. ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 25.09.2019წ. ბრძანების, 02.10.2019წ. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 07.02.2020წ. წერილის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 30.12.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 05.01.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის რეგიონული ოფისი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2021წ. გადაწყვეტილებით, ა.ბ-ის, ე.ზ-ისა და თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.12.2017წ. №1/2-520 ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, 25.09.2019წ. №1/2-381 ბრძანება, 02.10.2019წ. №1/2-394 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი მოსარჩელეების მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში, 07.02.2020წ. №17/8042 წერილი (უარი) და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 30.12.2020წ. №1-1/583 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 08.07.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, დაბა ...ში, ...ის ქ. №48-ში მდებარე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული 394 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ა.ბ-ი, ე.ზ-ი და თ.გ-ი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საჩივრის ავტორების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ზედდების ნაწილში, არ არის გამყარებული და დასაბუთებული სათანადო არგუმენტებით, ამასთან, მოსარჩელეთა (მოწინააღმდეგე მხარეთა) მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავ ნივთთან ზედდებაში მყოფ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი ...) დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ განახორციელა ცვლილებები, რაც მისთვის ცნობილი გახდა უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით მოსარჩელეების მიერ განაცხადის წარდგენის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 04.10.2018წ. ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ს.ბ-ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულია დაბა ...ში, ...ის ქ. №48-ში მდებარე ბ. 1 (საერთო ფართით - 23.36 კვ.მ.), ასევე მითითებულია ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 394 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღრიცხვის თარიღია 29.09.2003წ.. აღრიცხვის თარიღის გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ცნობა-დახასიათება არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, აღნიშნული პერიოდისთვის („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრები უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 11.12.2019წ. მოქმედი რედაქცია) აღნიშნული დოკუმენტი თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილებოდა, ხოლო დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. ამდენად, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის პირობებში, სარჩელი საფუძვლიანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უპირატესობა საკუთრებაზე მოთხოვნის უფლებას მიანიჭა, ვიდრე უკვე წარმოშობილ საკუთრების უფლებას. კასატორმა ასევე მიუთითა განსაზღვრულობის პრინციპზე, რომელიც განამტკიცებს განჭვრეტადობის გარანტიებს და სამართლებრივი ნდობის პრინციპზე, რომელიც ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. სასამართლოს მიერ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს 22.12.2017წ. ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან ორი წლის შემდგომ სხვა პირმა საკუთრების უფლების რეალიზაცია მოითხოვა. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს ნორმის განსაზღვრულობის პრინციპს, რადგან აქტის გამომცემ ორგანოს არ აქვს შესაძლებლობა აქტის შედეგები დამოუკიდებლად განსაზღვროს, შედეგების კანონიერება აქტის კანონიერებას კი არ დაუკავშიროს, არამედ აქტის გამოცემის შემდგომ, მომავალში განხორციელებულ ქმედებას. გასაჩივრებული აქტები შესაბამისობაშია მათი გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობასთან. მართლმსაჯულების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლისა და გადასინჯვის შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა ამგვარი გადასინჯვით არ უნდა მოხდეს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში აქტის გამოცემის დროისთვის აქტის კანონიერების მიუხედავად აქტი ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემიდან ორი წლის შემდეგ წარმოშობილი მოვლენის გამო. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად შედეგობრივად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ის რაიონში, დაბა ...ში, ...ის ქ. №48-ში მდებარე 23,36 კვ.მ. (ბინა 1) ფართზე აღრიცხულია ს.ბ-ის უფლება, აღნიშნული ბინა განლაგებულია თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფაქტიური ფართობი შეადგენს 394 კვ.მ.-ს, უფლების აღრიცხვის თარიღად მითითებულია 29.09.2003წ. (ტ. 1, ს.ფ. 15), ნაკვეთის ფართობის შესახებ იგივე ინფორმაციას შეიცავს საინვენტარიზაციო გეგმა (ტ. 1, ს.ფ. 16). ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 21.08.2019წ. წერილისა და მასზე დართული ადგილზე დათვალირების ოქმის თანახმად, ა.ბ-ის, ე.ზ-ის და თ.ბ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ცნობა-დახასიათებითა და საინვენტარიზაციო გეგმით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არის იდენტური, ასევე აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია ორი ბინა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების შესაბამისად, ე.ზ-ის, თ.გ-ის (ს.ბ-ის მემკვიდრეები) და ა.ბ-ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით 394 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ტ. 4, ს.ფ. 32-33), ამასთანავე, მითითებულ მიწის ნაკვეთზე ე.ზ-ის და თ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 19.06.2007წ.. საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისთვის (22.12.2017წ.) სადავო უძრავ ნივთზე უკვე იყო რეგისტრირებული სხვა პირთა საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (სუსგ 28.02.2013წ. საქმე №ბს-367-363(კ-12)). სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ორგანოს, სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირების ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტები შესაბამისობაშია მათი გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობასთან, არ არის დასაბუთებული.
სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც განამტკიცებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის გარანტიებს. სამართლებრივი უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი ნდობის პრინციპი, რომელიც ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/522/553 „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §41-42). სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცული და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილი არიან საკნონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით, ამდენად, კასატორის მიერ მითითებული პრინციპების დაცვის ვალდებულება აკისრიათ ადმინისტრაციულ ორგანოებს (მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტების მართლზომიერება ისე, რომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ შეაფასა გარემოება იმის შესახებ, რომ დაბა ...ში, ...ის ქ. №48-ში მდებარე 394 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.ბ-ის (ე.ზ-ის და თ.გ-ის მამკვიდრებლის) უფლება აღრიცხული იყო 2003 წლის 29 სექტემბრიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 11.12.2019წ. ცვლილების შეტანამდე, ცნობა-დახასიათება იყო ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მითითებული პერიოდიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწად განიხილება (მე-2 მუხ., „ა“ ქვ.პ.), (მსგავს დათქმას შეიცავს ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი). დაინტერსებულ პირად მიიჩნევა ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (მე-2 მუხ., „ე“ ქვ.პ.). სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ არ იქნა განხორციელებული. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელეების ჩაბმა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა (სუსგ №ბს-320-311 (2კ-12), 10.04.2014წ.). ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე საერთოდ არ შეაფასა ის, რომ საჯარო რეესტრში 2007 წლის 19 ივნისიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული იყო ე.ზ-ის და თ.გ-ის თანასაკუთრების უფლება, ამასთანავე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ შეფასებას. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასმაართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა