Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-654(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ.პ-ა, თ.ს-ა, თო.ს-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.პ-ამ, თ.ს-ამ და თო.ს-ამ 2021 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1285/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.პ-ას, თ.ს-ას და თო.ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.პ-ამ, თ.ს-ამ და თო.ს-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.პ-ას, თ.ს-ას და თო.ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.პ-ას, თ.ს-ას და თო.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1285/ო ბრძანება და მოპასუხეს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2021 წლის 29 იანვარს მონიტორინგის ჯგუფმა დამატებით მოკვლევა განახორციელა დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელ მისამართზე - ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №3-ში (კერძო სახლი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად), ამ დროს სახლში იმყოფებოდა მისი ყოფილი მეუღლე - რ.ს-ა, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელის განმარტებით, ისინი, ფაქტობრივად, 4 წელია დაცილებულები არიან. ყოფილი მეუღლე ხანდახან მიდის მოსარჩელესთან შვილების მოსანახულებლად.

კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მონიტორინგისას მოსარჩელემ კომისიის წევრებს დაუმალა ყოფილი მეუღლის ვინაობა და ის „გაასაღა“ სტუმრად, როგორც მისი ბიძაშვილი, აიხსნება იმით, რომ ადრე განხორციელებული მონიტორინგებისას მოსარჩელეს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი მეუღლე განკარგავდა მამაპაპისეულ სახლს და ცხადია, მასთან თანაცხოვრების ფაქტის დამალვაც სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებისა და მტკიცებულების შესწავლის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარდგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1285/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ნ.პ-ას დევნილ ოჯახს, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ქმედება კანონიერია და არ არსებობს მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ.პ-ას დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ.პ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები თ... და თო.ს-ები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. ნ.პ-ამ 2013 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №17, ხოლო ოჯახის შემადგენლობაში - შვილი - თ.ს-ა და მეუღლე - რ.ს-ა. მოსარჩელემ 2017 წლის 27 მარტის განცხადებით კი მოითხოვა შვილის - თო.ს-ას აპლიკაციაში ჩამატება, ხოლო 2017 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი განცხადებით მისი ყოფილი მეუღლის - რ.ს-ას აპლიკაციიდან ამოღება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახს 2020 წლის 14 სექტემბერს გადამოწმების შედეგად მიენიჭა - 5,5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში (ცხოვრობს ნაქირავებში) - 1,5 ქულა; ჰყავს 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრუწლოვანი - 1 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა. კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში შენიშვნის სახით ასევე მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მშობლები, ორი და, ძმა, ორი დისშვილი და ორი შვილი. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად (თო.ს-ა დაემატა განცხადების საფუძველზე). განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოღებულია არადევნილი მეუღლე - რ.ს-ა. მშობლებს, დას - ნ.პ-ას და ძმას -რ.პ-ას ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, ... ქუჩა №322-ში (...) დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი. განმცხადებელი ოჯახთან ერთად გამოსახლებულია ...ის ქ. №17-დან და სამინისტრო უხდის ქირას.

ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 9 დეკემბერს განხორციელებული მონიტორინგისას (მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ...ას ქუჩა №63-ში (კერძო სახლი)) ადგილზე იმყოფებოდნენ ნ.პ-ა, თ.ს-ა და თო.ს-ა. ნ.პ-ას განმარტებით, 2020 წლის ივნისიდან ამ მისამართზე ქირით ცხოვრობენ 300 ლარად, მანამდე 5 წელი ქირით ცხოვრობდნენ ...ში, ...ის ქუჩა 2ა-ში, უფრო ადრე ...ში, ...ას ქუჩაზე ქირით 2 წელი, ხოლო თავდაპირველად ...ის №17-ში, საიდანაც გამოასახლეს. ნ.პ-ას მითითებით, მის ყოფილ მეუღლესთან - რ.ს-ასთან არ ქონდა ხელი მოწერილი და 4 წელია დაშორებულია. მისი თქმით, რ.ს-ა დედასთან - ე.რ-სთან ერთად ცხოვრობს ...ში, სოფ. ...ში, მამაპაპისეულ სახლში. ამასთან, 2021 წლის 29 იანვარს, დამატებითი მოკვლევის მიზნით იმავე მისამართზე განხორციელებული მონიტორინგისას, ადგილზე იმყოფებოდა განმცხადებელი შვილებთან - თ... და თო.ს-ებთან ერთად. მისამართზე ასევე იყოფებოდა სტუმარი, განმცხადებლის თქმით, ბიძაშვილი - ბ.პ-ა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის წერილით დგინდება, რომ ნ.პ-ას ბინაში დამატებითი მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა მისი მეუღლე - რ.ს-ა, რაც დადასტურდა სამოქალაქო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემებით.

საბოლოოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.პ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 21 აპრილს გამოსცა №03-1285/ო ბრძანება მოსარჩელე ნ.პ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) შესაბამისი ნორმების დარღვევაზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რიგითობას განსაზღვრავს დევნილი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მისი მეუღლე დროდადრო მიდის მათთან შვილების სანახავად, თუმცა ის მათთან აღარ ცხოვრობს. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მისი მეუღლე მის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლე არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რის გამოც ის ცალკე ვერ მიიღებს საცხოვრებელ ფართს და შესაბამისად, გაურკვეველია, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე სააგენტოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სააგენტოს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მეუღლის დედას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ამ ეტაპისათვის მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე უარის თქმის, თუმცა, საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული ინფორმაცია საქმის მასალებით არ დასტურდება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმ გარემოების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას, რომ სახეზეა არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2015, 2017 და 2021 წლის ამონაწერებზე, სადაც ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მითითებულნი არიან მხოლოდ თავად მოსარჩელე და მისი შვილები. ასევე საქმის მასალებს ერთვის მოწმეების - ი.ვ-სა და მ.ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ნ.პ-ა არ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ამდენად, ადმინიტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ მეუღლესთან თანაცხოვრების ფაქტზე არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რადგან ამ ფაქტის დადგენაზე არის დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა. ამრიგად, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის შედეგად, უნდა მოახდინოს ნ.პ-ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის არსებითად მცდარი ხასიათის დადგენა და შეფასება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა ნორმატიული შინაარსი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე