Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-668(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.კ-ე

მესამე პირი - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ლ.კ-ემ 2021 წლის 4 ნომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2043/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ) გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დევნილის ყოველთვიური კომპენსაციის - 45 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2043/ო ბრძანება, რომლითაც ლ.კ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; მოპასუხეს დაევალა ლ.კ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის კუთვნილი ყოველთვიური კომპენსაციის - 45 ლარის ანაზღაურება 2013 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები.

კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების კითხვარი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დაიბადა თბილისში, თბილისია მისი დედისა და დის დაბადების ადგილიც, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული არ აქვთ. მოსარჩელე პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე სწავლობდა თბილისის საჯარო სკოლაში და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაშიც თბილისში გააგრძელა სწავლა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე დაბადებიდან - ... წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე დის საკუთრებაში არსებულ სახლში. დასახელებებულ გარემოებებზე მითითებით კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს სწორედ ქალაქი თბილისი წარმოადგენდა და არა სოფელი .... ამასთან, სადავო არ არის, რომ ლ.კ-ის მამას სოფელ ...ში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა სახლის ქონა ავტომატურად არ განიხილება მისი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის საფუძვლად.

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მამამისმა 2013 წელს მოითხოვა დევნილის სტატუსი როგორც თავისთვის, ასევე არასრულწლოვანი შვილისთვის, კასატორის მითითებით, 2013 წლისთვის, როცა მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო, მამამისს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. მამამ - ჯ.კ-ემ დევნილის სტატუსი მხოლოდ 2020 წელს მოიპოვა, მაშინ, როცა მოსარჩელე უკვე 22 წლის იყო, ანუ ამ პერიოდისთვის ის არასრულწლოვან პირს აღარ წარმოადგენდა. გარდა მითითებულისა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოსარცელის მამამ დევნილის სტატუსი მოიპოვა, მისი შვილის - ლ.კ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა.

კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას შემწეობის სააგენტოსათვის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დევნილის შემწეობის მოთხოვნის უფლება უკავშირდება დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს, რომლის მინიჭებაზეც სააგენტომ კანონიერიად უთხრა უარი მოსარჩელეს, შესაბამისად, შემწეობის დაკისრების ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ.კ-ისთვის ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ასეთს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.კ-ემ 2020 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით იგი დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლად მიუთითებდა 2008 წელს სოფელ ...ის იძულებით დატოვებაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2043/ო ბრძანებით კი მოსარჩელე ლ.კ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელი ... არ წარმოადგენდა ლ.კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თვითმართველი ერთეულის 2020 წლის 24 აგვისტოს №250 ცნობა, რომლის თანახმადაც ლ.კ-ე, დაბადებული ... წლის ... ...ს (პ/ნ ...), ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის ომამდე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მოსარჩელის - ლ.კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე წარმოადგენდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., ხოლო, დროებით, ჩადიოდა ქალაქ თბილისში. შესაბამისად, მოსარჩელე ლ.კ-ე 2008 წლის ომის გამო გახდა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ის გარემოება, რომ ლ.კ-ე სკოლაში რეგისტრირებული იყო ქალაქ თბილისში, არ ადასტურებს მის ქალაქ თბილისში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს და მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მოსარჩელის სოფელ ...ში 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამრიგად, მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ.კ-ემ 2013 წელს მიმართა სამინისტროს მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ.კ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოში დავის შემდეგ კი მხოლოდ ჯ.კ-ეს მიენიჭა დევნილის სტატუსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული კანონის შესაბამის ნორმათა დანაწესებიდან გამომდინარე, ლ.კ-ე უფლებამოსილი იყო მიეღო დევნილის სტატუსი, ვინაიდან მამას უკვე მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელისათვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისათვის განკუთვნილი ყოველთვიური კომპენსაციის სახით 45 ლარის ანაზღაურება 2013 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ, გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.კ-ემ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა 2020 წლის 24 აგვისტოს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლ.კ-ე ამ დროიდან იყო უფლებამოსილი მიეღო დევნილისთვის განკუთვნილ კომპენსაცია. ამდენად, მოპასუხეს სწორად დაევალა მოსარჩელისათვის, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირისათვის განკუთვნილი ყოველთვიური კომპენსაციის სახით - 45 ლარის ოდენობით ანაზღაურება 2020 წლის 24 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე