საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1003(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ.მ-ემ 2021 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 1 ივლისის №03-2569/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 1 ივლისის №03-2569/ო ბრძანება და მოპასუხეს, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, დევნილი ოჯახების განსახლების საკითხის განხილვისას კომისიამ განიხილა დევნილი ოჯახების, მათ შორის, მოსარჩელის განსახლების საკითხიც. კერძოდ, შეისწავლა, როგორც დევნილის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ თ.მ-ეს კანონიერად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მხარის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ალტერნატიული საცხოვრებლის, კერძოდ, მამაპაპისეული სახლის ქონის გამო, რომელიც ძმის სახელზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 22 ივნისს (ოქმი №…), ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (ქ. ..., ...ის №41/17 სადარბაზო ..) განახორციელეს ვიზიტი. ვიზიტისას შევსებული მონიტორინგის ფორმიდან ირკვევა, რომ თ.მ-ე ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2016 წლიდან დღემდე. ქირის სახით იხდის 50 ლარს. მხარე განაცხადს აკეთებს მარტო. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი მონიტორინგის ოქმიდან ჩანს, რომ ბინა, სადაც თ.მ-ე ფაქტობრივად ცხოვრობს არის ვინმე ე.მ-ის საკუთრება. თ.მ-ის განმარტებით, ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ორი ცხოვრობს მის ყოფილ მეუღლესთან ერთად მის მამაპაპისეულ სახლში სოფელ ...ში. სახლი გაფორმებულია ძმის - რ.მ-ის სახელზე. მესამე შვილი - მ.მ-ე ცხოვრობს ...ში საკუთარ ბინაში. 2021 წლის 2 აპრილს დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა ...ის რაიონის სოფელ ...ში რ.მ-ის საცხოვრებელ სახლში. სააგენტოს თანამშრომლებს სახლი დაკეტილი დახვდათ. მეზობელ - ზ.ჯ-ის განმარტებით, მ.გ-ა ( თ.მ-ის ყოფილი მეუღლე) ცხოვრობს მარტო მაზლის სახლში ქირის გარეშე. მისი სამი შვილი ცხოვრობს ...ში, თუმცა, სად, არ იცის. მისივე განმარტებით მ.გ-ა მონიტორინგის წინა დღეს წაიყვანა შვილმა - მ.მ-ემ, ვინაიდან მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.
კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილი თ.მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ალტერნატიული, მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლის ქონის გამო. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა თ.მ-ის მდგომარეობა და მიენიჭა 5.0 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელ ფინანსურ პირობებში (ცხოვრობს ქირით) - 1.5 ქულა, არის მარტოხელა პენისონერი და ჰყავს ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა, სოციალურ კრიტერიუმში (65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით) - 1 ქულა, არის ომის მონაწილე, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 1 ივლისის №03-2569/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №…), თ.მ-ეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. ალტერნატიულ საცხოვრებლად კი მოპასუხემ მიიჩნია ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მოსარჩელის ძმის - რ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი. ამდენად, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ.მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ძმის სახელზე რეგირირებული სახლის, როგორც ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელის ძმის - რ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის ალტერნატიულ საცხოვრებელს და რამდენად აქვს მოსარჩელეს იქ ცხოვრების შესაძლებლობა მაშინ, როცა 2021 წლის 1 აპრილს მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე - ქ. ...ში, ...ის №41/17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განხორციელებული მონიტორნიგის თანახმად, დასტურდება, რომ თ.მ-ე მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2016 წლიდან ქირით. ქირის სახით იხდის 50 ლარს. ამასთანავე, საქმის მასალებში წარმოდგენილია ბინის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეს საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში მიენიჭა (ცხოვრობს ნაქირავებში) 1.50 ქულა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ზედაპირულად შეაფასა მის მიერ განხორციელებული მონიტორინგების დროს მოპოვებული მტკიცებულებები. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
აქედან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე