საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1072(კ-22) 14 ნოემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ვ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა.ვ-მა 2019 წლის 18 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1769/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ა.ვ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიეთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1769/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ა.ვ-ის ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა.ვ-ის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არასაკმარისი ქულათა ოდენობა. კერძოდ, ოჯახს დააკლდა 1.5 ქულა ქირით ცხოვრების კრიტერიუმში, ხოლო 1.5 ქულა ომის ვეტერანობის კრიტერიუმში. შესაბამისად, დარჩენილი 4.5 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მოსარჩელეთა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად. ამასთან, სხვა დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით 6.0 ქულის და მეტის არსებობის პირობებში დაკმაყოფილდნენ.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების უმთავრესი დანიშნულებაა დევნილებში ყველაზე უფრო მეტად შეჭირვებული კატეგორიის გამოვლენა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება. პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით, ვინაიდან მხარის ქულათა რაოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, რის გამოც კომისიამ არ დააკმაყოფილა ა.ვ-ი საცხოვრებელი ფართით.
ამდენად, კასატორის აზრით, სააგენტოს გადაწყვეტილება მოცემულ აპლიკანტთან მიმართებით, რომელიც არ ცხოვრობდა ნაქირავებში, აღნიშნულ კატეგორიაში მინიჭებული 1.5 ქულის გაუქმების თაობაზე, მართებული იყო, რაც სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა. რაც შეეხება 1,5 ქულის დაკლებას ომის ვეტერანობის ნაწილში, აღსანიშნავია, რომ განაცხადის მიღების დროს დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი, შესაბამისად, აპლიკანტს არასწორად მიენიჭა 1.5 ქულა, რომელიც შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გამოასწორა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, არასაკმარისი ქულათა ოდენობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.ვ-ის ოჯახის მდგომარეობა, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, თავდაპირველად შეფასდა 7.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნაქირავებში - 1.5 ქულა; არის ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; ჰყავს ომში დაღუპული წევრი - თ.ვ-ი - 3 ქულა; თ.ვ-ს მინიჭებული აქვს ჯილდოები: მედალი - „...სთვის“ - 1.5 ქულა), ხოლო შემდეგ - 4.5 ქულით (ჰყავს ომში დაღუპული წევრი - თ.ვ-ი - 3 ქულა; თ.ვ-ს მინიჭებული აქვს ჯილდოები: მედალი - „...სთვის“ - 1.5 ქულა). აღნიშნული შეფასება კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1769/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახისთვის, ქულათა არასაკმარისი ოდენობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ამასთან, სააპელაციო სხდომაზე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განაცხადის მიღების დროს დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი და ა.ვ-ს ომის ვეტერანობის ნაწილში არასწორად მიენიჭა 1.5 ქულა, რომელიც შემდგომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე აღმოიფხვრა და კომისიის მიერ გამოსწორდა დაშვებული უზუსტობა. შესაბამისად, რეალურად ქულის დაკლება კი არა, არამედ მისთვის არასწორად მინიჭებული ქულის გაუქმება მოხდა. რაც შეეხება ქირის ნაწილში ქულის დაკლებას, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია ქირავნობის ხელშეკრულება, ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, აღნიშნული წარმოადგენდა 1.5 ქულის დაკლების საფუძველს.
საქმეზე დადასტურებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენის მიზნით, ხოლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ა.ვ-ის ბიცოლის - დ.ლ-ის (სადავო ფართის მესაკუთრე), დედის - მ.ნ-ის, მ.ნ-ის მეზობლების -ნ.ვ-ის, გ.ფ-ის და მ.გ-ის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე - ა.ვ-ი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში და იხდის ქირას 250 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №6-ის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1.5 ქულით, შესაბამისად, აღნიშნული ქულის მინიჭებისთვის გადამწყვეტ გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელე ქირით ცხოვრობს, თუ ქირის გარეშე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი პირებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდა მათთვის მინიჭებული 6 და 6-ზე მეტი ქულის დაგროვების საფუძველზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოსარჩელისათვის მინიჭებული ქულის არასწორად დაკლებას, შესაბამისად, უკანონოა გასაჩივრებული აქტი მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. აბუსერიძე