Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1090(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ჭ-ის უფლებამონაცვლე მ.ჭ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ჭ-ემ 2017 წლის 27 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის №... სხდომის ოქმის, ასევე მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №839 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ნ.ჭ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინის) შესაძენად 21 000 ლარის გამოყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №839 ბრძანება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინის) შესყიდვის თაობაზე ნ.ჭ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ნასყიდობის ღირებულების არაუმეტეს 21000 ლარის გამოყოფის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის ნ.ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჭ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინის) შესყიდვის თაობაზე ნ.ჭ-ის უფლებამონაცვლე მ.ჭ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ნასყიდობის ღირებულების არაუმეტეს 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარის გამოყოფის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ოჯახის საკუთრებად რეგისტრირებული იყო 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა ქ. ...ში, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის განაცხადის შევსებამდე ცოტახნით ადრე, მ.ჭ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილს - ნ.შ-ას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბინა გასხვისდა ოჯახის წევრზე, შესაბამისად, უძრავი ნივთი ისევ მოსარჩელის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ოჯახის საკუთრებად რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი, და მ.ჭ-ემ აღნიშნული საკუთრება მხოლოდ იმ მიზნით გადაუფორომა შვილს, რომ განაცხადის შევსების შესაძლებლობა მისცემოდა, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველ მუხლში დადგენილი იმპერატიული დანაწესის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი უნდა განეხილა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე, რადგან ნორმატიულად დადგენილია, რომ იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთაც საკუთრება გააჩნიათ, განიხილება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე.

კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №839 ბრძანება, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებდა ამავე წესის მე-4 მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 - „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრებოდა არაუმეტეს 21 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 3-4 წევრისგან.

რაც შეეხება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. კერძოდ, კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, მათ შორის 2017 წლის 26 ოქტომბრის „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ.ჭ-ე იყო იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის შემადგენლობაში ასევე შედიან შვილი - მ.ჭ-ე (უფლებამონაცვლე) და სიძე - ვ.შ-ა. ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და ცხოვრობენ ქ. ...ში, მე-... მ/რ. მე-... კორპ. ბ. N...-ში, ნაქირავებ საცხოვრებელში. განაცხადის შეფასების შედეგად, ნ.ჭ-ის ოჯახს მიენიჭა 4.5 ქულა და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 30 ოქტომბრის №… სხდომის ოქმით კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ნ.ჭ-ის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, აღნიშნული ოქმის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №839 ბრძანებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ნ.ჭ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა კრიტერიუმების შეფასების შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაეყრდნობით მივიდა მოპასუხე აღნიშულ დასკვნამდე.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და ცხოვრებენ ნაქირავებ ბინაში, შესაბამისად, როგორც დევნილი ოჯახი ექვემდებარებოდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, მაშინ როდესაც ოჯახს არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი, არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ოჯახს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას მ.ჭ-ის მიერ ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გასხვისების გამო, სადავო აქტის კანონიერების თაობაზე, საკასაციო პალატა მითითებულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები (მაგ. საცხოვრებლის ფორმალურად გასხვისება და სხვა), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭებდა საკითხის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განხილვის შესაძლებლობას. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილთა საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2018 წლის 21 მარტის №839 ბრძანების ბათილად ცნობისა და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინის) შესაძენად ოჯახისათვის 21 000 ლარის გამოყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების დავალების წინაპირობები.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა