საქმე #ბს-980(2კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 13 აგვისტოს ნ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მარტოხელა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პენსიონერი. სოციალურად დაუცველთა ბაზაში ცალკე ოჯახად იგი რეგისტრირებული იყო 2005 წლიდან 2007 წლამდე. სოციალური აგენტის ინიციატივით ნ.გ-ი მის მეზობლად მცხოვრებ დასთან - ე.გ-თან ერთად 2007 წლიდან ერთ ოჯახად დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რაც გრძელდებოდა 2016 წლის 22 აგვისტომდე. 2016 წლის 17 მაისის გადამოწმების შედეგად, მათ მიენიჭათ 19 140 ქულა. ოჯახს 2016 წლის 18 ნოემბერს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, მიზეზად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მათ „არ აცნობეს სააგენტოს ლეგალური შემოსავალი“, რაც იყო შეცდომა, რომელიც შემდგომში, შემოსავლების სამსახურის ცნობის წარდგენის მეშვეობით აღმოიფხვრა. მას შემდეგ, ნ.გ-მა არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დამოუკიდებელ ოჯახად რეგისტრაცია და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 10 თებერვალს შედგენილ იქნა ოქმი, რომლითაც ნ.გ-ს წაერთვა შესაძლებლობა, რეგისტრირებული ყოფილიყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ნ.გ-მა და ე.გ-მა აწარმოეს დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური აგენტის 2018 წლის 10 თებერვლის შეწყვეტის ოქმი, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 28 მარტის #04-00-დ/12912 გადაწყვეტილება ნ.გ-ს მიმართ, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის #04/28715 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ.გ-ს ცალკე ოჯახად რეგისტრაცია და შემოწმება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2020 წლის შემოწმების შემდეგ, ნ.გ-ს ოჯახს მიენიჭა 67 410 ქულა. შესაბამისად, იგი, როგორც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირი (რომლის ქულაც არ აღემატებოდა 70 000-ს), იღებდა საარსებო შემწეობას და მინიჭებული ქულების შესაბამის სოციალურ შეღავათებს თბილისის მერიისაგან. 2016 წლის 22 აგვისტომდე ნ.გ-ი თბილისის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან წელიწადში 3-ჯერ - მაისში, აგვისტოსა და დეკემბერში იღებდა 300-ლარიან დახმარებას. ასევე, 2016 წლამდე ნ.გ-ი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან იღებდა კომუნალური სუბსიდიის სახით დახმარებას, კერძოდ, იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში 106 ლარის ფარგლებში შემდეგი მეთოდოლოგიით: დასუფთავების მოსაკრებელი - 2.5 ლარი, წყლის გადასახადი - 3.89 ლარი და ელექტროენერგიის გადასახადი ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებების გამო, ნ.გ-მა ვერ შეძლო მიეღო კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ.გ-ს სასარგებლოდ მიუღებელი მუნიციპალური დახმარების - 3300 ლარის (2016 წლის დეკემბრის, 2017-18-19 წლების 900-900 ლარი, 2020 წლის მაისის 300 ლარი) გადახდის, მიუღებელი მუნიციპალური დახმარების - 3300 ლარის 12%-ის - 921 ლარის (2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდი), ნ.გ-ს მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი თანხის - 134 ლარის გადახდის, ნ.გ-ს მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი 134 ლარის 12%-ის - 16.08 ლარის გადახდის, ასევე, 2020 წლის პირველი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, მიუღებელი შემოსავლის - 4401.68 ლარის 1%-ის (44.02 ლარის) გადახდის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ.გ-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი მუნიციპალური დახმარების - 2100 ლარისა და კომუნალური გადასახადის სახით გადახდილი თანხის - 33.42 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ.გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ ...ის“ მიერ გაცემული დასუფთავების სამსახურის აბონენტთა ბრუნვის ისტორიაზე, რომლის მიხედვით, აბონენტ ნ.გ-ს 2018 წლის მარტში გადასახდელად დაერიცხა 2 ლარი, ნოემბერში - 2 ლარი, დეკემბერში - 2 ლარი, 2019 წლის იანვარში - 2 ლარი, თებერვალში - 2 ლარი, მარტში - 2 ლარი, ნოემბერში - 2 ლარი, დეკემბერში - 2 ლარი, 2020 წლის იანვარში - 2 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. 2020 წლის თებერვალში დარიცხულ გადასახადზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 4 მარტს განხორციელდა კომუნალური გადასახადის სუბსიდირება.
სს „...ის“ მიერ გაცემული ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 2018 წლის მარტში აბონენტ ნ.გ-ს გადასახდელად დაერიცხა 0.44 ლარი, ნოემბერში - 3.78 ლარი, დეკემბერში - 1.45 ლარი. 2019 წლის იანვარში დაერიცხა 2.04 ლარი, თებერვალში - 1.02 ლარი, მარტში - 0.87 ლარი, ნოემბერში - 2.62 ლარი, დეკემბერში - 2.04 ლარი; 2020 წლის იანვარში დაერიცხა 1.16 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. 2020 წლის თებერვალში დარიცხულ გადასახადზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 4 მარტს განხორციელდა კომუნალური გადასახადის სუბსიდირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა ნ.გ-ს სასარგებლოდ მის მიერ გაღებული დასუფთავებისა (18 ლარი) და ელექტრო ენერგიის (15.42 ლარი) ხარჯის ანაზღაურება - ჯამში - 33.42 ლარის ოდენობით, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გაღება მოუხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებების გამო.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართებულად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი მუნიციპალური დახმარების ანაზღაურება 2100 ლარის ოდენობით, ვინაიდან რომ არა 2018 წლის მარტის თვეში მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, იგი წელიწადში სამჯერ მიიღებდა სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ თანხას: 2018 წელს - 900 ლარს, 2019 წელს - 900 ლარს და 2020 წელს - 300 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე ნ.გ-ს მითითებაზე, რომ ცალკე ოჯახად რეგისტრაცია მას მოთხოვნილი ჰქონდა 2016 წლის 24 ნოემბრიდან და სწორედ ამ დროიდან უნდა მომხდარიყო ზიანის დაანგარიშება. სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2018 წლის მარტის თვიდან - როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განუცხადა ნ.გ-ს მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დგინდებოდა, რომ იგი იღებდა დახმარებას 2014, 2015, 2016 წლებში. ამასთან, საქმის მასალებითვე დგინდებოდა, რომ დეკლარაცია შევსებული იყო 2020 წლის 1 ივლისს და მოქმედი სარეიტინგო ქულა მას 2020 წლის 31 ივლისს მიენიჭა.
ნ.გ-ს მოთხოვნაზე მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ.გ-ს სასარგებლოდ დაკისრებოდა მის მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადების - 134 ლარის 12%-ის - 16.08 ლარის გადახდა, ასევე, მის მიერ მიუღებელი შემოსავლის - 4401.68 ლარის 1%-ის (44.02 ლარი) გადახდა ყოველთვიურად 2020 წლის პირველი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.გ-ს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ იგი კომუნალურ გადასახადში გადახდილ თანხას და მიუღებელ დახმარებას სოციალურ ანაბარზე განათავსებდა და მიიღებდა სარგებელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ნ.გ-ს განმარტებით, 2016 წლის 18 ნოემბერს ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ მათ არ აცნობეს სააგენტოს ლეგალური შემოსავალი. მან 2016 წლის 24 ნოემბრის განცხადებით კვლავ მოითხოვა შეწყვეტის გაუქმება და ცალკე ოჯახად რეგისტრაცია. ამ განცხადების საფუძველზე იგი კვლავ დარეგისტრირდა სოციალური დახმარების მაძიებლად, თუმცა 2017 წლის 10 თებერვალს გაუუქმდა რეგისტრაცია. საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი.
კასატორის მითითებით, იგი კვლავ განაგრძობდა განცხადებების ფორმატით სოციალური სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადმინისტრაციულ ორგანოში. ამ განცხადებებით ნ.გ-ი ითხოვდა ცალკე ოჯახად რეგისტრაციას, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო ნაცვლად იმისა, რომ განაცხადი განეხილა როგორც ადმინისტრაციული საჩივარი, პასუხად მიუთითებდა იმას, რომ მისი განაცხადი 2018 წლის 10 თებერვლამდე არ განიხილებოდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს მან კვლავ მიმართა განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს და ცალკე ოჯახად რეგისტრაცია მოითხოვა. ამ განცხადების და ცალკე ე.გ-ის განცხადების საფუძველზე, კვლავ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 2018 წლის 15 მარტის ოქმით, ოჯახს კვლავ შეუწყდა რეგისტრაცია, ხოლო ამის შემდგომ გაგრძელდა სამართლებრივი დავა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება, ე.გ-ისა და ნ.გ-ს ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იყო უკანონო.
კასატორი მიიჩნევს, რომ რამდენადაც მას ცალკე ოჯახად რეგისტრაციის განაცხადით მიმართვა დაწყებული აქვს 2016 წლის 24 ნოემბრიდან, სწორედ ამ დროიდან უნდა მოხდეს ზიანის ოდენობის დაანგარიშება.
რაც შეეხება მიუღებელი მუნიციპალური დახმარების პროცენტების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნებს, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ნ.გ-ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომ მოვალისათვის სავარაუდო ყოფილიყო მოსალოდნელი ზიანის ოდენობა. მისთვის სწორედ იმ პერიოდში გახდა ცნობილი ...ის საანაბრე შეთავაზების შესახებ და რომ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო მოქმედება, განმცხადებელი ამ თანხებს მიმართავდა იმგვარად, რომ სტაბილურად მიეღო დამატებითი უმცირესი შემოსავალი, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოთხოვნა მხოლოდ აბსტრაქტულ და მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს ემყარება და არ არის დადასტურებული კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილია ...ის საანაბრე შეთავაზება.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის #3/3460-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულდა სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 იანვრის #04-7/ო ბრძანებით.
კასატორის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ იყო განსაზღვრული რაიმე სახის ზიანი და მისი ოდენობა, სააგენტოს დაევალა მხოლოდ ე.გ-ისა და ნ.გ-ს ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების შედგენა, ასევე, სარეიტინგო ქულის განსაზღვრა. კასატორი აღნიშნავს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის კუმულატიურად რამდენიმე სამართლებრივი პირობის ობიექტურად არსებობა, კერძოდ, პირის მოქმედება, რამაც ზიანი გამოიწვია, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო (კანონშეუსაბამო), პირს უნდა ჰქონდეს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, ზიანი განპირობებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
ამდენად, სააგენტოს მოსაზრებით, არ არსებობდა აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ.გ-ს სასარგებლოდ მიუღებელი მუნიციპალური დახმარების - 3300 ლარის (2016 წლის დეკემბრის, 2017-18-19 წლების 900-900 ლარი, 2020 წლის მაისის 300 ლარი) გადახდის, მიუღებელი მუნიციპალური დახმარების - 3300 ლარის 12%-ის - 921 ლარის (2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდი), ნ.გ-ს მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი თანხის - 134 ლარის გადახდის, ნ.გ-ს მიერ კომუნალური გადასახადების სახით გადახდილი 134 ლარის 12%-ის - 16.08 ლარის გადახდის, ასევე, 2020 წლის პირველი იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, მიუღებელი შემოსავლის - 4401.68 ლარის 1%-ის (44.02 ლარის) გადახდის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებზე, რომელთა თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ.გ-ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი (მკვეთრად გამოხატული ხარისხით). ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. #1 ...ის ქ. #15-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ბინა #3, საერთო ფართით 82.33 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ.გ-ს სახელზე, ხოლო ბინა #1, საერთო ფართით - 22.24 კვ.მ - ე.გ-ის სახელზე.
ნ.გ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციის მიზნით პირველად მიმართა 2005 წლის 24 აგვისტოს. მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდა: 1. 2005 წლის 23 ოქტომბერს; 2. 2007 წლის 20 იანვარს; 3. 2007 წლის 10 ივლისს; 4. 2008 წლის 16 მარტს; 5. 2011 წლის 16 დეკემბერს; 6. 2012 წლის 11 იანვარს; 7. 2014 წლის 3 სექტემბერს, ხოლო 2014 წლის 28 ნოემბერს რეგისტრაცია გაუუქმდა იმ მიზეზით, რომ დეკლარაციაში არ ფიქსირდებოდა რეგულარული შემოსავალი, პროცენტის სახით.
ნ.გ-ი მონაცემთა ბაზაში მეორედ დარეგისტრირდა 2015 წლის 18 იანვარს, გადამოწმდა 2016 წლის 17 მაისს და შეუწყდა რეგისტრაცია 2016 წლის 18 ნოემბერს, იმ მიზეზით, რომ სააგენტოს არ აცნობეს ლეგალური შემოსავალი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.გ-მა მონაცემთა ბაზაში მესამედ რეგისტრაციის მიზნით განაცხადით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 2016 წლის 24 ნოემბერს. ოჯახს რეგისტრაცია გაუუქმდა 2017 წლის 10 თებერვალს იმ მიზეზით, რომ ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი. ოჯახს რეგისტრაციის უფლება შეეზღუდა 1 წლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 21 თებერვლის განცხადებებით ე.გ-მა სოციალური მომსახურების სააგენტოში მოითხოვა მისი და მისი დის - ნ.გ-ს ოჯახების გადამოწმება, ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაცია. ოჯახის საკითხის სადავოობის გამო, მისამართზე ვიზიტი განახორციელა უფროსმა სოციალურმა აგენტმა, დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად. განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ელეონორა და ნ.გ-ების წარმომადგენელმა 2018 წლის 19 აპრილის #37597 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/...ის 2018 წლის 21 მარტის #04-00-დ/11960 და 2018 წლის 28 მარტის #04-00-დ/11960 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის (...) ე.გ-ისა და ნ.გ-ს ცალ-ცალკე ოჯახად შემოწმებისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების განხორციელების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის #04/28715 გადაწყვეტილებით ელეონორა გრელიშვილისა და ნ.გ-ს წარმომადგენელს უარი ეთქვა 2018 წლის 19 აპრილის #37597 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით #3/3460-18 საქმეზე ნ.გ-სა და ე.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/...ის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/...ის 2018 წლის 21 მარტის #04-00-დ/11960 გადაწყვეტილება ე.გ-ის მიმართ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/...ის 2018 წლის 28 მარტის #04-00- დ/12912 გადაწყვეტილება ნ.გ-ს მიმართ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის #04/28715 გადაწყვეტილება ელეონორა და ნ.გ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს/...ს დაევალა ე.გ-ის და ნ.გ-ს ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 9 იანვრის #04-7/ო ბრძანების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის #04/28715 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის შევსებული ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“; ბათილად იქნა ცნობილი სერვის ცენტრის 2018 წლის 21 მარტის #04-00-დ/11960 და 2018 წლის 28 მარტის #04-00-დ/12912 გადაწყვეტილებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სერვის ცენტრს დაევალა ე.გ-ის და ნ.გ-ს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასება/შესწავლა ცალ-ცალკე ოჯახებად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სუბსიდირების ქვეპოგრამების თანახმად (2018, 2019, 2020წწ.), პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადზე სუბსიდიის დარიცხვას იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 200 000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვეში დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით: ა) დასუფთავების მოსაკრებელზე: ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი - 2.5 ლარის ოდენობით; ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი - 5 ლარის ოდენობით; ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი - 7.5 ლარის ოდენობით; ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი - 10 ლარის ოდენობით; ბ) წყლის გადასახადზე - 3.15 ლარის ოდენობით (2019-2020 წწ. - 3.89 ლარი); გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.
სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები. დახმარების ოდენობა შეადგენს 900 ლარს წელიწადში და გაიცემა სამჯერადად 300–300 ლარის ოდენობით (მაისი-აგვისტო-დეკემბერი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „...ის“ მიერ გაცემული დასუფთავების სამსახურის აბონენტთა ბრუნვის ისტორიაზე, რომლის მიხედვით, აბონენტ ნ.გ-ს 2018 წლის მარტში გადასახდელად დაერიცხა 2 ლარი, ნოემბერში - 2 ლარი, დეკემბერში - 2 ლარი, 2019 წლის იანვარში - 2 ლარი, თებერვალში - 2 ლარი, მარტში - 2 ლარი, ნოემბერში - 2 ლარი, დეკემბერში - 2 ლარი, 2020 წლის იანვარში - 2 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. 2020 წლის თებერვალში დარიცხულ გადასახადზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 4 მარტს განხორციელდა კომუნალური გადასახადის სუბსიდირება.
სს „ ...ის“ მიერ გაცემული ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 2018 წლის მარტში აბონენტ ნ.გ-ს გადასახდელად დაერიცხა 0.44 ლარი, ნოემბერში - 3.78 ლარი, დეკემბერში - 1.45 ლარი; 2019 წლის იანვარში დაერიცხა 2.04 ლარი, თებერვალში -1.02 ლარი, მარტში - 0.87 ლარი, ნოემბერში - 2.62 ლარი, დეკემბერში - 2.04 ლარი; 2020 წლის იანვარში დაერიცხა 1.16 ლარი. ამავე ბრუნვის ისტორიის მიხედვით, თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. 2020 წლის თებერვალში დარიცხულ გადასახადზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 4 მარტს განხორციელდა კომუნალური გადასახადის სუბსიდირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ.გ-ს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ზიანის სახით მის მიერ გაღებული დასუფთავებისა და ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი მუნიციპალური დახმარების ანაზღაურება 2100 ლარის ოდენობით, ვინაიდან რომ არა 2018 წლის მარტის თვეში მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, იგი წელიწადში სამჯერ მიიღებდა სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ თანხას: 2018 წელს - 900 ლარს, 2019 წელს - 900 ლარს და 2020 წელს - 300 ლარს.
რაც შეეხება ნ.გ-ს მოთხოვნას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საანაბრე პროცენტების გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური დახმარება გაიცემა განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მაშინ, როდესაც პირი სახელმწიფოსაგან მინიმალური სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში ხელშეწყობას საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დახმარება გაიცემა გარკვეული პერიოდულობით, შესაბამისად, პრეზუმირდება, რომ მიმღები მას არა დაგროვების ან მისი ანაბარზე განთავსებით დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით იყენებს, არამედ პერიოდულად მიმართავს მას სწორედ საკუთარი სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ. ამდენად, სოციალური დახმარების შინაარსის და მისი გაცემის მიზნების გათვალისწინებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითებები სოციალური დახმარების დაგროვებითი ფუნქციით გამოყენების ან/და მისი ანაბარზე განთავსებით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობების არსებობის თაობაზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა