№ბს-1186(კ-22) 30 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 24 მაისს ბ.კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1435/ო ბრძანება, ბ.კ-ას (პ/ნ …) ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ბ.კ-ას ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
სარჩელის თანახმად, ბ.კ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის მოტივით, რაც დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩლის ოჯახი ცხოვრობს უაღრეს გაჭირვებაში და მათ არ აქვთ საცხოვრებელი ფართი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1435/ო ბრძანება, ბ.კ-ას (პ/ნ ...) ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ბ.კ-ას (განაცხადში მითითებულ პირებთან ერთად) ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ბ.კ-ა და მისი ოჯახის წევრები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, არსებობს ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილ ბ.კ-ას ოჯახისთვის ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დადგენილი გარემოება, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა განმცხადებლის ოჯახისთვის გადაუდებელი განსახლების საჭიროება, 1998 წლიდან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე შეუზღუდავად ცხოვრების გამო.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ახლობლის სახლში ცხოვრების ფაქტი არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, რომლის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 9.5 ქულა, მათ შორის: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბ.კ-ა (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.00 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ნ.თ-ა (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.00 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი (ნ.თ-ა) -1.50 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი (ბ.კ-ა) -1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს ვიზიტი განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., კორპ. №12, ბ. №9). მონიტორინგის ფორმიდან ირკვევა, რომ ბინა ფაქტობრივად არის მოსარჩელის მეუღლის დეიდაშვილის საკუთრება და ოჯახი ამ მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე 1998 წლიდან. მხარეს მიეცა გაფრთხილება, რომ 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოში წარედგინა ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც არ განახორციელა. შესაბამისად, მას დააკლდა 1.5 ქულა ახლობლის, ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების ნაწილში. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2021 წლის 23 მარტს აღნიშნულ მისამართზე კვლავ განხორციელდა მონიტორინგი. ადგილზე მისვლისას სააგენტოს თანამშრომლები გაესაუბრნენ კორპუსის თავმჯდომარეს - ლ.მ-ეს, რომელმაც განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია განმცხადებელი მეუღლესა და შვილთან ერთად წლებია ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება ბინის მესაკუთრეს დაზუსტებით ვერ თქვა, თუმცა მისი ვარაუდით იყო განმცხადებლის ოჯახის. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც გადაწყვიტა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე მოსარჩელის ოჯახისათვის უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მოცემულ ეტაპზე ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა 1998 წლიდან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (№19 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, მხარეს დააკლდა 1.5 ქულა ახლობლის, ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების ნაწილში, რადგან სააგენტოში არ იქნა წარდგენილი ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საერთოდ არ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მოსარჩელეს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნია და ის თავისუფლად, შეუზღუდავად და ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე (არ იხდის ქირას) ცხოვრობს ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში 1998 წლიდან. ვინაიდან მოსარჩელეს აქვს ფაქტობრივი საცხოვრებელი, რომლითაც წლებია სარგებლობს ქირის გარეშე, ამასთანავე, აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამასთან, საყურადღებოა, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მოსარჩელის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ბ.კ-ამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა განაცხადით, სადაც ოჯახის წევრებად მიუთითა - ნ.თ-ა (მეუღლე) და ი.კ-ა (შვილი), ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად - ქ. თბილისი, ..., ..., კორპ №12, ბინა №9. (ს.ფ. 54-55); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 2020 წლის 4 დეკემბრის ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს განესაზღვრა 9.5 ქულა, შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებლის ფინანსური პირობები -ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.0 ქულა; ბ.კ-ასა და ნ.თ-ასთან დაკავშირებით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2-2 ქულა; ბ.კ-ასა და ნ.თ-ასთან დაკავშირებით - ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი- 1.5-1.5 ქულა (ს.ფ. 48-49); გ) გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, (ვიზიტის თარიღი: 25.12.2020; მისამართი: ..., კორპ. №12, ბ. №9, სართ. №3) მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №12, ბინა №9, მოსარჩელის ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს 1998 წლიდან. განაცხადში მოსარჩელესთან ერთად მითითებულია მეუღლე და შვილი. ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობს 1998 წლიდან წარმოადგენს ნ.თ-ას დეიდაშვილის საკუთრებას, მაგრამ ვინაიდან ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, განმცხადებელს მიეცა გაფრთხილება 10 დღის ვადაში სააგენტოში წარედგინა ბინის მესაკუთრის დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 80-83); დ) დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2021 წლის 23 მარტს კვლავ განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №12, ბინა №9, სადაც სააგენტოს თანამშრომლები გაესაუბრნენ კორპუსის თავმჯდომარეს - ლ.მ-ეს, რომელმაც განმარტა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია განმცხადებელი მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ხოლო რაც შეეხება ბინის მესაკუთრეს, დაზუსტებით ვერ თქვა, თუმცა განმარტა, რომ მისი ვარაუდით წარმოადგენდა განმცხადებლის ოჯახის საკუთრებას (ს.ფ. 84); ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (სხდომის ოქმი №19) იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროების არ წარმოადგენდა 1998 წლიდან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო, შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების ნაწილში მინიჭებული 1.5 ქულა (ს.ფ. 42-47); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1435/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (სხდომის ოქმი №19), ბ.კ-ას (პ/ნ ...) (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 41); ზ) საქმეში წარმოდგენილ ი.ჭ-ას ნოტარიულად დამოწმებულ 2021 წლის 18 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ ბ.კ-ა არის მისი ნათესავი, კერძოდ, მისი დედის დეიდაშვილის მეუღლე. 1998 წელს, ლ.ბ-სგან შეისყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, კორპ. №12, ბინა №9, რომელიც არ აქვს დარეგისტრირებული, თუმცა უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი აქვს ტექბიუროს არქივში. ბინის ყიდვისას, 1998 წელს, ბ.კ-ას თხოვნით მას გადასცა აღნიშნული ბინა ცხოვრების უფლებით, რადგან იცოდა, რომ მათ საცხოვრებელი არ გააჩნდათ. იგი თავის ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს ასევე მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №.., მე-... კვ, კორპ №11, ბინა №10, რომელიც არის 45 კვ. მეტრი. მას წლების განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში, თუმცა უკვე საჭიროებს გაფართოებას, რადგან ყავს 2 შვილი. უფროსი ვაჟიშვილი აპირებს დაოჯახებას, რის გამოც მან თხოვა ბ.კ-ას გონივრულ ვადაში დაებრუნებინა მისი ბინა. ბ.კ-ას განმარტებით მას ქონდა მინიჭებული საკმაოდ მაღალი ქულები, რის გამოც 2021 წელს მიიღებდა საცხოვრებელ ბინას დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რის გამოც ითხოვა ნებართვა 2021 წლის ბოლომდე აღნიშნულ ბინაში ცხოვრების, რაზეც მას უარი არ უთქვამს, რადგან ესმის მათი მდგომარეობის. შესაბამისად, ბ.კ-ამ 2021 წლის ბოლომდე უნდა ჩააბაროს მას ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (ს.ფ. 99-100); თ) საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..., კორპ №12, ბინა №9, ეკუთვნის ი.ჭ-ას, სადაც უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება №..., დამოწმებული 1998 წლის 17 ნოემბერს (ს.ფ. 104-105); ი) საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობების თანახმად მოსარჩელე - ბ.კ-ა დაბადებულია … წლის … …ს, ხოლო მისი მეუღლე - ნ.თ-ა … წლის … …ს (ს.ფ. 68-69, 72-73);
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’, რომლის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით და ი.ჭ-ას ნოტარიულად დამოწმებული 2021 წლის 18 ოქტომბრის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ბინა, რომელშიც მოსარჩელე ცხოვრობს ოჯახთან ერთად 1998 წლიდან არ წარმოადგენს მის საკუთრებას და ამჟამად მესაკუთრე ითხოვს ბინის გამოთავისუფლებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ ერთი მხრივ, მოსარჩელისთვის უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა 1998 წლიდან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახს დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების ნაწილში მინიჭებული 1.5 ქულა.
აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გარა იმისა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი სხვის საკუთრებაში ცხოვრების მოტივით, ამასთან არ არსებობდა ,,ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების’’ ნაწილში მინიჭებული 1.5 ქულის დაკლების საფუძველი.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ დევნილები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში ქირის გარეშე, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარისი საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე