Facebook Twitter

№ბს-820(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 18 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ლ.ნ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 17 ივლისს ლ.ნ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის №896 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №5719 ბრძანებით ლ.ნ-ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) გამო. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისთვის ჯარიმის - 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხემ ასევე მოითხოვა ლ.ნ-სთვის პირგასამტეხლოს დაკისრება 8400 ლარის ოდენობით, რის საფუძვლადაც კონტრაქტის 7.4 პუნქტი და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითა.

ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ლ.ნ-ის (პ/ნ ...) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ...ოს ადმინისტრაციული ბლოკი, საკადასტრო კოდი: ... და ს.კ ...) სასარჩელო მოთხოვნის - 28 000 ლარის ფარგლებში) ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო ლ.ნ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, ...ოს ადმინისტრაციული ერთეული, ს.კ ...– 28 000 ლარის ფარგლებში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ლ.ნ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 28 840 ლარის გადახდა, საიდანაც 28 000 ლარი წარმოადგენს ჯარიმას, ხოლო 840 ლარი შემცირებულ პირგასამტეხლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ არ იყო გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატამ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ნ-ს მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათმულ დროსა და ვადაში, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის საფუძველზე, კონტრაქტის 7.3 ქვეპუნქტის საფუძველზე, იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. კონტრაქტის 7.4 პუნქტი კი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს 7.3 პუნქტში აღნიშნული თანხის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულებას ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (ბს-880-876(კ-17)). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების არსებობა, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რაც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპებს. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის მიერ ლ.ნ-სთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება არ წარმოადგენს განხილვის საგანს, რადგან მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის, თუმცა იმავდროულად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დამატებით გაზრდის თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს პირგასამტეხლოს სამართლებრივი დანიშნულების განსაზღვრებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე, გაფორმებული იყო კონტრაქტი. კასატორი მიუთითებს მოცემული კანონის 2.15 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტსა და მე-18 თავზე და აღნიშნავს, რომ მოცემული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, აანაზღაუროს პირგასამტეხლო 8400 ლარის ოდენობით.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხია სამინისტროს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან ის წარმოადგენს არა მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს, რამდენადაც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის - ლ.ნ-ს მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2018 წლის 17 ივლისის №116 კონტრაქტის 3.1. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ იყო ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე კონტრაქტის 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურის 2019 წლის 28 ნოემბრის ბრძანებით ლ.ნ-ე, „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ.ნ-ს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარეები სარგებლობენ სახელშეკრულებო თავისუფლებით, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მათი ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით დაადგინონ დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორის პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (იგივე ჯარიმა) დაკისრების წინაპირობა.

საკასაციო პალატა უსაფუძლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამორიცხვასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხარეთა შეთანხმებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში კი, კონტრაქტის 7.3 პუნქტით დადგენილია ჯარიმა, ხოლო 7.4 პუნქტი კი განსაზღვრავს 7.3 პუნქტით დადგენილ ვადაში გადახდის ვადის გადაცილებისთვის 0,2%-ის გადახდის ვალდებულებას. ამდენად, სამხედრო მოსამსახურესთან - ლ.ნ-სთან დადებული კონტრაქტი იმთავითვე ითვალისწინებდა პასუხისმგებლობის ფორმებს: ჯარიმას და პირგასამტეხლოს.

სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი - ჯარიმის 28 000 ლარის ოდენობის მოთხოვნის ნაწილში. პალატა მიუთითებს, რომ ლ.ნ-მ 2018 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა სამხედრო სამსახურში. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის მიხედვით, ლ.ნ-ს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები (26 დღე, 8 თვე, 0 წელი). მოპასუხეთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა ლ.ნ-ს პირადი პატაკის საფუძველზე, რადგან არ სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ.ნ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება, ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებდათ ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ემოქმედათ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, უპირობოდ არ ნიშნავს, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ლ.ნ-ს პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ჯარიმის (28 000 ლარი) სრულად დაკისრების პარალელურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დამატებით გაზრდის თაობაზე უსაფუძვლოა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრა - 840 ლარით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა