ბს-881 (კ-20) 07 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „ ს...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ ჯ...მა“ 23.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა შპს „ჯ...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13.04.2017წ. N258/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „ს...ის“ (როგორც შპს „ჯ...ის“ სამართალმემკვიდრის) მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2019წ. განჩინებით შპს „ჯ...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „ს...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2020წ. განჩინებით სს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ჯ...ი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, შესაბამისად, წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის სუბიექტს. ის აღჭურვილია და რეალიზებას ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვას. თავის მხრივ, იგი ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი. სააპელაციო სასამართლომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 31-ე და 35-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა/საჯაროდ გამოქვეყნება, ხოლო ავტორიზებულ პირთა მხრიდან კანონისმიერი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძირითადი ამოცანაა. საქმის მასალების მიხედვით, კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს ,,ჯ...ი’’ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.5 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე 4.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა დ ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს ,, მ...ს’’, შპს ,,ჯ...ს’’ და შპ ,, მო...ს’’, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფები-3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 09.10.2014წ. №571/9 გადაწყვეტილებით დადგინდა ახალი სატარიფო რეგულაცია. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, კომისიამ ცვლილება შეიტანა 30.06.2016წ. N446/19 გადაწყვეტილებით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 29.12.2016წ. №857/19 გადაწყვეტილებით 09.10.2014წ. №571/9 გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა. ავტორიზებულ პირთა მხრიდან საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა მოსარჩელეს დაევალა კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილებით დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრულ ტარიფს. ამდენად, კომისიამ უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. სააპელაციო პალატის მითითებით კომისიის 29.12.2016წ. №857/19 გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთათვის მოეთხოვა ამ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენება იყო მართებული და კანონშესაბამისი ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13.04.2017წ. გადაწყვეტილება აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში იყო კანონიერი. სააპელაციო პალატის მითითებით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის გათვალისწინებით, გასული იყო გაფრთხილების ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, აპელანტს არ ადგებოდა პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც თავის მხრივ საფუძველს აცლიდა იურიდიული ინტერესის არსებობას ზემოხსენებული აქტით დამდგარი შედეგისადმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა".
კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიის 29.12.2016წ. #857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით კომისიამ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურეობა გამოჰყო როგორც ბაზრის ცალკე სეგმენტი და ამავე გადაწყვეტილებით განახორციელა მისი დერეგულაცია, რამდენადაც გააუქმა რეგულირების დროებითი ტარიფი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირებს დაავალა კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი) და არა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი). კასატორის შეფასებით თუ კომისიამ რეგულაციის გაუქმების შედეგად საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურეობა გააერთიანა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის ერთ სეგმენტად, ერთი მხრივ, აღნიშნულის შესახებ მას უნდა ემსჯელა #857/19 გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორიზებული პირებისათვის დაევალებინა არა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტი) გამოქვეყნება, არამედ ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების გამოქვეყნება, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ი“ ვერ ივარაუდებდა, რომ კომისიამ განახორციელა ბაზრის ამ ორი დამოუკიდებელი სეგმენტის გაერთიანება და საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურეობაზე გაავრცელა ოპერატორების ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგენილი ზღვრული ტარიფი. მით უფრო იმ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ კომისიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა და ანალიზი, რომელიც მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის შესაბამისად, საშუალებას მისცემდა ბაზრის ამ ორი სეგმენტის გაერთიანების შემთხვევაში, ხელახლა ემსჯელა ავტორიზებული პირებისათვის დადგენილ სპეციფიკურ ვალდებულებებზე, მათ შორის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებებზე.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-4 და მე-5 თავებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რამდენადაც იგი მიღებულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ამ გადაწყვეტილებით კომისიამ ჯ...ს ფაქტობრივად საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებაზე ისე დაუდგინა ახალი ტარიფი (18.5 თეთრი), რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერვე 21.05.2010წ. მიღებულ #240/9 გადაწყვეტილებაში (რომლის მიხედვითაც, ზღვრული ტარიფი ურთიერთჩართვის მომსახურებაზე განსაზღვრულია 3.5 თეთრის ოდენობით, აქციზის და დღგ-ის ჩათვლით) არ შეუტანია ცვლილება.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო ზარების დასრულებამდე კომისიამ ტარიფი დაადგინა იმ პირობებში, როდესაც 29.12.2016წ. გადაწყვეტილებით თავად კომისიამ აღარ გააგრძელა საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე კომისიის მიერ დადგენილი რეგულაცია და პრაქტიკულად მოახდინა ბაზრის ამ სეგმენტის დერეგულაცია, რაც კასატორის მოსაზრებით, გულისხმობს ავტორიზებული პირებისათვის ამ სეგმენტზე საქმიანობის, მათ შორის, ტარიფების დაწესების თავისუფლების მინიჭებას.
კასატორი ასევე მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 22-ე, 29-ე, 35-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულირების დადგენა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 11.3 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ საქმე გადაწყვიტა საქმის ფატობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს "ჯ...ისათვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13.04.2017წ. #258/18 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს "ჯ...ი" არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის სუბიექტს. ამასთან, ის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის, კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვის რეალიზებასთან ერთად, ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.
საქმის მასალების მიხედვით, კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს ,,ჯ...ი’’ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 4.5 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე 4.5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს ,,მ...ს’’, შპს ,,ჯ...ს’’ და შპს ,,მო...ს’’, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფები-3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 09.10.2014წ. #571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დროებით დადგინდა ახალი სატარიფო რეგულაცია. ხსენებულ გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება, მათ შორის, კომისიის 30.06.2016წ. #446/19 გადაწყვეტილებით 09.10.2014წ. #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 29.12.2016წ. #857/19 გადაწყვეტილებით 09.10.2014წ. #571/9 გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ კომისიის 21.05.2010წ. #240/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრულ ტარიფს. უდავოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ 2014 წლის ახალი სატარიფო რეგულაციები დაადგინა დროებით, ხოლო 29.12.2016წ. უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რითაც აღდგა დროებითი ღონისძიების დადგენამდე არსებული რეგულაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 29.12.2016წ. N857/19 გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 21.05.2010წ. N240/9 გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ძალადაკარგული, წარმოადგენდა ძალაში მყოფ დოკუმენტს. დროებითი რეგულაციის მოქმედების შეწყვეტა გულისხმობდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთათვის მოეთხოვა იმ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით. საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა/საჯაროდ გამოქვეყნება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა სადავო აქტის მიღებისა და შესაბამისად შპს „ჯ...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების მიცემის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი ეთმობა არა სადავო აქტის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერებაზე მსჯელობას, არამედ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი დროებითი რეგულაციის გაუქმების კანონიერების შეფასებას, რაც სცილდება განსახილველი დავის საგანს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შპს „ჯ...ისათვის“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13.04.2017წ. N258/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2020წ. განჩინება;
3. სს „ს...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.05.2020წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი