Facebook Twitter

საქმე №ბს-838(კ-22) 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 11 სექტემბერს ლ.ც-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ის და მისი შვილები არიან ...დან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები, რომლებზეც გაცემულია დევნილის მოწმობები. მოსარჩელე აღნიშნავს, 2018 წლის 3 აგვისტოდან განქორწინდა კ.ლ-სთან. 2012 წლიდან მოსარჩელე და მისი შვილები: ე.ლ-ე (...), თ.ლ-ე (დაბ: ...), ბ.ლ-ე (...), მ.ლ-ე (დაბ: ...) და გ.ლ-ე (დაბ: ...) ფაქტობრივად ცხოვრობენ მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №..., ბინა ... ( ...ის შენობა). მისი ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია საკუთრება ან ფინანსური შესაძლებლობა უძრავი ქონების შესაძენად. ოჯახი შესულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიც. სახელმწიფოს მიერ არ მომხდარა მისი დაკმაყოფილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით ან სხვა სახის დახმარებით. ლ.ც-ა განმარტავს, რომ ჰყავს ხუთი შვილი, შესაბამისად, ოჯახს სჭირდება შედარებით დიდი ფართი ნორმალური საცხოვრებელი პირობებისათვის.

მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 21 ნოემბერს შეავსო განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 7 აგვისტოს №03-942/ო ბრძანებით ლ.ც-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, მათთვის გაუგებარია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არსებითად მცდარი ინფორმაციის მითითება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მონიტორინგის 10.06.2020წ. ოქმში აღნიშნულ ფაქტს ლ.ც-ას ...ის ქ. №...-ში არყოფნასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისი ზედა სართულის მეზობლის საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელესთვის ასევე გაუგებარია 2020 წლის 20 ივლისს მონიტორინგის სამსახურის მიერ მისი ოჯახის შესამოწმებლად ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მისვლის ფაქტი, რადგან ის არსად უთითებდა ზემოაღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრების თაობაზე. შესაბამისად, ოქმში ასახული ინფორმაცია, რომ არავინ იცნობდა მისთვის სავსებით ლოგიკურია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 20 ივლისს შვილებთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის კ.ლ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მდებარე: ქ.თბილისი, ... გასასვლელი №..., შენობა №..., რაც განპირობებული იყო პირადი ნივთების წამოღების მოტივით.

ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-942/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-942/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ლ.ც-ა შვილებთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის კუთვნილ ბინაში, მდებარე: ...ის გასასვლელი №.., შენობა №..., ფართი №..., არ ქმნიდა მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ფოტოსურათებზე, რომლითაც თითქოსდა დასტურდება მოსარჩელის ყოფილ მეუღლესთან კ.ლ-სთან ერთად ცხოვრობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1106-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ კ.ლ-სთან ერთად საერთო მეურნეობის ქონა არ დასტურდება, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია განქორწინების მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის ამონაწერზე, რომელიც მოიცავს 11.10.2016 წლიდან 02.09.2020 წლამდე პერიოდს და ადასტურებს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ში მცხოვრები №... აბონენტის მიერ სხვადასხვა რაოდენობით ელექტრო ენერგიის მოხმარების ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №..-ზე (...ის შენობა) მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად ასევე მიიჩნია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2020 წლის 11 სექტემბრის ამონაწერი და ჟ.ჯ-ის, ა.კ-ის და ს.მ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები (მონიტორინგის ფორმა).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ 3-ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ლ.ც-ასთან მიმართებით კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა ახსნილი, მიუხედავად მინიჭებული 7 ქულისა, რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება.

სააპელაციო სასამართლომ „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8 მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ლ.ც-ას ოჯახის შემადგენლობაში 5 არასრულწლოვანის არსებობის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვების საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ სადავოდ ქცეული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-942/ო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავდა მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სააგენტოს პრიორიტეტულობის პრინციპით გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს, თუმცა უნდა არსებობდეს ოჯახის განსახლების გადაუდებელი და აიცილებელი საჭიროება.

კასატორის განმარტებით, დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გამოკვლევა, სასწრაფოდ საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ლ.ც-ას უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არსებითად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული გარემოების გამორიცხვაც.

კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს თანამშრომლებს. 18.06.2020წ. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ადგილზე მისვლისას (...ის ქ. №...) დახვდათ ლ.ც-ა, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფართში 2012 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე. 2018 წლიდან განქორწინებულია კ.ლ-სთან, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გასასვლელი №.., შენობა №.., ფართი №... განმეორებითი ვიზიტისას, 2020 წლის 10 ივნისის მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ბინა დაკეტილი დახვდათ, რის შემდეგაც გასაუბრება მოხდა მეზობლებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ მისამართზე სივიწროვის გამო ლ.ც-ა არ ცხოვრობს, მხოლოდ ფართი აქვს მოკავებული. დამატებითი მოკვლევის ფარგლებში კი სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ლ.ც-ას ყოფილი ქმრის - კ.ლ-ის საკუთრებაში, მდებარე: ...ის გასასვლელი №..., შენობა №..., ფართი №.... 20.07.2020წ. მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, რომ თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ლ.ც-ა შვილებთან ერთად, რომელმაც განაცხადა რომ მივიდა კუთვნილი ნივთების წასაღებად.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ყოფილი მეუღლის კ.ლ-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სააგენტოს მიერ წარდგენილი ფოტომასალა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა ლ.ც-ა შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა მეუღლის - კ.ლ-ის საკუთრებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილი ფოტომასალით ბათილდება მოსარჩელის განმარტება, რომ ყოფილი მეუღლის სახლში მხოლოდ ნივთების წამოსაღებად იყო მისული. კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სასამართლოს მითითებას სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზის ამონაწერსა და მოწმეთა ჩვენებებზე, რამეთუ ეს პირები მოწმეთა სახით სასამართლო პროცესებზე არ დაკითხულან. კასატორი მიიჩნევს, რომ სოციალურ ბაზაში მითითებული ინფორმაციის უპირობოდ გაზიარების ვალდებულება სააგენტოს არ გააჩნია, რადგან კანონი ადგენს მონიტორინგის სამსახურის მიერ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის ვალდებულებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 53-ე მუხლსა და 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება წესის დარღვევით სხდომის ჩატარება ან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.

კასატორის მოსაზრებით ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ბავშვთა უფლებათა დაცვაზე, რადგან №320-ე ბრძანების დანართი 7-ით გათვალისწინებულია ქულის მინიჭება იმ ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები. კასატორი აცხადებს, რომ სააგენტოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დასტურდება არასრულწლოვანთა ინტერესების შელახვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-942/ო ბრძანების კანონიერება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ც-ა და მისი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილები. მოსარჩელე ლ.ც-ამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისთვის (შვილები: ე.ლ-ე, თ.ლ-ე, ბ.ლ-ე, მ.ლ-ე, გ.ლ-ე), როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

მოსარჩელე ლ.ც-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა (18 წლამდე ასაკის წევრები - 5 არასრულწლოვანი - 4 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო, ქულით - 3 ქულა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, მოსარჩელეს განემარტა, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, მოსაჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მოპასუხის განმარტებით, ლ.ც-ა შვილებთან ერთად ცხოვრობს ყოფილი მეუღლის - კ.ლ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, გასასვლელი ..., №.., შენობა №..., ბინა №...

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხს, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება „დევნილთა უზრუნველყოფის წესის თაობაზე“. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“. თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის შვილებთან ერთად მონიტორინგის განხორციელების დროს ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის ფაქტი არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას და არ ქმნიდა მოსარჩელესთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის უარის თქმის უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით ცალსახად არ დასტურდება ლ.ც-ას და კ.ლ-ის მიერ საერთო მეურნეობის გაწევის ფაქტი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული განქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ კ.ლ-ე და ლ.ც-ა განქორწინდნენ 2018 წლის 3 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმით დასტურდება, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ლ.ც-ასთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა დასაბუთებული, მიუხედავად მინიჭებული 7 ქულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ რატომ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება.

ამასთან, არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება ლ.ც-ას ყოფილი მეუღლის კ.ლ-ის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტს, ვინაიდან წლების განმავლობაში, მოსარჩელე დამოუკიდებლად ცხოვრობს შვილებთან ერთად და აწარმოებს შინამეურნეობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ლ.ც-ას ოჯახის შენადგენლობაში მითითებულია: ლ.ც-ა და მისი შვილები, ოჯახი შეფასებულია 1000 ქულით და ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქ. კორპ. ..., .... ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მეზობლები: ჟ.ჯ-ე, ა.კ-ე და ს.მ-ა ადასტურებენ, რომ ლ.ც-ა არის მარტოხელა დედა და ცხოვრობს თავის ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №.. (...ის შენობა).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებებს არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესების პირობებში, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება ლ.ც-ას ყოფილი მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების დამადასტურებლად მონიტორინგის თანამშრომლების მიერ გადაღებული ფოტომასალის უცილობლივ გათვალისწინების შესახებ. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ლ.ც-ას მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლიობაში შეფასდა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამის ნორმებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ლ.ც-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 5 არასრულწლოვანი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვების საუკეთესო ინტერესის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა