საქმე №ბს-658(კს-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ხ.ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების სრულად შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 13 ოქტომბერს ხ.ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 სექტემბრის №1314 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ხ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ.ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილების მოქმედების სრულად შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით ხ.ჯ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილების პირველი ნაწილის მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 29-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის საგანს და მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 სექტემბრის №1314 ბრძანების ბათილად ცნობა. იმ შემთხვევაში თუკი სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის წარმოებაში მიღებით, ავტომატურ რეჟიმში არ ხდება, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ჯარიმის ნაწილში უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რაც შეეხება დემონტაჟის ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 სექტემბრის №1314 ბრძანება წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს („საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. შესაბამისად, ასეთი აქტის მოქმედების შეჩერების კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს ამ აქტის გადაუდებელი აღსრულებით დაინტერესებული პირის კანონიერი უფლების დაცვის შეუძლებლობაზე ან არსებითი ზიანის მიყენების თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. მხარის მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მათ, ან შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ეჭვის დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე უფლების გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი. იმისათვის, რომ შეჩერდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება აუცილებელია, რომ არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს უნდა აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს გონივრულ ვარაუდს, რომ მისი განუხორციელებლობა ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი საბოლოოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებისა და გამოტანის პროცესზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, არ დასტურდება, რომ დასახელებული აქტის დემონტაჟის ნაწილში მოქმედების შეუჩერებლობით, მოსარჩელის უფლების რეალიზაცია მნიშვნელოვნად გართულდება და მის კანონიერ უფლებას და ინტერესს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, რაც შემდგომში შეუძლებელს გახდის მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას. წარმოდგენილ შუამდგომლობაში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ცხადად არ დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტის აღსრულება არსებით და შეუქცევად ზიანს აყენებს მოსარჩელეს და მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას შეუძლებელი გახდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღნიშნული გარემოებების დასაბუთება აუცილებელ პირობას წარმოადგენს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებისათვის. რაც შეეხება გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერებას, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის არსებითი განხილვის შედეგად და ამ ეტაპზე არ არსებობს აქტის უკანონობის მოტივით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ.ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა შეჩერდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილება დემონტაჟის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შენობა-ნაგებობა აშენებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ, ვინაიდან ამავე ნაკვეთში დგას ..., იძულებული გახდა მშენებლობა ნაწილობრივ ეწარმოებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამჟამად, ადმინისტრაციულ ორგანოში (მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია) წარდგენილი აქვს განცხადება, რომ ზემოაღნიშნული სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება. ის გარემოება, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დემონტაჟის შეჩერების ნაწილში უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს მას, ვინაიდან შენობა, რომლის დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს, წარმოადგენს მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს და შესაბამისად, დემონტაჟის შეუჩერებლობით მას გამოეცლება შესაძლებლობა ჰქონდეს თავშესაფარი. ამასთან, შესაძლებელია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, კი თუ არ მოხდება დემონტაჟის ნაწილში გასაჩივრებული აქტის შეჩერება და განხორციელდება შენობის დანგრევა, ფაქტობრივად ყოველგვარი აზრი დაეკარგება სარჩელის განხილვას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ.ჯ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ ნაწილით უზრუნველყოფილია ყოველი ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა, ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უფლების დაცვის რეპრესიულ, ასევე უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს. უფლების დაცვის წინასწარი საშუალების მთავარი მიზანი დაინტერესებული მხარისათვის იმგვარი შესაძლებლობის მიცემაა, რომლითაც მას საკუთარი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული წარმოების ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე შეეძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია.
განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან ადმინისტრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება მხარის შუამდგომლობის გარეშე - კანონისმიერად, რასაც განაპირობებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი - სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. მსგავსი სახის რეგულაციას შეიცავს ამავე კოდექსის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კეროდ, დასახელებული საკანონმდებო ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ყველა გამონაკლისი შემთხვევების არსებობა კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობით არის განპირობებული და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილებით ხ.ჯ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამავე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, საკადასტრო კოდი №...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ჯიპიეს კოორდინატები: ...; ... ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისათვის ხ.ჯ-ეს დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. იმავე დადგენილების მე-2 პუნქტით, ხ.ჯ-ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი (ს.ფ. 35-37).
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 სექტემბრის №1314 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხ.ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით ხ.ჯ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილების პირველი ნაწილის მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის ინტერესია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილების მოქმედების სრულად შეჩერება, შესაბამისად, ხ.ჯ-ის კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მოიცავს, რამდენად სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს სადავო დადგენილების მე-2 პუნქტის (უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი) მოქმედების შეჩერებაზე.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება, რათა მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ერთმანეთს უპირისპირდება მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესი და მხარის ინტერესი. ამავდროულად ცხადია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის კანონიერი ინტერესი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის შეზღუდვით იმ გონივრულ ფარგლებში, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე კანონი უბრუნებს პირს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის უფლება მშენებლობის განხორციელებაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტზე უფლების მოპოვების თვალსაზრისით ან სადავო აქტის გაუქმება პროცედურული მოსაზრებებით.
სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში, არ გამორიცხავს სადავო აქტის შეჩერების შესაძლებლობას სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უკეთუ მხარის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მას ან შეუძლებელს გახდის მისი უფლების ან ინტერესის დაცვას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შენობის დემონტაჟი მას მძიმე ვითარებაში ჩააყენებს, რადგან იგი ცხოვრობს აღნიშნულ შენობაში, რომელიც მისი ერთადერთი საცხოვრებელია და დემონტაჟის შეუჩერებლობით მას გამოეცლება შესაძლებლობა ჰქონდეს თავშესაფარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე აზრს დაკარგავს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განხილვა და სარჩელის დაკმაყოფილებისა და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში ვეღარ აღსრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვინაიდან აღარ იარსებებს სადავო ნაგებობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შემთხვევაში მოხდება სადავო ნაგებობის დემონტაჟი, რაც, თავისთავად, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს შექმნის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც სადავო აქტის გამოცემამდე არსებობდა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ხ.ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხ.ჯ-ის შუამდგომლობა;
3. ხ.ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
4. მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივლისის №001203 დადგენილების მე-2 პუნქტის მოქმედება, რომლითაც ხ.ჯ-ეს დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. აბუსერიძე