საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1177(კ-22) 7 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჯ.ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2020 წლის 11 სექტემბერს ჯ.ლ-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №1000714395 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ.ლ-ს მიმართა გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით ჯ.ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ლ-მ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.ლ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით კასატორის - ჯ.ლ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორს - ჯ.ლ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2022 წლის 27 ოქტომბერს ჯ.ლ-ს წარმომადგენელმა ვ.დ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით; კასატორს - ჯ.ლ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება გაეგზავნა ჯ.ლ-ს წარმომადგენელს ვ.დ-ს და ჩაბარდა კანონის დადგენილი წესით 2022 წლის 14 ნოემბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 15 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 21 ნოემბერს. მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მას არც ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებიდან გამომდინარე, ჯ.ლ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ჯ.ლ-ს საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ბ. სტურუა
თ. ოქროპირიძე