Facebook Twitter

№ბს-418(გ-22) 16 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - შპს „ე...“, ე. ფ-ე, შპს „...“

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 11 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: 1) შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 716 თავის შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობად და მისი განხილვა დადგინდა აღნიშნული თავით განსაზღვრული წესით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...“ (ს/ნ ...) ცნობილ იქნა გადასახადის გადამხდელის - შპს „ე...-ის“ (ს/ნ ...) ცრუმაგიერ პირად. შუამდგომლობა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაზე საჩივარი წარადგინეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, შპს „ე...“-მა და შპს „...მ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს „ე...“-ისა (ს/ნ ...) და შპს „...ს“ (ს/ნ ...) საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს ბრძანება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის, შპს „...სა“ და ე. ფ-ეის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს კონსტიტუციის 31.2 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 მუხლსა და 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით დაწესდა სპეციალური განსჯადობა ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე დავებთან დაკავშირებით - გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის - შპს „ე...-ის“, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №18. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163 მუხლის გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ე...-ის“, შპს „...სა“ და ე. ფ-ეის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეების) - შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს’’ მიმართ, ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, 2163 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1, მე-20 და 22-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარედ დასახელებულია სამი სუბიექტი, რომელთა მისამართებია: თერჯოლის რაიონი, სოფ. ..., ...-ე ქ. №... და ქ. თბილისი, ...ის ქ. №18. ამდენად, მართალია, იმ ეტაპზე საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა თავად აირჩია საქმის განმხილველი სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, განსჯადი სასამართლო გახდა ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რაც საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე მხარეთა მხრიდან სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 28 ივნისიდან შეიცვალა განსჯადობის წესი, განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს უნდა განეხილა და გადაეწყვიტა არსებითად. ამასთან, აღნიშნული დანაწესი არ შეიძლება შეიცვალოს მაშინაც კი, თუ საქმე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაბრუნებულია ხელახლა განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) - შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ მიმართ, ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ მიმართ, ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი). ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასაწყვეტია ტერიტორიული და არა საგნობრივი განსჯადობის საკითხი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 11 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 716 თავის შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობად და მისი განხილვა დადგინდა აღნიშნული თავით დადგენილი წესით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაყენებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე მოთხოვნით და მოპასუხეებად მითითებულია შპს „ე...“, ე. ფ-ე და შპს „...“.

დადგენილია, რომ მოპასუხეთა მისამართებია თერჯოლის რაიონი, სოფ. ..., ...-ე ქ., №... და ქ. თბილისი, ...ის ქ. №.... შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით - ზესტაფონის რაიონული სასამართლოსთვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, იმ ეტაპზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის გათვალისწინებით საქმე რამდენიმე სასამართლოს - ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა თავად აირჩია საქმის განმხილველი სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, განსჯადი სასამართლო გახდა ზესტაფონის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-9 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, თუმცა კანონმდებლობაში 2019 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების როგორც განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების, ასევე განსჯადობის წესები. ცვლილებების განხორციელებამდე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელთან დაკავშირებით განსჯადობის განსხვავებულ, სპეციალურ წესს. საგადასახადო კოდექსში 28.06.2019წ. №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (მე-3 ნაწ.). საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 28.06.2019წ. #4908-IIს საქართველოს კანონის (ამოქმედდა 04.07.2019წ.) პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. ახალი მოწესრიგებით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტისა და განსჯადობის სპეციალური, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებული წესი (2163 მუხ.), კერძოდ, დადგინდა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით განსჯადობის წესი, რის შედეგადაც დადგინდა სპეციალური განსჯადობა - გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წესს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 2019 წლის 28 ივნისიდან განხორცილებული ცვლილების ფარგლებში, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში კი 2018 წლის 11 ივნისს იქნა წარდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი (შუამდგომლობა), რაც ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-20 მუხლების საფუძველზე, განსჯადობის წესების დაცვით მიიღო წარმოებაში. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილი განსჯადობის სპეციალური წესისა, განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ე...“-ის, ე. ფ-ეისა და შპს „...ს“ მიმართ, ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

თ. ოქროპირიძე