საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-216(კ-20) 12 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე - ლ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 მარტს ლ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ,,ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD 7 20 00001956 ბრძანების ბათილად ცნობა, ,,ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD 2 20 00002130 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ლ. ხ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ, თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარგებლოდ სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლ. ხ-ი 2017 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ...ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის MOD 42000000044 ბრძანებით, 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, შედეგად - შემცირდა/გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის კატეგორია. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება მიღებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტის გამოცემამდე არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ვინაიდან ,,ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ბრძანება გამოიცა ,,რეორგანიზაციის შესახებ“ დაუსაბუთებელი ბრძანების საფუძველზე, ასევე დაუსაბუთებელი იყო ,,გათავისუფლების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაციის ფაქტის მითითება. მოსარჩელის განმარტებით, ,,ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD 2 20 00002130 ბრძანებით მოსარჩელე ვადაზე ადრე გამოიწვიეს სამუშაო მივლინებიდან. მოცემული ბრძანება, თავის მხრივ, იყო ,,გათავისუფლების შესახებ“ უკანონო ბრძანების თანმდევი სამართლებრივი შედეგი. გასაჩივრებული აქტები გამოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რის გამოც, სახეზე იყო მათი ბათილად გამოცხადების აბსოლუტური საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ლ. ხ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD72000001956 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ,,ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD22000002130 ბრძანება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ხ-ი აღდგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ...ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სამივლინებო ხარჯების (როტაციის დასრულების ვადამდე 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით) ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება და 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინება და 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 110-ე მუხლის პირველი პუნქტზე. პალატამ აგრეთვე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე და საქალაქო სასამართლოს მსგავსად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელი იყო საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია (102.1 მუხ.). კანონი ერთი მხრივ ჩამოთვლიდა რეორგანიზაციის სახეებს/ფორმებს და, მეორე მხრივ იმპერატიულად აწესებდა, რა მიზნების არსებობისას იყო დასაშვები მისი განხორციელება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, იმისათვის რომ რეორგანიზაცია შეფასებულიყო კანონიერად, არ იყო საკმარისი მხოლოდ საშტატო ერთეულის შემცირების/გაუქმების ფაქტი, არამედ, აუცილებელი იყო რეორგანიზაციის განხორციელების კანონით გათვალისწინებული მიზნების არსებობა - რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი. მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ინტერესების არსებობის დადასტურების შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო რეორგანიზაცია რომელი ფორმით განხორციელდა. თუ სახეზე არ იყო კანონით გათვალისწინებული მიზნები, ასეთ ვითარებაში რელევანტური აღარ იყო რეორგანიზაციის ფორმაზე საუბარი, რამდენადაც პირველ ეტაპზე უნდა დასაბუთებულიყო რეორგანიზაციის აუცილებლობა - საჯარო ინტერესი, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის განხორციელებისას იბოჭებოდა კანონით გათვალისწინებული წინაპირობებით და, შესაბამისად, მხოლოდ სათანადო კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეეძლო განეხორციელებინა რეორგანიზაცია. პალატის მითითებით, სასამართლომ შეაფასა არა რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხი, არამედ ის, თუ რამდენად იყო დაცული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები რეორგანიზაციის განხორციელებისას. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომელიც ადგენდა აქტის დასაბუთების სტანდარტს. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა ჰქონდა, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 20 იანვრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №MOD42000000044 დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, ბრძანების გამოცემისას არ მოხდა გარემოებების არსებითი შესწავლა. პალატის მოსაზრებით, ბრძანება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვერ აკმაყოფილებდა ვერც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებს და ვერც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას რეორგანიზაციის წესსა და მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. რეორგანიზაციის აქტი გამოიცა 2020 წლის 20 იანვარს, რომელიც არ შეიცავდა არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ დასაბუთებას. სამინისტროს ზოგადი მითითება - თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის 2020 წლის 1 მაისის №392740 და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 21 აგვისტოს №7359659 წერილებზე, როგორც რეორგანიზაციის მოტივებზე, არ აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ აქტის დასაბუთების სტანდარტს. პალატამ გაიზიარა აპელირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე №ბს-464- 464(კ-18)), სადაც განმარტებული იყო, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებდა საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავდა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პალატამ მიიჩნია, რომ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, კონკრეტულად რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა რეორგანიზაცია და ატაშეს თანაშემწის შტატის გაუქმება 2020 წლის 20 იანვრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის MOD2000000044 ბრძანებით, მაშინ როდესაც აღნიშნულ ფაქტს ერთი კვირით წინ უსწრებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედება უნდა იყოს თანმიმდევრული, ობიექტური და გამჭვირვალე, რათა მხარეს გაუჩნდეს მუდმივობის და კანონიერების განცდა. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადმინისტრაციული წარმოების დროს. რეორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებულის სადამსჯელო ღონისძიება, არ უნდა იწვევდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების სრულ უგულებელყოფას. პალატამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო მოხელე დაუყოვნებლივ აღედგინა იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავის თავში გულისხმობდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართებულად დაევალა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ. ხ-ი აღდგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ...ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლეოდა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტს, კანონმდებელმა მიუთითა, რომ მოხელეს აუნაზღაურდებოდა სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
რაც შეეხება მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უშუალო ადრესატს წარმოადგენდა მოსარჩელე ლ. ხ-ი, ხოლო სამართლებრივი მოწესრიგების საგანს წარმოადგენდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის განაცდური ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება. საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი და ცალსახად არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები. რაც შეეხება რეორგანიზაციის ბრძანების გაუსაჩივრებლობას, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბრძანებით განისაზღვრა, რომ 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელებულიყო რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის ბრძანების ადრესატს არ წარმოადგენდა მოსარჩელე. ამასთან, რეორგანიზაციის ბრძანება იყო ზოგადი ხასიათის და არა იმპერატიული სახით ჩამოყალიბებული და შეუძლებელი იყო იგი შეფასებულიყო, როგორც მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ინდივიდუალური ზიანის მიმყენებელი. რეორგანიზაციის აქტს არ გამოუწვევია მოსარჩელის კანონიერი უფლების ან კანონიერი ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება და უფლების უკანონო შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ იმსჯელა თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №4 20 00000044 ბრძანების კანონიერებისა და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე. სასამართლოს განმარტებით, თავდაცვის მინისტრის №4 20 00000044 ბრძანება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული სადავოდ გამხდარი აქტები ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №4 20 00000044 ბრძანება რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ სადავო არაა. ამდენად, სასამართლოს მიერ მითითებული აქტი უნდა შეფასებულიყო, როგორც მტკიცებულება და დადგენილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობა. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №4 20 00000044 ბრძანების კანონიერებაზე და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე, რამეთუ ასეთი მოთხოვნით სარჩელი აღძრული არ ყოფილა. მეტიც, სასამართლომ არ გამიჯნა, სარჩელის მოთხოვნის ობიექტი, საგანი მისი ფაქტობრივი საფუძვლებისგან, რის გამოც იმსჯელა არა დავის საგნის, არამედ სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დავა უნდა გადაეწყვიტა სარჩელის ფარგლებში მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, დავის საგანს, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2014 წლის განჩინება №ბს-298-29 5(კ-14) საქმეზე და 22.12.2015 წლის განჩინება №ბს-497-490(კ-15) საქმეზე). სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებების კანონიერება როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კუთხით და არ უნდა გასცდენოდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ, უნდა გამოერკვია: 1) ფორმალური კუთხით - სადავო 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებები იყო თუ არა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გამოცემული, მათი გამოცემის დროს იყო თუ არა დაცული ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები: წარმოების ფორმა, წარმოების დაწყების საფუძვლები, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების აკრძალვა და ა.შ; 2) მატერიალური კუთხით - სადავო 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იყო თუ არა კანონიერების პრინციპი, უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება, თანაზომიერების და კონკრეტულობის პრინციპი და ა.შ. თუმცა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სადავო აქტების მიმართ აღნიშნულს არ მოიცავს და განჩინებაში საუბარია მხოლოდ 2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანების კანონიერებასა და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე მაშინ, როდესაც ეს აქტი სადავო არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია თითქოს სამინისტროს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაცია. თავდაცვის სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ეფუძნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებს და ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას. პარალელურად ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარეობს თავდაცვის მიმოხილვის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება. ორივე ხაზით მუშაობის პროცესში მხარეთა ერთ-ერთ სადისკუსიო მიმართულებას წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატის რაციონალური, ეფექტიანი და შედეგებზე გათვლილი სტრუქტურისა და ორგანიზაციის ჩამოყალიბება. შეხვედრების და დისკუსიების შედეგად შეჯერებულ იქნა თავდაცვის ატაშატის პოლიტიკა, შემუშავებულ იქნა ოპტიმალური და ეფექტური სტრუქტურა და განისაზღვრა სტრუქტურული განვითარების გეგმა. ერთ-ერთ ასპექტს რაციონალიზაციისა და სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატებში ატაშეს თანაშემწის (სამოქალაქო საშტატო ერთეულის) გაუქმება, რათა თავდაცვის ატაშეების აპარატების საქმიანობის ეფექტიანი, ხოლო თავდაცვის ატაშატების აპარატების საშტატო კატეგორიების ერთიან სტანდარტში მოქცევის მიზნით გათვალისწინებული ყოფილიყო მსოფლიოში არსებული პატარა ქვეყნების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს დიპლომატიური სამსახურების მოწყობის სტანდარტი. გარდა აღნიშნულისა, თავდაცვის სფეროში ქვეყნებს (თავდაცვის სამინისტროებს) შორის ურთიერთობების დარეგულირების და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს სტრატეგიული ინტერესების მქონე ქვეყნებში თავდაცვის ატაშეს აპარატის ინსტიტუტის არსებობა, ხოლო ფუნქციური დანიშნულება თავდაცვის ატაშეს მიერ დაკისრებული ფუნქციის შესრულების ხელშეწყობაში მდგომარეობს და ამ კუთხით განსაკუთრებულად მოითხოვს სამხედრო საქმის ცოდნას. ასევე ქვეყნებს შორის სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, კონფერენციებში ჩართულობასა და მონაწილეობას. საშტატო ერთეულების რაოდენობა კი დამოკიდებულია როგორც თავდაცვის სფეროში შესაბამის ქვეყანასთან (თავდაცვის სამინისტროებს) ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, მოცულობაზე, პირდაპირი კომუნიკაციის არსებულ მექანიზმზე, ასევე - საბიუჯეტო ასიგნებებზე. ყოველივე ზემო აღნიშნული კი წარმოადგენდა საფუძველს, რომ თავდაცვის სამინისტროში მითითებული მიმართულებით განხორციელებულიყო რეორგანიზაცია. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან დაიწყო თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის და მის საშტატო სტრუქტურაში შემავალი თავდაცვის ატაშეს აპარატების რეფორმირების პროცესი, კერძოდ: 1. თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 21 იანვრის №47 ბრძანებით თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის საშტატო თანამდებობა გადაკეთდა სამხედრო თანამდებობად, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა ამ ქვედანაყოფის ყოფილი უფროსი (სამოქალაქო პირი), ხოლო უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე; ...ში, აგრეთვე ...ში თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო განრიგში, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება - შეიკვეცა თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა. საბიუჯეტო თანხების ოპტიმალურად და რაციონალურად გადანაწილების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეების რესურსების საკმარისობის ფაქტორის და თავდაცვის ატაშატების გასამხედროების მიდგომის გათვალისწინებით, გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საშტატო სამოქალაქო თანამდებობები. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის შედეგად, თავდაცვის ატაშეების აპარატების საქმიანობის ეფექტიანი, ხოლო, მეორე, მხრივ თავდაცვის ატაშეების აპარატების საშტატო კატეგორიების ერთიან სტანდარტში მოქცევის მიზნით, თავდაცვის ატაშეს აპარატის ყველა სამოქალაქო საშტატო თანამდებობა ჩამოყალიბდა სამხედრო თანამდებობების სახით, რითაც მიღწეულ იქნა დაგეგმილი რეფორმის მიზანი. ამდენად, სასამართლოს არგუმენტაცია, რომ სამინისტროს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №4 20 00000044 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაცია, საფუძველს მოკლებულია. უფრო მეტიც, სასამართლო უსაფუძვლოდ შევიდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხილვის ფარგლებში და განიხილა რეორგანიზაციის მიზანშეწონილობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება. ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. საკადრო ოპტიმიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო მიზანშეწონილობის პირობებში მოქმედებს. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში და საჯარო მმართველობის განმახორციელებელ სუბიექტს თავად განუსაზღვროს თანამდებობათა არსებობა-არარსებობის საჭიროება, ვინაიდან საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. ამდენად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება/გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას (უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინება (საქმე ბს-1102-1096(კ-17)) და 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე ბს-179(2კ-19)). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტრო დაავალდებულა მოსარჩელე აღადგინოს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ საშტატო ერთეულზე მაშინ, როდესაც არც რეორგანიზაციის (2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანება) და არც ახალი საშტატო ერთეულების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 13 თებერვლის №7 20 00000155 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ყველა თანამდებობა, მათ შორის ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა, გაუქმებული არ არის და დღემდე ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. მნიშვნელოვანია ის არგუმენტიც, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მეტი დასაბუთებულობისთვის მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-464-464(კ-18) განჩინებაზე და რატომღაც გვერდს უვლის თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებას (საქმებს-1102-1096(კ-17)) და 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებას (საქმე ბს-179(2კ-19)), რომლებიც თითქმის იდენტურ დავებზეა მიღებული.
კასატორის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. ხ-ი 2020 წლის 20 იანვრის №53977 წერილით გაფრთხილებულ იქნა 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ლ. ხ-ს 2020 წლის 20 იანვარს სამსახურებრივ მეილზე გადაეგზავნა მითითებული შეტყობინება, სადაც განემარტა, რომ გაცნობოდა გაფრთხილებას და ჩაბარების დასტური ხელმოწერისა და თარიღის მითითებით გადაეგზავნა თავდაცვის სამინისტროში (აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა შესაბამისი ოქმი №1 21.01.2020 წ.). თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანების გამოცემის დღიდან თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №1956 და 2020 წლის 26 თებერვლის №2130 ბრძანებების გამოცემის დღის ჩათვლით მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის შედეგად იმ შტატის შემცირების ფაქტი, რომელზეც იყო დანიშნული. ლ. ხ-ის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, 2020 წლის 22 იანვრის №65104 წერილით რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროს და ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ...ში ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა, კომპეტენციათა გათვალისწინებით არ მოიპოვებოდა და ბიუროს ეთხოვა საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თანამდებობების რანგის, კატეგორიისა და სამუშაო აღწერების მიხედვით, რათა სამინისტროს განეხორციელებინა გარე მობილობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. 2020 წლის 30 იანვრის №1771 წერილით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შესახებ, თუმცა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მითითებულმა სამინისტრომ უარი განაცხადა ლ. ხ-ის გარე მობილობით თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან პროტოკოლის სამმართველოს მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული იყო კონკურსი და იმ დროისათვის მიმდინარეობდა უკვე კონკურსის მეორე ეტაპი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 თებერვლის №190182 წერილით საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების. კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უარი განაცხადა გარე მობილობის დაკმაყოფილების თაობაზე და გამოხატა მზადყოფნა, ლ. ხ-ის თანხმობის შემთხვევაში, მისი პირადი განცხადების საფუძველზე ჩაერიცხა მოხელეთა რეზერვში 2020 წლის 12 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის №2523 ბრძანებით ლ. ხ-ი, მისი თანხმობის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით, პირადი განცხადების საფუძველზე, ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის №1956 ბრძანებით ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შესაბამისად, „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-2 და 21 პუნქტების თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის და გამოწვევის თაობაზე ლ. ხ-ს მიეცა 20 (ოცი) დღიანი ვადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით მას 2020 წლის 11 მარტიდან შეუწყდა სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. ამდენად, სამინისტროს მიერ დაცული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურები - კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი, რაც გახდა მოსარჩელის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და საკუთარი განაცხადის საფუძველზე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელის მიმართ განახორციელა ყველა ის სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოყვეს რეორგანიზაციის შედეგად არსებული შტატის გაუქმებას, რომელზეც მოხელე იყო დასაქმებული.
მოსარჩელის თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით შექმნილი სამართლებრივი შედეგი ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, კერძოდ, ხსენებულ დავაში მოსარჩელის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო უთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, თუმცა სასამართლო მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ არა მხოლოდ თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში, არამედ მთელ სამინისტროს სისტემაში ფაქტობრივად აღარ არსებობს მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, აგრეთვე, მისი ტოლფასი თანამდებობა როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე ფაქტობრივად. უფრო მეტიც, მობილობა მოსარჩელის მიმართ ერთხელ უკვე განხორციელებულია და ტოლფასი თანამდებობის არარსებობის გამო, მისივე განცხადებით ჩარიცხულია რეზერვში.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას სამივლინებო თანხების ნაწილში, რადგან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 34-ე პუნქტის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაუშვებლობის კუთხით, ასევე დაუსაბუთებელია, რადგან როგორც თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის 4 20 00000044 ბრძანება, ისე თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის № 7 20 00000155 ბრძანება პირდაპირ და უშუალო შემხებლობაშია მოსარჩელესთან, თუმცა არც ერთი აქტი მის მიერ გასაჩივრებული არაა და დღემდე იურიდიული ძალის მქონეა.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ თითქოს რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ მოსარჩელე ლ. ხ-ის საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული. თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 21 იანვრის №47 ბრძანებით თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის საშტატო თანამდებობა გადაკეთდა სამხედრო თანამდებობად, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა ამ ქვედანაყოფის ყოფილი უფროსი (სამოქალაქო პირი), ხოლო უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე; ამასთან, ...ში, აგრეთვე ...ში თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო განრიგში, თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 თებერვლის №155 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება - შეიკვეცა თავდაცვის ატაშეს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა და თავდაცვის ატაშატების გასამხედროების მიდგომის გათვალისწინებით, გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის საშტატო სამოქალაქო თანამდებობები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემის ნაწილში, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტი - მოსარჩელის საშტატო ერთეულის თითქოს და საჭიროების არსებობის თაობაზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემა განპირობებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაამტკიცოს პროფესიული საჯარო მოხელისთვის განკუთვნილი თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საშტატო ერთეული (საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა) თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 იანვრის №2 ბრძანების გამოცემის დროს არსებობდა, თავდაცვის მინისტრი მოქმედებდა ზემოთ მითითებული კანონისმიერი ვალდებულების შესრულების მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურ რეჟიმში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა განსახორციელებელი რეორგანიზაციისათვის სათანადო მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა. მეტი დამაჯერებლობისათვის, როგორც ზემოთაც აღინიშნა, არსებობს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის №oMO7 20 00000155 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა თავდაცვის ატაშეს თანაშემწის ყველა თანამდებობა, მათ შორის ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ საკასაციო შესაგებლით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს არათუ არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, არამედ სასამართლომ სრულფასოვანი და კვალიფიციური სასამართლო კონტროლის განხორციელების შედეგად დაადგინა ზედმიწევნით სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება ამომწურავად არის დასაბუთებული. სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და სადავო აქტს. მხარის მოსაზრებით, სახეზე იყო სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული სადავო აქტების ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძვლები. თავდაცვის სამინისტროს კასაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთ წანამძღვარს, შესაბამისად, არ არსებობდა მის განსახილველად დაშვების პროცესუალური საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №420 00000044 ბრძანების კანონიერებასა და მისი გამოცემის მიზანშეწონილობაზე, რამეთუ ასეთი მოთხოვნით სარჩელი აღძრული არ ყოფილა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლიდა რეორგანიზაციის ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობას. დავის საგანს წარმოადგენდა „ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა, ამდენად, სასამართლომ რეორგანიზაციის აქტზე იმსჯელა, როგორც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რაც აუცილებელი იყო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტისთვის.
მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის თავდაცვის მიმოხილვის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესი ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა წერილობით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებისგან. განსახილველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის NMOD 420 00000044 ბრძანება, წარმოადგენდა წერილობით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუმცა ბრძანების შინაარსის ზოგადი გაცნობაც ცხადყოფდა, რომ იგი არ შეიცავდა ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც დაადასტურებდა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობას, რეორგანიზაციის საჯარო მიზნებსა და ინტერესებს. რეორგანიზიაციის კანონიერ მიზნად და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებად ვერ მიიჩნეოდა ის გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა მითითებული რეორგანზიაციის ბრძანებაში.
ლ. ხ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია რეორგანიზაციის მიზანშეწონილობაზე, არამედ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რეორგანიზაციის კანონით განსაზღვრულ წესსა და იმ საკანონმდებლო სტანდარტზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის განხორციელებისას, სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული წინაპირობები თუ რა დროს არის შესაძლებელი რეორგანიზაცია, კერძოდ, როდესაც არსებობს: 1. საჯარო-სამსახურებრივი ინტერესი 2. ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი. შესაბამისად, სასამართლო არ შეჭრილა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაში. სასამართლომ არა თუ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის საშტატო ერთეულის საჭიროების არსებობა, არამედ, ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროს არასტაბილურ, არათანმიმდევრულ მმართველობით ღონისძიებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის №71700003813 ბრძანებით ლ. ხ-ი დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ...ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე 12 (თორმეტი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №91800001096 ბრძანებით ლ. ხ-ი როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ იქნა ...ში, ქ. ...ში 3 წლის ვადით, 2018 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით. მოსარჩელე ლ. ხ-ი 2018 წლის 18 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №41800004278 ბრძანებით 2018 წლის 16 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახურის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე ...ში და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა 1200 ევრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №42000000044 ბრძანებით 2020 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 იანვრის №72000053977 აქტით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლ. ხ-ი გააფრთხილა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების გამო, 2020 წლის 20 თებერვლიდან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის MOD 91900000762 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით, ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. ,,ლ. ხ-ის დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD 7 20 00001956 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის IV რანგის, II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, თავდაცვის ატაშეს თანაშემწე ...ში ლ. ხ-ი 2020 წლის 20 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე ლ. ხ-ს მიეცა 20-დღიანი ვადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანებით როტაციის წესით შეუწყდა სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე, 2020 წლის 11 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით ლ. ხ-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2 წლის ვადით, 2020 წლის 12 მარტიდან 2022 წლის 12 მარტის ჩათვლით, ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში და მიეცა 3 თვის თანამდებობრივი სარგო.
წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს ,,ლ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის MOD 7 20 00001956 ბრძანებისა და ,,ლ. ხ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის MOD 2 20 00002130 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა დასახელებული კანონის მოქმედება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. სადავო აქტებში ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 110-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაციის გამო მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების ფაქტი რეორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ...ში შედგებოდა ორი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე და მეოთხე რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თავდაცვის ატაშეს თანაშემწე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის MOD72000000155 ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის MOD 91900000762 ბრძანებაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი. განახლებული საშტატო ნუსხის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის თავდაცვის ატაშეს აპარატი ...ში შედგებოდა ერთი საშტატო ერთეულისაგან - თავდაცვის ატაშე. ამასთან, ხსენებულ თანამდებობაზე საშტატო კატეგორიად მიეთითა „ბრიგადის გენერალი“. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა. საგულისხმოა, რომ არც თავად მოსარჩელე და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ლ. ხ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები მობილობის განსახორციელებლად, თუმცა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა ვერ იქნა მოძიებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ ვერ გააქარწყლა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ სახეზე იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის განხორციელებისას იბოჭება კანონით გათვალისწინებული წინაპირობებით და, შესაბამისად, მხოლოდ სათანადო კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს რეორგანიზაცია. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ შეაფასა არა რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხი, არამედ ის თუ რამდენად იყო დაცული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები რეორგანიზაციის განხორციელებისას, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა სადავო განჩინებაში ვერ ასაბუთებს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი მოთხოვნა იქნა დარღვეული თავდაცვის სამინისტროს მიერ. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად ექცეოდა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეორგანიზაციის დეფინიციაში, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი შტატების შემცირებას, მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის შექმნას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხების შეფასება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული წარმოების გამართვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთებულობის საკითხებზე, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად კანონმდებლობის რომელ მოთხოვნათა უგულებელყოფით იქნა გამოცემული სადავო აქტები. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ შეუდარებია რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხები მათი იდენტურობის ან ფუნქციური თავსებადობის თვალსაზრისით.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, კონკრეტულად რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა რეორგანიზაცია და ატაშეს თანაშემწის სამოქალაქო შტატის გაუქმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). ამდენად, სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის ჩატარების პირობებში სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმების ან დამატების საჭიროებაზე, არამედ ამ პროცესში სასამართლო ამოწმებს აქვს თუ არა ადგილი საშტატო ერთეულების მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას და მოხელის გათავისუფლების მოტივით ორგანოს მიერ ხელოვნური პროცედურების განხორციელებას, მოხელეთა თანასწორუფლებიანობის შეზღუდვას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხების დარღვევას და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას.
სადავო განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარეობდა რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც მოიცავდა თავდაცვის ატაშატის რაციონალური, ეფექტიანი და შედეგებზე გათვლილი სტრუქტურისა და ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. დისკუსიების შედეგად შეჯერებულ იქნა თავდაცვის ატაშატის პოლიტიკა, შემუშავებულ იქნა ოპტიმალური და ეფექტური სტრუქტურა და განისაზღვრა სტრუქტურული განვითარების გეგმა. ერთ-ერთ ასპექტს, რაციონალიზაციისა და სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, წარმოადგენდა თავდაცვის ატაშატებში ატაშეს თანაშემწის (სამოქალაქო საშტატო ერთეულის) გაუქმება. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის კანონიერად შესაფასებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ საშტატო ერთეულის შემცირების/გაუქმების ფაქტი, არამედ აუცილებელია რეორგანიზაციის განხორციელების კანონით გათვალისწინებული მიზნების არსებობა - რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი, თუმცა პალატა ვერ მიუთითებს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე კონკრეტულად კიდევ რა სახის მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა ადმინისტრაციულ ორგანოს რეორგანიზაციის საჯარო სამსახურებრივი ინტერესი ან/და სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზანი. ამ კუთხით სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი დებულებების მითითებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის სამოქალაქო თანამდებობები, ხოლო თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე განისაზღვრა საშტატო კატეგორია - „ბრიგადის გენერალი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხიც სააპელაციო პალატის მსჯელობის მიღმა დარჩა. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით (რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო პალატის სადავო განჩინებით) თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ხ-ი აღდგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის IV რანგის, II კატეგორიის უმცროს სპეციალისტად, ...ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობაზე. ამავე დროს, ქვედა ინსტანციის სასამართლოები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მითითებული საშტატო ერთეული (ან/და ფუნქციონალური დატვირთვით მისი ტოლფასი საშტატო ერთეული) აღარ არსებობს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვისაც, გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოცემული ეტაპისთვის გასულია მოსარჩელის მივლინების ვადა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ 2020 წლის 20 იანვრის № 4 20 00000044 ბრძანებაზე მსჯელობისას სასამართლო გასცდა დავის საგანს. პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც დავის საგანს რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია თუ არა რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ აქტი, სასამართლო მოკლებული არ არის შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯელობა უნდა შეეხოს არა მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ კანონიერების საკითხებს. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის კონკრეტულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, შეაფასოს როგორც ძველი, ისე ახალი საშტატო ნუსხა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი საშტატო ერთეულის არსებობის საკითხი და აღნიშნულის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მსჯელობებზე მითითებით, არ არსებობდა სარჩელის დაუშვებლად ცნობის კანონისმიერი წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია,რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში) გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა